Facebook Twitter

ას-435-785-07 21 სექტემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნოტარიუს მ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 25 თებერვალს ი. ჯ-მ სარჩელით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს ნ. დ-ის, ნოტარიუს მ. ა-სა და ბ. ჭ-ის მიმართ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, იგი თბილისში, ... ქუჩა ¹7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 17/130 ნაწილს ფლობდა საკუთრების უფლებით.

2002 წლის ნოემბერში ი. ჯ-სათვის ცნობილი გახდა, რომ მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, მისი ნებართვის გარეშე, 1999 წლის 6 ოქტომბერს ნოტარიუს მ. ა-ს გაუსხვისებია ბ. ჭ-ს სახელზე, რომელმაც თავის მხრივ ბინა გაასხვისა ნ. დ-ზე, რომელიც ამჟამადაც ფლობს ბინას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ი. ჯ-მ მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ნ. დ-ის უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი ქონების დაბრუნება.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ის სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საცხოვრებელი ბინის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჯ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციების სასამართლოთა მიერ და ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი. ჯ-ის სარჩელი ნასყიდობის ხლეშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობლი 1999 წლის 6 სექტემბერს (6 ოქტომბერი) ი. ჯ-სა და ბ. ჭ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ ეკუთვნოდა ბინის მესაკუთრე _ ი. ჯ-ს, არამედ ეკუთვნოდა მის დას _ თ. ჯ-ს, რაც დასტურდება ი. ჯ-სა და მესამე პირის _ თ. ჯ-ს ახსნა-განმარტებებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტის 2004 წლის 29 ნოემბრის დასკვნით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნოტარიუსმა _ მ. ა-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს უნდა ჩაეტარებინა კომპლექსური ექსპერტიზა და არ უნდა გაეზიარებინა მხოლოდ ი. და თ. ჯ-ების ახსნა-განმარტებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განჩინებით, ნოტარიუს მ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნოტარიუს მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობასთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნოტარიუს მ. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნოტარიუს მ. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის) 70% _ 350 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300773078 სახაზინო კოდით ძველი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.