¹ას-4-343-09 4 ივნისი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ. დ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. უ-ძე, ვ. ხ-შვილი (მოპასუხეები)
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინბის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. დ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს თ. უ-ძისა და ვ. ხ-შვილის მიმართ და აღნიშნა, რომ ქ.ბათუმში, ... ქ. ¹16-ში 1990 წლიდან საკუთრებაში გააჩნია მთლიანი სახლმფლობელობის 1/12 ნაწილი, რომელიც მდებარეობს 910 კვ.მ საერთო სარგებლობის ეზოში. ამავე მისამართზე თ.უ-ძეს გააჩნია 2003 წლის 1 დეკემბრიდან უძრავი ქონება ლიტერ „ა“, ორსართულიანი სახლი 111,88 კვ.მ სასარგებლო ფართით, რომლის დაზუსტებული ფართია 302 კვ.მ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სარჩელი, რომლითაც თ. გ-ორისა და თ. უ-ძეს შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ო.გ-ორის საკუთრებად მიეთითა საერთო საკუთრების 910 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ასევე საჯარო რეესტრს დაევალა თ. ა-ის, ა.უ-ძის, ჟ.ხ-აზისა და გ.დ-ძის საერთო საკუთრებად მიეთითოს 910 კვ.მ ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე უ-ძემ გაასხვისა 302 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე სახლი და მიწა ვ.ხ-შვილის სახელზე.
მოსარჩელის მოსაზრებით, ეს ნაკვეთი საერთო საკუთრებაა, რის გამოც მას აქვს უპირატესი შესყიდვის უფლება სამოქალაქო კოდექსის 959-ე მუხლიდან გამომდინარე.
მოსარჩელემ მოითხოვა უ-ძესა და ხ-შვილს შორის დადებული 2008 წლის 25 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის დავალდებულება, აღადგინოს თ.უ-ძის საკუთრების რეგისტრაცია ... ქ. ¹16-ში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით გ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო ქონება წარმოადგენს საერთო საკუთრებას და ... ქ. ¹18ა არ არსებობს. სინამდვილეში სადავო ობიექტი ... ქ. ¹16-ში მდებარეობს, ხოლო ... ქ. ¹18ა არასწორად არის აღნიშნული.
საპელაციო პალატამ დადასტურებულად ცნო სადავო ობიექტის ... ქ.¹16-ში მდებარეობა. ამასთან, მიუთითა, რომ ნაყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მართალია, გამყიდველი ... ქ. ¹16-ში ცხოვრობს, მაგრამ მან გაყიდა ... ქ. ¹18ა-ში მდებარე ობიექტი. სადავო ობიექტი არის ინდივიდუალური საკუთრება. სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გ.დ-ძე სადავო ობიექტის გასხვისების დროს არ იყო რეგისტრირებული ამ ობიექტის თანამესაკუთრედ. სადავო ქონება თავდაპირველად იყო მ. უ-ძის, რომელმაც იგი აჩუქა ა. კ-იას, შემდეგ ეს ქონება მიიღო კ-იას შვილმა თ. გ-ორმა, რომელმაც იგი გაასხვისა თ. უ-ძის სახელზე 2003 წლის 1 დეკემბერს. 2008 წლის 22 იანვრის მდგომარეობით სადავო ქონება ირიცხება თ. უ-ძის საკუთრებად. 2008 წლის 25 იანვარს ეს ქონება თ. უ-ძისაგან შეიძინა ვ. ხ-შვილმა.
სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ცნო, რომ შემძენისთვის არ იყო ცნობილი და ვერც იქნებოდა, რომ ეს ქონება სადავოს წარმოადგენდა. ამდენად, იგი კეთილსინდისიერი შემძენია.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. დ-ძემ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განჩინებით გ. დ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
2009 წლის 24 აპრილს გ. დ-ძის წარმომადგენელმა თ. ი-ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 29 მაისის სხდომაზე გ. დ-ძის წარმომადგენელმა თ. ი-ძემ განმარტა, რომ საკასაციო საჩივრის განხილვამ მისთვის დაკარგა ინტერესი, რის გამოც უარს ამბობს მის განხილვაზე, რასაც დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა განცხადება და მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამრთლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
ვინაიდან, გ. დ-ძის წარმომადგენელმა თ. ი-ძემ უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება შეწყდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომადე მოსაჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორს გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი - 1000 ლარი. ვინაიდან, კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივრის განხილვაზე, მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 272-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. დ-ძის წარმომადგენლის თ. ი-ძის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, დაკმაყოფილდეს;
მოცემულ საქმეზე შეწყდეს საკასაციო წარმოება;
გ. დ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1000 ლარი;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.