Facebook Twitter

¹ას-439-753-09 20 ოქტომბერი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე

კასატორი (მოსარჩელე, მოპასუხე მ. ბ-შვილის სარჩელში) _ გ. ბ-ინა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, მოპასუხე გ. ბ-ინას სარჩელში) _ მ. ბ-შვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება, 2009 წლის 13 მარტისა და 15 აპრილის განჩინებები

დავის საგანი _ თანხის დაკისრება, მატერიალური ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 20 ივნისს მ. ბ-შვილმა სარჩელის აღძრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ქუთაისში, ... ქ. ¹31-ში მდებარე გ. ბ-ინას საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლზე ყადაღის დადება (ტომი V, ს.ფ. 1-2).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 ივნისის განჩინებით მ. ბ-შვილის განცხადება სარჩელის აღძრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო ქუთაისში, ... ქ. ¹31-ში მდებარე გ. ბ-ინას საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლს (ტომი V, ს.ფ. 6-8).

2008 წლის 30 ივნისს მ. ბ-შვილმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სასარჩელო განცხადება წარადგინა, რომელშიც მოპასუხედ გ. ბ-ინა დაასახელა. მოსარჩელის საბოლოო მოთხოვნას წარმოადგენდა გადაცემული თანხის დაბრუნება 75 620 აშშ დოლარის ოდენობით და ზიანის ანაზღაურება 22 608 აშშ დოლარის ოდენობით (ტომი I, ს.ფ. 1-4,110-113, 114-119,137-141).

2008 წლის 24 ივლისს იმავე სასამართლოში სარჩელი წარადგინა გ. ბ-ინამ მოპასუხე მ. ბ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან გატანილი და დაზიანებული ნივთების, აგრეთვე პირველ სართულზე ჩასატარებელი რემონტის ღირებულების _ 15 000 ლარის, მიუღებელი შემოსავლის _ 45 000 ლარის, მორალური ზიანის _ 20 000 ლარის, მთლიანობაში 80 000 ლარის დაკისრება (ტომი II, ს.ფ. 1-13, ტომი I, 121-122,123-131).

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას გ. ბ-ინამ მ. ბ-შვილის სარჩელი მისთვის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ იგი ვალდებული იყო მოპასუხისათვის გადაეხადა მხოლოდ 59 546 აშშ დოლარი. რაც შეეხებოდა დარჩენილ თანხას, აღნიშნული მას უკვე ანაზღაურებული ჰქონდა (ტომი I, ს.ფ. 121-122, 123-131).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 აგვისტოს საოქმო განჩინებით ზემოთ დასახელებული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად (ტომი I, ს.ფ. 32-33).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გ. ბ-ინას მ. ბ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა საცხოვრებელი სახლის შეძენის მიზნით გადახდილი თანხის _ 58 146 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და მიყენებული ზიანის _ 9 499 აშშ დოლარის გადახდა; გ. ბ-ინას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2006 წლის იანვარში გ. ბ-ინამ გააფორმა ხელწერილი, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹31-ში მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის გაყიდვისათვის მ. ბ-შვილის და მისი მეუღლის ნინო აბზიანიძისაგან მიღებული ჰქონდა 50 000 აშშ დოლარი, რომელიც შეტანილ იქნა საქართველოს ბანკში გ. გ-იანის სახელზე. ხელწერილის ავტორი მიუთითებდა, რომ საცხოვრებელი ბინის დარჩენილი თანხის გადახდა მოხდებოდა შეძლებისდაგვარად, 4 000 აშშ დოლარის გადახდით ყოველ თვეში, ოცდახუთი თვის მანძილზე. მთლიანობაში გადასახდელი თანხა შეადგენდა 150 000 აშშ დოლარს. საცხოვრებელი სახლი მ. ბ-შვილს და ნინო აბზიანიძეს გადაეცემოდა სრული მოწყობილობით, ავეჯით, ჭაღებით და ა.შ;

2006 წლის 28 მარტის სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე გ. ბ-ინამ გ. გ-იანს, როგორც მინდობილ მესაკუთრეს, მიანიჭა ქუთაისში, ... ქ. ¹31-ში მდებარე მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მართვის, მათ შორის, გასხვისების, გაყიდვის, გაჩუქების, იპოთეკით დატვირთვის უფლება;

სს “თი-ბი-სი” ბანკის მიერ გაცემული ამონაწერის თანხმად, 2006 წლის 24 თებერვლიდან 2007 წლის 16 თებერვლამდე მ. ბ-შვილს გ. ბ-ინას რწმუნებულის გ. გ-იანის ანგარიშზე ჩარიცხული აქვს 49 600 აშშ დოლარი;

გ. ბ-ინას განმარტებით დგინდებოდა, რომ მან მ. ბ-შვილისაგან ძმის გ. ბ-ძის საცხოვრებელი სახლის რემონტისათვის მიიღო 5 000 აშშ დოლარი, ასევე ხელზე მიიღო 10 000 აშშ დოლარი. გარდა ამისა, საპაექრო სიტყვაში ნ. კ-ავამ (გ. ბ-ინას წარმომადგენელი) მოწმე გ. გ-იანის ჩვენებაზე დაყრდნობით დამატებით აღიარა გ. ბ-ინას მიერ 1400 ლარის მიღების ფაქტი;

2007 წლის 22 თებერვალს სს “საქართველოს ბანკსა” და მ. ბ-შვილს შორის სანოტარო წესის დაცვით გაფორმდა ხელშეკრულება, კერძოდ, იპოთეკით დაიტვირთა ქუთაისში, ... ქ. ¹31-ში მდებარე გ. ბ-ინას კუთვნილი საცხოვრებელი სახლი. იპოთეკის ხელშეკრულებაზე თანხმობა განაცხადა გ. ბ-ინას წარმომადგენელმა გ. გ-იანმა;

მოწმე გ. გ-იანის ჩვენებით დასტურდებოდა, რომ მ. ბ-შვილმა მას შესთავაზა გ. ბ-ინას საცხოვრებელი სახლის იპოთეკით დატვირთვა იმ მიზნით, რომ მიღებული კრედიტით დაეფარა სახლის შესაძენად დარჩენილი თანხა;

იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში;

2007 წლის 27 თებერვლის საკრედიტო ხაზით მომსახურების ¹512651 ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით (¹5126651-156178) სს “საქართველოს ბანკმა” მ. ბ-შვილს გამოუყო კრედიტის თანხა 6 000 აშშ დოლარი;

სს “თი-ბი-სი” ბანკის ამონაწერის თანახმად, 2007 წლის 28 თებერვალს მ. ბ-შვილმა გ. ბ-ინას ანგარიშზე ჩარიცხა 40 000 აშშ დოლარი;

2007 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით მ. ბ-შვილს გ. ბ-ინასათვის გადახდილი ჰქონდა ბინის შესაძენად 106 000 აშშ დოლარი, შესაბამისად, გადასახდელი ჰქონდა 44 000 აშშ დოლარი;

2008 წლის 9 ივნისს სს “საქართველოს ბანკმა” მ. ბ-შვილს აცნობა, რომ მისთვის მიცემული სესხის მიზნობრიობა იყო რეფინანსირება _ 18 829 აშშ დოლარი, არასაცხოვრებელი ფართის და საცხოვრებელი ბინის შესყიდვა 41 171 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ. ბ-ინას საცხოვრებელი სახლი. 2008 წლის 23 აპრილს ბანკს საჩივრით მიმართა გ. ბ-ინამ და განაცხადა, რომ, ვინაიდან მ. ბ-შვილის მიერ თანხა დადგენილ ვადაში არ იქნა გადახდილი, მან უარი განაცხადა სახლის გაყიდვაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბანკმა შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება და მ. ბ-შვილს მისცა წინადადება 15 დღის ვადაში სრულად დაეფარა დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში გ. ბ-ინას უძრავი ქონება მისი მოთხოვნის საფუძველზე გათავისუფლდებოდა იპოთეკისაგან;

საგადასახადო შემოსავლის ორდერის თანახმად, 2008 წლის 26 ივნისს გ. ბ-ინას წარმომადგენელმა ნ. კ-ავამ მ. ბ-შვილის სესხის დაფარვის მიზნით სს “საქართველოს ბანკს” ჩაურიცხა 46 454 აშშ დოლარი;

2008 წლის 26 ივნისს სს “საქართველოს ბანკმა” აცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურს, რომ გაეუქმებინა ზემომითითებული იპოთეკის ხელშეკრულება;

2007 წლის 27 თებერვლიდან 2008 წლის 27 მაისამდე მ. ბ-შვილს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სს “საქართველოს ბანკში” სესხის ძირითად თანხაზე 60 000 აშშ დოლარზე დარიცხული პროცენტის სახით გადახდილი აქვს 12 695.38 აშშ დოლარი;

2008 წლის 28 თებერვალს ქუთაისის რაიონულ პროკურატურაში დაიწყო წინასწარი გამოძიება მ. ბ-შვილის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მ. ბ-შვილის განცხადება;

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიმართვის თანახმად, მათ მიერ გატარებული ღონისძიების შედეგად გ. ბ-ინას კუთვნილი საცხოვრებელი სახლი გათავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაჰბარდა მის რწმუნებულს ნ. კ-ავას 2008 წლის 10 ივლისს.

ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონით დადგენილი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება ბათილი იყო დადების მომენტიდან და არ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგებს. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა დაეფუძნა სამოქალაქო კოდექსის 59-ე, 61-ე, 183-ე, 328-ე მუხლების მოთხოვნებს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იყო დაცული.

სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება, გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, კანონის ზემოთ დასახელებული ნორმის საფუძველზე მ. ბ-შვილს წარმოეშვა ვალდებულება დაებრუნებინა საცხოვრებელი სახლი (მასში არსებული ავეჯით და სხვა მოძრავი ნივთებით), ხოლო გ. ბ-ინას _ ამ სახლის შესაძენად მიღებული ფულადი თანხა.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მ. ბ-შვილის განმარტება, რომ მან სახლის შესაძენად გადაიხადა 126 000 აშშ დოლარი, რასაც იგი ასაბუთებდა მოწმეების ჩვენებებით და პირად დღიურში მის მიერ ნაწარმოები ჩანაწერებით. ამ შემთხვევაში მის მიერ მითითებული ყველა მოწმე საუბრობდა მ. ბ-შვილის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და არ წარმოადგენდნენ თანხის გადაცემის უშუალო მოწმეებს, შესაბამისად, მათი ჩვენებები სარწმუნოდ ვერ მიიჩნეოდა. სასამართლო ასევე არ დაეყრდნო პირად დღიურში გაკეთებულ ჩანაწერებს, რომელიც თავად მოსარჩელის მიერ იყო ნაწარმოები და მასში არასწორი ჩანაწერის შესრულება სიძნელეს არ წარმოადგენდა. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ჩანაწერებს მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნდა.

საქალაქო სასამართლო ასევე არ დაეყრდნო გ. ბ-ინას მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას, რასაც მოწინააღმდეგე მხარე 122 000 აშშ დოლარის მიღების აღიარებად მიიჩნევდა. სასამართლოს მითითებით, სისხლის სამართლის საქმის მასალებში მოწმის სახით დაკითხვისას გ. ბ-ინა განმარტავდა, რომ მზად იყო, მ. ბ-შვილისათვის დაებრუნებინა 75 546 აშშ დოლარი, ანუ 122 000 აშშ დოლარს გამოკლებული სს “საქართველოს ბანკისათვის” გადახდილი 46 545 აშშ დოლარი. მისი თქმით, ეს 122 000 აშშ დოლარი ყოველთვის იყო სადავო, მაგრამ საქმის დროულად და ობიექტურად დამთავრებისთვის მზად იყო, მითითებული თანხა გადაეხადა მ. ბ-შვილისათვის, იმ პირობით, თუ საცხოვრებელ სახლს მოეხსნებოდა ყადაღა და დაუბრუნდებოდა კუთვნილი ნივთები. აღნიშნული სასამართლო სხდომაზე დაადასტურა გ. ბ-ინას წარმომადგენელმა ნ. კ-ავამაც.

რაც შეეხებოდა გ. ბ-ინას წარმომადგენლის გ. გ-იანის ჩვენებას, მისი განმარტებით, გ. ბ-ინა თანახმა იყო, მ. ბ-შვილისათვის გადაეხადა 122 000 აშშ დოლარს გამოკლებული იპოთეკის თანხა. სწორად აქედან გამომდინარე საუბრობდა იგი, რომ მ. ბ-შვილს გადასახდელი ჰქონდა დარჩენილი 128 000 აშშ დოლარი, რაც არ ასაბუთებდა გ. ბ-ინას მიერ დარჩენილი თანხის მიღებას.

საბანკო ანგარიშების და თავად გ. ბ-ინას განმარტებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით მ. ბ-შვილს გ. ბ-ინასათვის გადახდილი ჰქონდა ბინის შესაძენად 106 000 აშშ დოლარი, რომელსაც გამოაკლდა “საქართველოს ბანკისათვის” გადახდილი 46 545 აშშ დოლარი. მ. ბ-შვილს გ. ბ-ინასათვის უნდა დაკისრებოდა შედეგად მიღებული თანხის 59 455 აშშ დოლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლომ მ. ბ-შვილის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. საქმეზე დგინდებოდა, რომ გ. ბ-ინამ მ. ბ-შვილს წარმომადგენელ გ. გ-იანის მეშვეობით უფლება მისცა, იპოთეკით დაეტვირთა მისი საცხოვრებელი სახლი, იმ მიზნით, რომ სს “საქართველოს ბანკიდან” გამოეტანა სესხი და დაეფარა დარჩენილი ვალი. ამ შემთხვევაში სახეზე იყო მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი, რომლის გადახდაც უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს. ამ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ბანკთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით მ. ბ-შვილმა მიიღო 60 000 აშშ დოლარი და იხდიდა შესაბამის პროცენტებს, გ. ბ-ინას კი გადაურიცხა 40 000 აშშ დოლარი. 2007 წლის 27 თებერვლიდან 2008 წლის 27 მაისამდე მ. ბ-შვილმა სესხის ძირითად თანხაზე _ 60 000 აშშ დოლარზე პროცენტის სახით გადაიხადა 12 695.38 აშშ დოლარი. რამდენადაც სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო წლიური 19%, 40 000 შშ დოლარზე ზემომითითებულ ვადაში პროცენტის თანხა შეადგენდა 9 499 აშშ დოლარს. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია გ. ბ-ინას მოპასუხის სასარგებლოდ დაკისრებოდა დასახელებული თანხის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

რაც შეეხებოდა გ. ბ-ინას სარჩელს მ. ბ-შვილის მიმართ, მისი დაუკმაყოფილებლობა საქალაქო სასამართლომ შემდეგნაირად დაასაბუთა:

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის სახლის პირველი სართულის რემონტის ხარჯების, სახლიდან გატანილი და დაზიანებული სხვადსხვა დასახელების ავეჯის და 15 000 ლარის ოდენობით საყოფაცხოვრებო ნივთების ღირებულების ანაზღაურებას. მიუხედავად ამისა, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მ. ბ-შვილმა გ. ბ-ინას სახლში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ მიიღო მოსარჩელის მიერ დასახალებული ნივთები ან რომ ამ პერიოდის შემდეგ სახლის პირველი სართული სარემონტო გახდა. მართალია, მ. ბ-შვილმა სასამართლო სხდომაზე აღიარა რამდენიმე ნივთის გადაგდების ფაქტი, მაგრამ ვინაიდან მოსარჩელეს არ წარუდგენია ამ ნივთების ღირებულების შესახებ რაიმე მტკიცებულება, სასამართლომ მოთხოვნა მათი ფულადი სახით ანაზღაურების შესახებ, არ დააკმაყოფილა.

იმის გამო, რომ გ. ბ-ინას არ მიუთითებია, თუ რა ვალდებულება დაირღვა, რა ზიანი მიადგა მას და რამ გამოიწვია ზიანის დადგომა, საქალაქო სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლისათვის მ. ბ-შვილის მიმართ 45 000 ლარის დაკისრების თაობაზე.

მორალური ზიანის _ 20 000 ლარის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დასასაბუთებლად მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მ. ბ-შვილმა მას საჯაროდ დააბრალა თაღლითობა, რითაც შელახა მისი, ასევე მთელი ოჯახის რეპუტაცია და პატიოსანი სახელი. აღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი იცავს პირად არაქონებრივ უფლებებს, თუ სახეზეა შემდეგი გარემოებანი: შელახულია ფიზიკური ან იურიდიული პირის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია; პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები გავრცელებულია; გავრცელებული ცნობები სინამდვილეს არ შეესაბამება. პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების ქვეშ იგულისხმება ასეთი ცნობების გამოქვეყნება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, საჯარო განცხადებებში, გამოსვლებში ერთი ან რამდენიმე პირისათვის. მე-18 მუხლით გათვალისწინებული წესით დაცვას არ ექვემდებარება ცნობები, რომლებსაც შეიცავს სასამართლო გადაწყვეტილებები ან საგამოძიებო ორგანოთა დადგენილებები, მით უმეტეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული წერილობითი განცხადებები, რომლებიც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვას ექვემდებარება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებდა მ. ბ-შვილის განცხადებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც განმცხადებელი მას “თაღილითს” უწოდებდა. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობის გავრცელებად. ამდენად, გ. ბ-ინას მოთხოვნა ამ ნაწილშიც არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ტომი I, ს.ფ. 145-152).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ამავე სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში გასწორდა უსწორობა და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: “გ. ბ-ინას მ. ბ-შვილის სასარგებლოდ დაეკისროს საცხოვრებელი სახლის შეძენის მიზნით გადახდილი თანხის 59 455 (ორმოცდაცხრამეტიათას ოთხასორმოცდათხუთმეტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაბრუნება და მიყენებული ზიანის 9 499 (ცხრაათას ოთხას ოთხმოცდაცხრამეტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა” (ტომი I, ს.ფ. 154).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც გ. ბ-ინამ, ასევე მ. ბ-შვილმა. პირველ შემთხვევაში აპელანტმა მოითხოვა ზიანის ანაზღაურების ნაწილში მისი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მეორე აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გ. ბ-ინასათვის მის სასარგებლოდ დამატებით 16 091 აშშ დოლარის დაკისრება, აგრეთვე მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილის (1 744.38 აშშ დოლარი) დაბრუნება (ტომი I, ს.ფ. 159-167, 169-178).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით გ. ბ-ინასა და მ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ბ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გ. ბ-ინას მ. ბ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 75 546 აშშ დოლარის გადახდა, მასვე მ. ბ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის _ 245.68 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება; გ. ბ-ინას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მ. ბ-შვილს დაუბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი _ 2 442.13 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, აგრეთვე, საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის დადებული საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის 328-ე, 183-ე, 59-ე, 61-ე მუხლებიდან გამომდინარე, როგორც კანონით დადგენილი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება ბათილი იყო დადების მომენტიდან და არ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგებს.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სადავო სამართალურთიერთობის მოსაწესრიგებლად სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენება. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარეები ვალდებულნი იყვნენ ერთმანეთისათვის დაებრუნებინათ უსაფუძვლოდ მიღებული.

ამდენად, მ. ბ-შვილს გ. ბ-ინასათვის უნდა დაებრუნებინა საცხოვრებელი სახლი, რაც განხორციელდა, ხოლო გ. ბ-ინას _ უსაფუძვლოდ მიღებული თანხა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ შეცდომით დაადგინა გ. ბ-ინას მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ოდენობა, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ მცდარი შეფასება მისცა სისხლის სამართლის საქმეზე გ. ბ-ინასა და მისი რწმუნებულის გ. გ-იანის ჩვენებას, სადაც მათ აღნიშნეს, რომ მ. ბ-შვილს გ. ბ-ინასათვის გადახდილი ჰქონდა 122 000 აშშ დოლარი.

სინამდვილეში ადგილი ჰქონდა შემდეგს:

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლისათვის მიცემულ ჩვენებაში გ. ბ-ინამ გამომძიებლის კითხვაზე განმარტა, რომ იგი არა მარტო 2008 წლის 7 აპრილის ერთ-ერთ განცხადებაში, არამედ ბევრ სხვა განცხადებაში აღვნიშნავდა, რომ 122 000 აშშ დოლარი იდო საქართველოს ერთ-ერთ ბანკში, თუმცა ეს თანხა ყოველთვის იყო სადავო. ამასთან, მ. ბ-შვილისათვის მას უნდა გადაეხადა 75 546 აშშ დოლარი, რადგან 122 000 აშშ დოლარს გადაიხდიდა იმ შემთხვევაში, თუკი მოწინააღმდეგე მხარე თვითონ გადაიხდიდა იპოთეკის თანხას. რამდენადაც იპოთეკიდან სახლის გათავისუფლება უშუალოდ გ. ბ-ინამ განახორციელა, რაც მას დაუჯდა 46 545 აშშ დოლარი, იგი 122 000 აშშ დოლარს აკლებდა 46 454 აშშ დოლარს.

ამდენად, გ. ბ-ინას ჩვენებიდან ნათლად ჩანდა, რომ იგი 122 000 აშშ დოლარის დაბრუნებას არ აპირებდა მხოლოდ იმიტომ, რომ გადასახდელ თანხაში ქვითავდა სესხის დასაფარად გადახდილ თანხას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გარდა ზემოაღნიშნულისა, მ. ბ-შვილის მიერ გ. ბ-ინასათვის 122 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი დასტურდებოდა საქმეში არსებული რიგი მტკიცებულებებით, მაგალითად, გ. ბ-ინას მიერ საქართველოს პრეზიდენტის სახელზე მიმართული განცხადებით, იგივე დასტურდებოდა გ. ბ-ინას წარმომადგენელ გ. გ-იანის ჩვენებებით.

ზემომითითებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მ. ბ-შვილმა გ. ბ-ინას უსაფუძვლოდ გადაუხადა 122 000 აშშ დოლარი.

რამდენადაც დასახელებული თანხიდან 46 454 აშშ დოლარი გ. ბ-ინამ გადაიხადა საქართველოს ბანკში მ. ბ-შვილის სასარგებლოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა სამოქალაქო კოდექსის 444-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა ნაწილობრივ გაქვითვას. შესაბამისად, გ. ბ-ინას მ. ბ-შვილისათვის უნდა დაებრუნებინა უსაფუძვლოდ მიღებული 75 546 აშშ დოლარი (122 000-46 454).

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება გ. ბ-ინასათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, რაც იმით დაასაბუთა, რომ მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უცილოდ ბათილი იყო და გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები არ გამოუწვევია. შესაბამისად, მხარეები არ იყვნენ შებოჭილი ვალდებულებითი ურთიერთობებით და არარსებული ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დაუშვებელი იყო. სასამართლოს განმარტებით, ის, რომ ნასესხები თანხა მ. ბ-შვილმა გადასცა გ. ბ-ინას არარასებული ვალდებულების ანგარიშში, მ. ბ-შვილს ანიჭებდა უსაფუძვლოდ გადაცემულის უკან დაბრუნების მოთხოვნის და არა სხვა ვალდებულების შესასრულებლად თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ბ-ინას სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში.

