Facebook Twitter

ას-436-827-06 27 თებერვალი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი _ გ.სუპატაშვილი

კასატორები: 1. ე. ფ-ა (ძირითად სარჩელში _ მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში _ მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ი.კ-ე

2. მ. ლ-ე, გ. გ-ა (მოსარჩელეები), ჯ. ჯ-ს უფლებამონაცვლე ო. ჯ-ა (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით)

წარმომადგენელი _ ნ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 აპრილის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი: ძირითად სარჩელში _ ამხანაგობის შექმნის შესახებ ზეპირი გარიგების კანონიერად ცნობა, წილების განსაზღვრა; შეგებებულ სარჩელში _ თანხის დაკისრება, ინვენტარის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 12 აპრილს ე. ფ-მ განცხადებით მიმართა რაიონულ სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ხობის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 25 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ. ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მ. ლ-ს, გ. გ-ს, ე. ფ-სა და ჯ. ჯ-ს შორის ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულება ცნობილ იქნა კანონიერად და სადავო კაფე-ბარი ცნობილ იქნა მხარეთა საერთო საკუთრებად; მ. ლ-ის წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრა 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით; გ. გ-სა და ჯ. ჯ-ს სარჩელები დაკმაყოფილდა; გ. გ-ს წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრა 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, ხოლო ჯ. ჯ-ს წილი _ 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით; ე. ფ-ს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე და მოსარჩელე გ. გ-ს მფლობელობაში არსებული ინვენტარი, როგორც საერთო საქმიანობის დროს შეძენილი, ჩაითვალა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებად; ე. ფ-ს წილი ამხანაგობაში განისაზღვრა 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. განმცხადებლის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებად მიიჩნია 1998 წლის 2 მარტს ინდივიდუალურ მეწარმე “ .. .. ..” და ჯ. ჯ-ს შორის დადებული ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ საწარმომ მისი მშენებელი ინჟინერის _ ზ. ჩ-ის სახით იკისრა ვალდებულება, ჯ.ჯ-ს მიერ 6000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, ქ.ფოთში, ... ქ.¹67-ში აეშენებინა მისთვის სავაჭრო პავილიონი. სწორედ აღნიშნული გარიგების საფუძველზე ჯ.ჯ-ს განესაზღვრა სხვა მოწილეებზე მეტი _ 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობის წილი. მოცემული საქმის განხილვისას ე.ფ-მ არა ერთხელ უშედეგოდ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე აღნიშნული გარიგების ნამდვილობის შემოწმების შესახებ. საქმის წარმოების დასრულების შემდეგ მხარემ გაარკვია, რომ სადავო ხელშეკრულების დადების მომენტში ინდივიდუალური მეწარმე “ .. .. ..” არ არსებობდა, რის გამოც ე.ფ-მ მიმართა პროკურატურას. ... პროკურატურის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმე ჯ.ჯ-ს მიმართ შეწყდა ხანდაზმულობის გამო, თუმცა გამოძიებით დადასტურდა, რომ ჯ. ჯ-მ შეცდომაში შეიყვანა ხობის რაიონული სასამართლო და თავის სარჩელს დაურთო მის მიერვეOგაყალბებული 1998 წლის 14 მარტის ხელშეკრულება და გასავლის ¹14 ზედდებული. ამდენად, განმცხადებელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მეორე ნაწილზე მითითებით მიიჩნია, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულების სიყალბე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არ დადასტურებულა სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, შესაბამისად, დადგენილება ჯ.ჯ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ უნდა ჩაითვალოს ახლად აღმოჩენილ გარემოებად.

ხობის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 იანვრის განჩინებით, გარდაცვლილი ჯ. ჯ-ს ნაცვლად, საქმეში მის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა ო. ჯ-ა.

ხობის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 იანვრის განჩინებით ე. ფ-ს განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 აპრილის განჩინებით ე. ფ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჯ. ჯ-სათვის საერთო საკუთრების წილის _ 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მიკუთვნების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდა ხობის რაიონულ სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხობის რაიონული სასამართლო 2000 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით მხარეთა საერთო საკუთრებიდან ჯ. ჯ-ს წილის განსაზღვრისას დაეყრდნო ამ უკანასკნელსა და ინდივიდუალურ მეწარმე “ .. .. ..” შორის 1998 წლის 2 მარტს დადებულ ხელშეკრულებას. პალატამ მიუთითა საქმის მასალებში წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილებაზე, რომლის თანახმად ჯ.ჯ- მითითებული ხელშეკრულება გააყალბა და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც ყალბ მტკიცებულებას ეყრდნობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში საქმის წარმოება განახლდეს.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ე. ფ-მ თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა ამ ნაწილში მისი გაუქმება, ხობის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე რაიონული სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:L სასამართლომ საქმე განიხილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების მოთხოვნათა უგულებელყოფით, რის შედეგად გამოიტანა არასწორი განჩინება. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლი, როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხარეთა საერთო საკუთრებიდან მხოლოდ ჯ.ჯ-ს წილის გამოყოფის ნაწილში გააუქმა, ვინაიდან სადავო გადაწყვეტილებით დადგინდა არა მარტო ჯ.ჯ-ს წილის ოდენობა, არამედ მისი ამხანაგობის წევრობაც. სააპელაციო პალატამ დაადგინა რა ჯ.ჯ-ს მიერ ხელშეკრულების გაყალბების ფაქტი, ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ დანარჩენი მოსარჩელეები ადასტურებდნენ სადავო ხელშეკრულების მათი თანხმობით დადების ფაქტს და მიუთითებდნენ, რომ საერთო საკუთრების ობიექტის ასაშენებლად ინდივიდუალურ მეწარმე “ .. .. ..” ჯ.ჯ-სთან ერთად გარკვეული თანხები მათაც გადაუხადეს. ამდენად, ბათილად ცნობილი ხელშეკრულების საფუძველზე საერთო საკუთრებიდან წილები განესაზღვრა არა მარტო ჯ. ჯ-ს, არამედ სხვა მოსარჩელეებსაც. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი, ვინაიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და მტკიცებულებანი სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ მხარეთა საერთო საკუთრებიდან ჯ. ჯ-ს წილის ოდენობის შეცვლისას შეიცვლება დანარჩენ მხარეთა წილების ოდენობაც, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს ხობის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად უნდა გაეუქმებინა და საქმე მთლიანად დაებრუნებინა იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჯ.ჯ-ს საერთო საკუთრების წილის გაუქმების ნაწილში ო. ჯ-მ, მ. ლ-მ და გ. გ-მ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს ამ ნაწილში მისი გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ე. ფ-ს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რის შედეგად გამოტანილ იქნა არასწორი განჩინება. სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა რა ე. ფ-ს სააპელაციო საჩივარი, არ უმსჯელია რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 იანვრის განჩინების დასაბუთებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ე. ფ-ს მოთხოვნა და აღნიშნული განჩინება არ გაუუქმებია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი, ვინაიდან ე.შ-ს სადავო დოკუმენტის სიყალბე მითითებული ნორმით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არ დაუდასტურებია, არამედ წარმოადგინა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე ხანდაზმულობის გამო. ამასთან, სადავო ხელშეკრულების ბათილობის დადასტურების შემთხვევაშიც, აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდებოდა, ვინაიდან სასამართლომ მხარეთა საერთო საკუთრებიდან ჯ. ჯ-ს წილის ოდენობა დაადგინა პირველ რიგში მხარეთა ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით. მხარეთა შორის არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 931-ე მუხლით გათვალისწინებული ერთობლივი საქმიანობის ზეპირად დადებული ხელშეკრულება, ამდენად, აღნიშნულ ურთიერთობასთან დაკავშირებული გარემოებების დადასტურება მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე კანონის მოთხოვნებს შეესაბამება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ხობის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2000 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ლ-ის, გ. გ-ს, ე. ფ-სა და ჯ. ჯ-ს შორის ზეპირი სახით დადებული ხელშეკრულება ცნობილ იქნა კანონიერად, ხოლო სადავო კაფე-ბარი ცნობილ იქნა საერთო საკუთრებად. მ. ლ-ის წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრა 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, გ. გ-ს წილი _ 2000 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარით, ჯ. ჯ-ს წილი _ 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, ხოლო ე. ფ-ს წილი _ 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. ე. ფ-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით რაიონული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება გააუქმა რა ჯ. ჯ-სათვის საერთო საკუთრების წილის განსაზღვრის ნაწილში, თავისი დასკვნა დააყრდნო სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილებას, რომლითაც დადგინდა ინდივიდუალური მეწარმე .. .. .. და ჯ. ჯ-ს შორის დადებული ხელშეკრულების სიყალბე. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ, ვინაიდან ზემოხსენებული ხელშეკრულება ხობის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას ერთ-ერთ მტკიცებულებად გამოიყენა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, დოკუმენტი ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენდა.

უსაფუძვლოა კასატორ ე.ფირცხალავას მოსაზრება, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო არა მარტო საერთო საკუთრებაში ჯ. ჯ-ს წილის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, არამედ, მისი, როგორც ამხანაგობის მონაწილედ და ერთ-ერთ თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა ჯ. ჯ-ს წილი საერთო საკუთრებაში, ამასთანავე, სადავო ქონება (კაფე-ბარი) ცნობილ იქნა სხვა პირებთან ერთად ჯ. ჯ-ს საერთო საკუთრებადაც. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რა გადაწყვეტილება ჯ. ჯ-სათვის საერთო საკუთრების წილის განსაზღვრის ნაწილში, საქმე ამ ნაწილში არსებითად განსახილველად დაუბრუნდა ხობის რაიონულ სასამართლოს. შესაბამისად, ამ ნაწილში საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და თუკი ჯ. ჯ-ს საერთო საკუთრებაში წილი არ გადაეცემა, შეწყდება საერთო საკუთრებაში მისი თანასაკუთრების უფლება. ამდენად, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

ასევე უსაფუძვლოა კასატორ ე. ფ-ს მოსაზრება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმების თაობაზე იმ დასაბუთებით, რომ გაყალბებული ხელშეკრულების საფუძველზე უნდა შემცირდეს დანარჩენი თანამონაწილეების _ გ.გ-სა და მ.ლ-ის წილიც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დოკუმენტის სიყალბე საქმის წარმოების განახლების საფუძველი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს, თუკი იგი საფუძვლად დაედო გადაწყვეტილებას. ყალბად მიჩნეული დოკუმენტი საფუძვლად რომ დაედო გ. გ-სა და მ. ლ-ის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, კასატორი ვერ ადასტურებს.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორების მ. ლ-სა და გ. გ-ს საკასაციო საჩივრის არგუმენტს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი, ვინაიდან ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილის “ა”-”გ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, სისხლის სამართლის საქმეზე თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. ამ შემთხვევაში კი, კასატორთა მოსაზრებით, წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება და არა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება გამოტანილი იქნა 2006 წლის 26 აპრილს, რა დროსაც მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მეორე ნაწილით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილის “ა”-”გ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, ან თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება და ჩატარება ვერ ხორციელდება არა მტკიცებულებათა უკმარისობის, არამედ რაიმე სხვა მიზეზით. ამავე კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით კი სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა რა საქმის განხილვის დროს მოქმედი კანონი, სავსებით სწორად განმარტა იგი.

დაუსაბუთებელია მ. ლ-სა და გ.გ-ს საკასაციო საჩივრის არგუმენტი, რომ ჯ. ჯ-სათვის წილის მიკუთვნების ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენდა მოწმეთა ჩვენებები და არა ყალბად მიჩნეული დოკუმენტი, შესაბამისად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ უნდა გაუქმებულიყო. რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სასამართლომ სადავო ნაწილში გადაწყვეტილების გამოტანისას ერთ-ერთ მტკიცებულებად გამოიყენა ინდმეწარმე .. .. .. და ჯ. ჯ-ს შორის 1998 წლის 2 მარტს დადებული ხელშეკრულება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ამ ფაქტობრივ გარემოებას სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მ. ლ-სა და გ. გ-ს მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვინაიდან სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა რა ე. ფ-ს სააპელაციო საჩივარი, არ გაუუქმებია რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 იანვრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ე. ფ-ს მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით ნაწილობრივ დააკმაყოფილა რა ე. ფ-ს სააპელაციო საჩივარი, გააუქმა გასაჩივრებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ისე, რომ ხობის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 იანვრის განჩინება, რომლითაც ზემოხსენებული გადაწყვეტილების გაუქმებაზე ე. ფ-ს უარი ეთქვა, ამ ნაწილში არ გაუუქმებია. აღნიშნულით დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტი, მაგრამ ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მოცემულ შემთხვევაში ამგვარი დარღვევა არ ვლინდება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით რაიონული სასამართლოს განჩინება ნაწილობრივ გაუქმებულია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. ფ-ს, მ. ლ-ის, გ. გ-სა და ო. ჯ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.