Facebook Twitter

ას-43-396-07 7 მაისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ლ. გ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. გ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. გ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ თვითნებურად დაკავებული მის ნაკვეთთან მისასვლელი გზის განთავისუფლება, ჭიშკრის აღება და ზიანის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ვანის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ. გ-ს დაევალა, არ დაუშვას ზ.გ-ის მიერ საერთო გზის სარგებლობაში ხელის შეშლა, გადაიტანოს ეზოში შესასვლელი ჭიშკარი და გაათავისუფლოს გზა. ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. გ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. საქმე განხილულ იქნა არა ერთი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, რაც გაასაჩივრა ლ.გ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ლ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ 2005 წლის 20 სექტემბრის სანოტარო აქტით დაადგინა, რომ ნ. გ-ს, როგორც რწმუნებულს, უფლება ჰქონდა 2008 წლის 20 სექტემბრამდე დაეცვა მარწმუნებელ ლ. გ-ის ინტერესები ყველა ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ უწყება სასამართლო სხდომის 2006 წლის 17 ოქტომბრისათვის დანიშვნის თაობაზე ლ. გ-ის წარმომადგენელ ნ. გ-ს პირადად ჩაბარდა 2006 წლის 4 ოქტომბერს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და ეცნობა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებზე. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლზე და ჩათვალა, რომ აპელანტს ნ.გ-ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სააპელაციო პალატისათვის არ უცნობებია და არც ახალ წარმომადგენელ ნ. ფ-ის რწმუნებულება არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის მიხედვით, ლ.გ-ის წარმომადგენელ ნ.გ-სათვის სასამართლო უწყების ჩაბარება ითვლება მხარისათვის უწყების კანონის დაცვით ჩაბარებად და განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებანი არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. გ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა უცვლელი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილ იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, სასამართლო უწყება საქმის განხილვის დროის შესახებ ლ.გ-ს დროულად არ ჩაბარებია, ამდენად, იგი სხდომაზე გამოცხადების შესაძლებლობას მოკლებული იყო. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ უწყება ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელ ნ.გ-ს, რაც პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის საკმარის საფუძვლად ჩათვალა. ნ.გ-მა დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი, როდესაც სადავო უწყების მიღების შესახებ თავის ყოფილ მარწმუნებელს არ აცნობა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოში ლ. გ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2006 წლის 17 ოქტომბერს. აღნიშნულის შესახებ სასამართლო უწყებები გაეგზავნათ როგორც მხარეებს, ისე ლ.გ-ის წარმომადგენელ ნ. გ-ს, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დასტურდება საქმის მასალებში არსებული რწმუნებულებით. აღნიშნული რწმუნებულება გაცემულია 2005 წლის 20 სექტემბერს და ძალაშია 2008 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. მისი გაუქმების შესახებ არც ლ.გ-ს და არც ნ.გ-ს სასამართლოსათვის არ უცნობებიათ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება, კერძოდ, მითითებული ნორმის მიხედვით, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

უსაფუძვლოა კასატორის არგუმენტი, რომ იგი 2006 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე კანონით დადგენილი წესით მიწვეული არ ყოფილა, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მითითებული ნორმა ითვალისწინებს რა სასამართლო უწყების როგორც მხარისათვის, ისე მისი წარმომადგენლისათვის გაგზავნის აუცილებლობას, უწყებას მხარისათვის ჩაბარებულად მიიჩნევს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ჩაბარდა მხოლოდ წარმომადგენელს. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო უწყება ჩაბარდა ლ.გ-ის რწმუნებულ ნ. გ-ს, რაც, კანონის ზემოხსენებული დანაწესის მიხედვით, უწყების მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.

დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, რომ 2006 წლის სექტემბრიდან ნ.გ-ი მის ინტერესებს აღარ წარმოადგენდა და მან სხვა ადვოკატი აიყვანა, ვინაიდან ლ.გ-ს სასამართლოსათვის არც ნ.გ-სათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ უცნობებია და არც ახალი წარმომადგენლისათვის გაფორმებული რწმუნებულება არ წარმოუდგენია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლით, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაუქმების შემთხვევაში მხარე ვალდებულია მითითებული გარემოება დროულად აცნობოს როგორც თავის წარმომადგენელს, ისე სასამართლოს, რაც ლ.გ-ს არ შეუსრულებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 29 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.