Facebook Twitter

საქმე №10აგ-16 29 ივნისი, 2016 წელი გ-ე გ-ა, 10აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენით გ. გ-ე, – დაბადებული ---, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2, მე-9 პუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა, 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით – უვადო თავისუფლების აღკვეთა, 1331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 8 წლით, 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 7 წლით, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით – 7 წლით, 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 6 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 12 წლით, მე-100 მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, 135-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 136-ე მუხლით – გამასწორებელი სამუშაოები 1 წლით; ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. გ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1998 წლის 1 ნოემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი შეიცვალა ამავე სასამართლოს საზედამხედველო პალატის 1999 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით: გ. გ-ეს სსკ-ის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით; სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით გ. გ-ის ქმედება შესაბამისობაში მოვიდა ახალ კანონმდებლობასთან, კერძოდ: მსჯავრდებულს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,გ“ პუნქტით შეეფარდა 20 წლით, 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 10 წლით, ხოლო 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2, მე-9 პუნქტებით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 18 მარტის განჩინებით გ. გ-ის ქმედება ადრე მოქმედი სსკ-ის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა 2000 წლის 1 ივნისიდან ამოქმედებული სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,109-ე მუხლის ,,ა“, ,,გ“, ,,ზ“ ქვეპუნქტებზე და ამ მუხლით განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 104-ე მუხლის მე-2, მე-9 პუნქტები – გადაკვალიფიცირდა 109-ე მუხლის ,,კ“ და მე-19,109-ე მუხლის ,,ო“ პუნქტებზე, რომელთა საფუძველზეც განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. გ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 19 ივნისის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ო“ პუნქტებით და მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელის ნაწილი – 7 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 16 აპრილიდან.

ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 17 ნოემბრისა და 1 დეკემბრის განჩინებებით გ. გ-ის ქმედება სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ,,ო“ პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა მე-19,109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ,,ო“ პუნქტებზე; მსჯავრდებულს 5 წლით შეუმცირდა უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 19 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა.

უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ამავე სასამართლოს 2002 წლის 18 მარტის განჩინება შეიცვალა: გ. გ-ის ქმედება სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის ,,გ“, ,,ზ“ პუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებზე, ხოლო 109-ე მუხლის ,,კ“ პუნქტიდან – 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე; გ. გ-ის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ამოირიცხა სსკ-ის მე-100 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი და ამ მუხლით დანიშნული სასჯელი; განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით გ. გ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა: სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის ,,ო“ პუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მე-19,109-ე მუხლის ,,ა“ პუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ადრე მოქმედი სსკ-ის 1331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებული გათავისუფლდა სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 135-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 136-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან; ამდენად, წინა განაჩენით დანიშნული 20 წლიდან გ. გ-ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;

გ. გ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 19 ივნისის განაჩენითა და განჩინებებით სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ,,ო“ პუნქტებით დანიშნული 15 წელი და განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელის ნაწილი – 7 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 18 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 16 აპრილიდან.

აღნიშნული განჩინება უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით შეიცვალა: გ. გო-ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 16 წლით, 2 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 16 აპრილიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინება (უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 19 ივნისის განაჩენის გათვალისწინებით) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინება დარჩა უცვლელად.

2015 წლის 14 დეკემბერს მსჯავრდებულმა გ. გ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინების გადასინჯვა და გაუქმება იმ საფუძვლით, რომ უზენაესმა სასამართლომ მისი შუამდგომლობა განიხილა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნის დარღვევით და გადაწყვეტილება გამოიტანა უკანონო სასამართლო შემადგენლობამ. მან ასევე მოითხოვა ყალბი ბრალდების გამო განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა და სასჯელისაგან გათავისუფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული გ. გ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინება იურიდიული ძალის არმქონეა, რადგან იგი გამოიტანა სასამართლოს უკანონო შემადგენლობამ, რის გამოც იგი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

კასატორის პოზიცია უზენაესი სასამართლოს მიერ მისი შუამდგომლობის საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნის დარღვევით განხილვისა და გადაწყვეტილების უკანონო სასამართლო შემადგენლობის გამოტანის თაობაზე, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე