საქმე №102აპ-16 თბილისი
ყ-ი გ. 102აპ-16 27 ივნისი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - ფრიდონ ქარცივაძის
ადვოკატ - ი. ა-ს
მსჯავრდებულ - გ. ყ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ყ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენით გ. ყ-ი, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 16 ივლისიდან იმავე წლის 18 ივლისამდე.
გ. ყ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდა და მ. ი-ს (პ/ნ …..) მიერ 2015 წლის 18 ივლისს გ. ყ-თვის გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა - 1000 (ათასი) ლარი (დასტური Nა ….., სალაროს შემოსავლის ორდერი N ……, სს „…..“), უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ბრალდებულის მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო.
იმავე განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ი. კ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ი. კ-ი, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი. ი. კ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 16 ივლისიდან იმავე წლის 18 ივლისამდე.
ი. კ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდა და გირაოს შემტანს - მ. ი-ეს (პ/ნ …..) კანონით დადგენილი წესით უნდა დაუბრუნდეს 2015 წლის 18 ივლისს ი. კ-თვის გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა - 1000 (ათასი) ლარი (დასტური ….., სალაროს შემოსავლის ორდერი N ….., სს „…..“).
ნივთმტკიცებები:
- გ. ყ-ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული, მის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
- ი. კ-ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული, მის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
2. აღნიშნული განაჩენით გ. ყ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 04:39 საათზე, გ. ყ-ი ….. მუნიციპალიტეტის ….. მთაზე მდებარე N….. სასაზღვრო ნიშნის რაიონში, ი. კ-ნ ერთად შეეცადა, უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ამ გზით გადასულიყო თურქეთის რესპუბლიკაში.
3. 2015 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მსჯავრდებული გ. ყ-ი.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ყ-მ, რომელმაც ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენი შეიცვალა სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულ გ. ყ-ის სასიკეთოდ, კერძოდ: გ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 3 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 16 ივლისიდან იმავე წლის 18 ივლისამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ყ-მ, რომელმაც, ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ყ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.
8. 2016 წლის 24 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, შეადგინა წერილობითი შეთანხმება მასა და მსჯავრდებულ გ. ყ-ს შორის.
9. შუამდგომლობისა და საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე ოქმის თანახმად, პროკურატურამ მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის საზოგადოებრივი საშიშროება, მისი პიროვნული მახასიათებელები, ასევე ის გარემოებები, რომ გ. ი ყ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე - სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობის გამოყენების მიზნით, 2016 წლის 24 ივნისს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. ყ-სა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორ ფრიდონ ქარცივაძეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
10. 2016 წლის 27 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა მასა და მსჯავრდებულ გ. ყ-ს შორის 2016 წლის 24 ივნისს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება შემდეგი პირობით: გ. ყ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 (ოთხი) წელი პირობით არ იქნეს გამოყენებული და სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 (ოთხი) წელი.
11. 2016 წლის 27 ივნისის სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ დააზუსტა საპროცესო შეთანხმების პირობები და მოითხოვა, რომ: გ. ყ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 (სამი) წელი პირობით არ იქნეს გამოყენებული და სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი.
12. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას შეცვლილი პირობებით მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა გ. ყ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ა-ემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დაზუსტებული პირობებით პროკურორ ფრიდონ ქარცივაძესა და მსჯავრდებულ გ. ყ-ს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მსჯავრდებულების - გ. ყ-სა და ი. კ-ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, მოწმეების - ი. ც-ს, ა. ფ-ს, ფ.ტ-ს, ჯ. ჩ-ს, რ. ბ-სა და გ. კ-ს ჩვენებებით, მსჯავრდებულების - გ. ყ-სა და ი. კ-ის დაკითხვის ოქმებით, გ. ყ-ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ ბაზის ამონაბეჭდითა და სხვა მასალებით დასტურდება გ. ყ-ის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.
3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ გ. ყ-ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. საკასაციო პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული გ. ყ-ი ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
4. მსჯავრდებულისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6. ამდენად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორ ფრიდონ ქარცივაძის შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ. ყ-ის მიმართ დაზუსტებული პირობებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორ ფრიდონ ქარცივაძის შუამდგომლობა დაზუსტებული პირობებით.
2. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორ ფრიდონ ქარცივაძესა და მსჯავრდებულ გ. ყ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, შევიდეს შემდეგი ცვლილება:
· გ. ყ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 (სამი) წელი პირობით არ იქნეს გამოყენებული და სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი;
· გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ გ. ყ-ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
· მსჯავრდებულ გ. ყ-ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი