Facebook Twitter

ას-434-784-07 2 ივლისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ რ. ქ-ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი – ც. ჯ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები – ა. ბ-ი, ქ. გ-ე, ნ. ლ-ე, ნ. ბ-ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. ბ-მა, ქ. გ-მ, ნ. ლ-მ და ნ. ბ-მა სარჩელით მიმართეს რ. ქ-ის მიმართ და განმარტეს, რომ ისინი წლების მანძილზე ცხოვრობენ ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹18-ში მდებარე სახლში საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლებით; სახლი საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო თ. ი-ის სახელზე. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე თ. ი-ი გამოცხადდა გარდაცვლილად, ხოლო, მისი სახლი, როგორც უპატრონო ქონება, გადაეცა სახელმწიფოს, რომელმაც სარგებლობის უფლებით საცხოვრებელი ბინები გადასცა მოსარჩელეებს, რაზედაც გაიცა შესაბამისი ორდერები. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ, როდესაც მათ გადაწყვიტეს ამ ბინების თავიანთ სახელზე აღრიცხვა საჯარო რეესტრში, შეექმნათ პრობლემა, ვინაიდან მოპასუხე მშენებლობის განხორციელებისას გადასცდა თავისი მიწის ნაკვეთის საზღვარს და შეიჭრა მათ ეზოში. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხისაგან მათი ეზოს საზღვრებში აშენებული ნაგებობის დანგრევა და მიტაცებული მიწის ნაკვეთის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის, ქ. გ-ის, ნ. ლ-ისა და ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის განჩინებით ა. ბ-ის, ქ. გ-ის, ნ. ლ-ისა და ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წლის 2007 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებაზე რ. ქ-ის წარმომადგენელმა ც. ჯ-მ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივნისის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრისა და საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. ქ-ის წარმომადგენლის – ც. ჯ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა რ. ქ-ის წარმომადგენლის – ც. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივნისის განჩინებით რ. ქ-ის წარმომადგენელ ც. ჯ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 123-125).

მოცემული განჩინების ასლი რ. ქ-ს პირადად ჩაჰბარდა 2007 წლის 15 ივნისს (ს.ფ. 129), ხოლო მის წარმომადგენელ ც. ჯ-ს 2007 წლის 14 ივნისს (ს.ფ.128), კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 25 ივნისის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ქ-ის წარმომადგენლის – ც. ჯ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ქ-ის წარმომადგენლის – ც. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.