Facebook Twitter

ას-437-787-07 22 ივნისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი– ... სამინისტრო (მოპასოხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – მ. ჯ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ. მ-მა ... სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2002 წლის 17 აგვისტოს გარდაიცვალა ი. გ-ი, რომელიც არის მოსარჩელის დედა და მოსარჩელე არის მისი ერთადერთი მემკვიდრე. ი. გ-ს სამკვიდრო მასის სახით დარჩა სახლი, მდებარე ქ. თბილისი ... ქუჩა ¹20-ში. მოსარჩელე დედის გარდაცვალების დროს ცხოვრობდა რუსეთში ქ. მოსკოვში. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მან რუსეთთან გართულებული სავიზო რეჟიმისა და სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ შეძლო ჩამოსულიყო საქართველოში და სამემკვიდრეო საკითხები მოეწესრიგებინა კანონით განსაზღვრულ 6 თვიან ვადაში, აღნიშნულის გამო ნოტარიუსმა უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.

მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მასზე უარის თქმა, ვინაიდან მოსარჩელეს არ ჰქონია მცდელობა მიეღო სამკვიდრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა და გ. მ-ს გაუგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა ი. გ-ს სამკვიდრო ქონებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ... სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. მ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. გ. მ-ს გაუგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა ი. გ-ს სამკვიდრო ქონებაზე.

პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი, მაგრამ სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამიტომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იყოს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. საქმეზე უდაოა ის გარემოება, რომ 2002 წლის 17 აგვისტოს გარდაიცვალა გ. მ-ს დედა ი. გ-ი. მას სამკვიდრო მისი სახით დარჩა სახლი, მდებარე თბილისში ... ქუჩა ¹20-ში. ასევე დადგენილია და მხარესაც სადაოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ გ. მ-ი არის ი. გ-ს ერთადერთი მემკვიდრე. გ. მ-ს მემკვიდრეობის მიღების კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადის გასვლის გამო ნოტარიუსმა უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.

პალატამ ასევე მიიჩნია, რომ გ. მ-ს მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილება გამოიწვია ისეთმა საპატიო მიზეზებმა, როგორიცაა საზღვარგარეთ ყოფნა და ავადმყოფობის გამო გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვა, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება მოსკოვის სამხრეთ დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის ... სამმართველოს, სახელმწიფო დაწესებულება ქალაქის პოლიკლინიკა ¹... კლინიკური ... კომისიის მიერ გაცემული ცნობით, რომლის მიხედვით გ. მ-ს პათოლოგიების ერთობლიობის ქონის გამო 2002 წლიდან 2006 წლის ჩათვლით (დღემდე) მგზავრობა და გადაფრენა აკრძალული აქვს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ... სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორის აზრით, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილება გამოტანილია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით.

ასევე კასატორის აზრით, საქმეში არ მოიპოვება იმის მტკიცება, რომ მხარემ გართულებული სავიზო რეჟიმის გამო ვერ შეძლო საქართველოში ჩამოსვლა, ანუ მოსარჩელეს ჰქონდა მცდელობა, კერძოდ მიმართვა საქართველოს საკონსულოსათვის ქ. მოსკოვში. საქმეში ასევე არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცება იმისა, რომ მოსარჩელე მუშაობს და თუ რაში მდგომარეობს მისი სამუშაოს სპეციფიკა. სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებისა და დასაბუთების გარეშე საპატიოდ მიიჩნია გ. მ-ს მიერ მითითებული გარემოებები. კანონი კი ცალსახად უთითებს, რომ მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობისას შეუძლია სასამართლოს სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, წინააღმდეგ შემთხვევაში მემკვიდრე კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ასევე უნდა აღინიშნოს რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1423-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს მემკვიდრეს წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს სამკვიდრო, რისი მცდელობაც მხარეს არ ჰქონია. სასამართლომ მხარის მიერ დაგვიანებით წარმოდგენილი მტკიცებულება მიიღო ისე, რომ არც გაურკვევია, თუ რა მიზეზით არ წარადგინა მხარემ იგი პირველი ინსტანციის სასამართლოში, ამ მტკიცებულების წარმოდგენა მოსარჩელეს ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეეძლო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ... სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით .

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ... სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

... სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.