Facebook Twitter

საქმე №629აპ-15 თბილისი

მ-ი თ. 629აპ-15 1 ივნისი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ნათია მუხიაშვილის

ადვოკატ - ა. ჭ-ის

მსჯავრდებულ - თ. მ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მაისის განაჩენით თ. მ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 21 ოქტომბრიდან.

2. მსჯავრდებულ თ. მ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 აპრილის განაჩენით თ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ თ. მ-ს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. იგი თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გათავისუფლდა 2013 წლის 7 მარტს. ქურდობისთვის ნასამართლევმა თ. მ-მ 2014 წლის 21 ოქტომბერს, თბილისში, ….. ქ. №…..-ში მდებარე სს „…..დან“, დაახლოებით 21:30 სათიდან 22:00 საათამდე პერიოდში, ჩაიდინა შოკოლადის ფილის ქურდობა, რის გამოც დაზარალებულ ორგანიზაციას მიაყენა 1,90 ლარის ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ჭ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, მსჯავრდებულ თ. მ-ის გამართლება და დაუყოვნებლივ გათავისუფლება სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.

6. 2016 წლის 27 მაისს თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია მუხიაშვილმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, შეადგინა წერილობითი შეთანხმება მასა და მსჯავრდებულ თ. მ-ს შორის.

7. შუამდგომლობებისა და საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე ოქმების თანახმად, პროკურატურამ მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ასევე ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა თ. მ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და თანხმობა განაცხადა ბრალის აღიარებით, სასჯელზე შეთანხმებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, 2016 წლის 27 მაისს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, მსჯავრდებულ თ. მ-სა და თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია მუხიაშვილს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

8. 2016 წლის 31 მაისს თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია მუხიაშვილმა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა მასა და მსჯავრდებულ თ. მ-ს შორის 2016 წლის 27 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება შემდეგი პირობით: თ. მ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი, 7 თვე და 11 დღე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი, 4 თვე და 19 დღე - სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

9. 2016 წლის პირველი ივნისის სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნათია მუხიაშვილმა დააზუსტა საპროცესო შეთანხმების პირობები, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ქურდობისთვის ნასამართლევმა თ. მ-მ 2014 წლის 21 ოქტომბერს, თბილისში, ….. ქ. №…..-ში მდებარე სს „…..დან“, დაახლოებით 21:30 სათიდან 22:00 საათამდე პერიოდში, ჩაიდინა შოკოლადის ფილის ქურდობა, რის გამოც დაზარალებულ ორგანიზაციას მიაყენა 1,90 ლარის ზიანი და მოითხოვა: თ. მ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯოს 1 წლით, 7 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2016 წლის 31 მაისს წარმოდგენილ შუმდგომლობაში მითითებული ორი ბოთლი კონიაკისა და მიყენებული ზიანის ოდენობის - 12,10 ლარის შესახებ პროკურორმა განმარტა, რომ აღნიშნული ფრაზა შეცდომით იყო დარჩენილი თ. მ-ისათვის წარდგენილი ბრალიდან (იხ. 01.06.16 წ. სხდომის ოქმი).

10. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას შეცვლილი პირობებით მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა თ. მ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ჭ-მ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დაზუსტებული პირობებით პროკურორ ნათია მუხიაშვილსა და მსჯავრდებულ თ. მ-ს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების - დ. ა-ას, თ. ს-ის, ე. თ-ს, გ. გ-ის, თ. თ-ს, ზ. გ-ის, ლ. თ-ის ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმითა და ამოღებული ნივთმტკიცებით, დაკავების ოქმით, სს „ფ-ს“ ვიდეოჩანაწერითა და მისი დათვალიერების ოქმით დასტურდება თ. მ-ის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, კერძოდ: ქურდობისთვის ნასამართლევმა თ. მ-მ 2014 წლის 21 ოქტომბერს, თბილისში, ….. ქ. №…..-ში მდებარე სს „ფ-დან“, დაახლოებით 21:30 სათიდან 22:00 საათამდე პერიოდში, ჩაიდინა შოკოლადის ფილის ქურდობა, რის გამოც დაზარალებულ ორგანიზაციას მიაყენა 1,90 ლარის ზიანი.

3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ თ. მ-ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. საკასაციო პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული თ. მ-ი ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

4. მსჯავრდებულისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

6. ამდენად, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია მუხიაშვილის შუამდგომლობა მსჯავრდებულ თ. მ-ის მიმართ დაზუსტებული პირობებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ბრალმდებლის - თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია მუხიაშვილის შუამდგომლობა დაზუსტებული პირობებით;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

· დამტკიცდეს თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია მუხიაშვილსა და მსჯავრდებულ თ. მ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

· თ. მ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯოს 1 (ერთი) წლით, 7 (შვიდი) თვითა და 11 (თერთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა;

· მსჯავრდებულ თ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 21 ოქტომბრიდან;

· მსჯავრდებული თ. მ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ნოემბრის განაჩენი ნივთმტკიცების ნაწილში დარჩეს უცვლელად.

4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი