Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-435-677-08 8 ოქტომბერი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

Mმაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. ჯ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. მ-ლია, ლ. მ-შვილი

წარმომადგენელი _ ზ. მ-ლიას წარმომადგენელი შ. ს-აძე, ლ. მ-შვილის წარმომადგენელი ვ. ს-იძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება-- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის დაბრუნება სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ჯ-შვილმა სარჩელით მიმართა ვანის რაიონულ სასამართლოს ლ. მ-შვილისა და ზ. მ-ლიას წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეთათვის 10 000 ლარის დაკისრება ზიანის ანაზღაურების სახით და 10 000 ლარის დაკისრება მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.

გარდა ამისა, მან მოითხოვა მოპასუხის ზ. მ-ლიასათვის დასაკისრებელი თანხიდან მის მიერ მოსარჩელისათვის გადახდილი 1000 ლარის გამოკლება.

ვანის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ზ. მ-ლიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4000 ლარის, ხოლო ლ. მ-შვილს – 5000 ლარის გადახდა. მ. ჯ-შვილს უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. მ-ლიამ და ლ. მ-შვილმა და მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ლიასა და ლ. მ-შვილის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. გაუქმდა ვანის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება, ხოლო მ. ჯ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში არ გასაჩივრებულა და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა მ. ჯ-შვილისათვის ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურება.

პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტთა ქმედებამ გამოიწვია მ. ჯ-შვილის სხეულის დაზიანება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

საქმის მასალებით ირკვევა მხოლოდ ის, რომ მ. ჯ-შვილმა მკურნალობისათვის გადაიხადა 500 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ საბუთებით არ დასტურდება, რომ მ. ჯ-შვილმა ეს დანახარჯი გასწია აპელანტთა მიერ მიყენებული დაზიანების სამკურნალოდ.

ამასთან, პალატამ განმარტა, რომ რადგან ზ. მ-ლიამ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მოსარჩელეს გადაუხადა 1000 ლარი, შესაბამისად ის მატერიალური დანახარჯი, რომელიც მ. ჯ-შვილმა გასწია, მას ანაზღაურებული Hჰქონდა.

საქმეში წარმოდგენილი ექსპერტთა დასკვნებით დგინდება მხოლოდ მ. ჯ-შვილზე ქ. თბილისის ... საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მომსახურების და მასზე დახარჯული მედიკამენტების ღირებულება.

პალატის აზრით, ამ დასკვნებით არ ირკვევეოდა, თუ ვინ გასწია მ. ჯ-შვილის მკურნალობის ხარჯი. ექსპერტთა განმარტებით, მათთვის გადაცემულ მასალებში არ ჩანდა თუ ვინ შეიძინა წამლები, ხოლო დასკვნაში მითითებულ ზოგიერთ პრეპარატს მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულებაში ვერ შეიძენდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ-შვილმა.

კასატორის აზრით, სასამართლომ სარჩელის უარყოფის საფუძვლად გამოიყენა სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ექსპერტთა განმარტებები, მაგრამ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ აპელანტები სადაოდ ხდიდნენ მხოლოდ ორი დასახელების წამლის რაოდენობას და ფასს, ალბუმინი და ვიტამინები, რომლებზედაც ექსპერტებმა ვერ მისცეს ამომწურავი პასუხები, მაგრამ დანარჩენი მედიკამენტები და მათი ფასები სადაო არ გამხდარა. კასატორი თვლის, რომ ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ საკითხის გასარკვევად სასამართლომ დანიშნა ექსპერტიზა, მაგრამ არ მიიღო ზომები ექსპერტიზის ჩატარების უზრუნველსაყოფად.

კასატორის განმარტებით, ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა დავა მედიკამენტებისა და მომსახურეობის ღირებულება შეადგენს 5479,14 ლარს. თბილისის სამედიცინო აკადემიის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ საავადმყოფოს მიერ დაიხარჯა 1176 ლარის წამალი და მომსახურეობა, საიდანაც მას მხოლოდ 100 ლარი აქვს გადახდილი. შესაბამისად კასატორი მიიჩნევს, რომ ავადმყოფობის ისტორიით მასზე გახარჯული წამლების და საავადმყოფოს მიერ წარდგენილი ანგარიშის შეფარდებით ძნელი დასადგენი არ იყო რა ოდენობის და ღირებულების მედიკამენტები იქნა შეტანილი საავადმყოფოში მის მიერ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აპელანტთა მოქმედებამ გამოიწვია მ. ჯ-შვილის სხეულის დაზიანება. ამასთან სასამართლომ უარყო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებანი, მათ შორის სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნებით. სასამართლოს განმარტებით, ექსპერტის დასკვნებით დგინდება მხოლოდ მ. ჯ-შვილზე თბილისის ¹... საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მომსახურება და მასზე დახარჯული მედიკამენტების ღირებულება, მაგრამ სასამართლოს აზრით, ამ დასკვნებით არ ირკვევა, თუ ვინ გასწია მ. ჯ-შვილის მკურნალობის ხარჯები. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტთა მიერ შესწავლილია სისხლის სამართლის და სამოქალაქო საქმეებში არსებული სტაციონარის ავადმყოფის სამედიცინო ბარათებიდან ამოკრეფილი სამედიცინო მომსახურების და გახარჯული მედიკამენტთა ღირებულება. აღნიშნული მტკიცებულება ცხადყოფს, რომ მ. ჯ-შვილის მკურნალობაზე გაწეული იქნა მითითებული ხარჯები. ხოლო თუ ეს ხარჯები გაწეული არ აქვს მ. ჯ-შვილს, უნდა ამტკიცოს მისმა მოწინააღმდეგემ თანახმად ზემოთ მითითებული ნორმისა. იმ შემთხვევაში კი თუ, ექსპერტის დასკვნაში შეცდომით იქნა მითითებული რომელიმე პრეპარატის ოდენობა, არ შეიძლება ჩაითვალოს რომ დასკვნაში მითითებული ყველა მონაცემი არასწორია და უფრო მეტიც, ეს მონაცემები ყალბია. ასეთ შემთხვევაში უნდა დანიშნულიყო არა განმეორებითი ექსპერტიზა, არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173-ე მუხლისა დამატებითი ექსპერტიზა, რომელიც იმსჯელებდა დასკვნაში არასწორად მითითებული პრეპარატების ოდენობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები შეფასებულია საპროცესო ნორმათა დარღვევით, რის გამოც, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნული კი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად.

საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა დაადგინოს მ. ჯ-შვილისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის ფაქტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ჯ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.