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ გ. ბ-ინას მოთხოვნასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადგილი არ ჰქონდა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობას, კერძოდ, არ დგინდებოდა, რომ გ. ბ-ინა აპირებდა სახლის გაქირავებას; არ დგინდებოდა თუ რა ოდენობის საზღაურს მიიღებდა იგი ქირავნობის შემთხვევაში; ხომ არ იყო გამოწვეული გ. ბ-ინას შემოსავლის მიუღებლობა მ. ბ-შვილის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით და იყო თუ არა ეს ზიანი სავარაუდო მ. ბ-შვილისათვის, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მხარეთათვის დასაკისრებელი სასამართლო ხარჯების ოდენობა შემდეგნაირად განსაზღვრა:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გ. ბ-ინას მ. ბ-შვილის სასარგებლოდ მთლიანობაში დაეკისრა 68 954 აშშ დოლარის (59 455+9 499), ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით 75 546 აშშ დოლარის გადახდა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლს გადაწყვეტილებით მ. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა 6 592 აშშ დოლარის ნაწილში (75 546-68954). დასახელებული თანხის 4% შეადგენს 263.68 აშშ დოლარს, რაც უნდა დაკისრებოდა გ. ბ-ინას მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მ. ბ-შვილის მოთხოვნა მისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის დაბრუნების შესახებ.

საქმეზე დგინდებოდა, რომ გ. ბ-ინას წარმომადგენელმა ნ. კ-ავამ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მ. ბ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, 58 146 აშშ დოლარის ნაწილში ცნო. გ. ბ-ინას წარმომადგენელს აღნიშნული უფლებამოსილება გააჩნდა 2008 წლის 24 ივლისს გაცემული რწმუნებულების საფუძველზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ბ-შვილს უნდა დაბრუნებოდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი იმ ნაწილში, რა ნაწილშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი.

იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ მთელს მოთხოვნაზე, 75 546 აშშ დოლარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობამ 3 178.33 ლარი შეადგინა, ამასთან, მან დავის საგნის ღირებულებად 105 764.40 ლარზე მიუთითა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ბ-შვილისათვის დასაბრუნებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა გამოანგარიშებულიყო 81 404.4 ლარიდან (105764.4/75546X58146=81404.4). შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მ. ბ-შვილისათვის დაბრუნებას ექვემდებარებოდა 81 404.4 ლარის 3%, რაც შეადგენდა 2 442.13 ლარს (ტომი VII, ს.ფ. 81-99).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მარტის განჩინებით გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში დაშვებული უსწორობა და ნაცვლად წინადადებისა: დაეკისროს გ. ბ-ინას მ. ბ-შვილის სასარგებლოდ მ. ბ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 245.68 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება, მიეთითა: დაეკისროს გ. ბ-ინას მ. ბ-შვილის სასარგებლოდ მ. ბ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 263.68 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება (ტომი VII, ს.ფ. 100-102).

2009 წლის 2 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. ბ-ინამ, რომელმაც მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე ყადაღის დადების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმება (ტომი VII, ს.ფ. 107).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 აპრილის განჩინებით გ. ბ-ინას განცხადება ყადაღის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 20 ივნისის განჩინებით მ. ბ-შვილის განცხადების საფუძველზე სარჩელის აღძვრამდე მის უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო ქუთაისში, ... ქ. ¹31-ში მდებარე გ. ბ-ინას კუთვნილ უძრავ ქონებას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) მხოლოდ იმ შემთხვევაში არის უფლებამოსილი გააუქმოს სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, თუ სასარჩელო წარმოება დამთავრდება მოსარჩელის საწინააღმდეგოდ.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მ. ბ-შვილის განცხადებიდან ცალსახად ჩანდა, რომ იგი აპირებდა სარჩელის აღძვრას სასამართლოში როგორც ნასყიდობის საზღაურის (122 000 აშშ დოლარის) დაბრუნების, ასევე ზიანის 20 000 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით. ამას ადასტურებდა ისიც, რომ მან, შემდგომში, სწორედ ამ მოთხოვნებით აღძრა სარჩელი. ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 20 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ბ-შვილის განცხადება, როგორც ნასყიდობის საზღაურის დაბრუნების, ასევე ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე.

რამდენადაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით მ. ბ-შვილის სარჩელი გ. ბ-ინას მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შემთხვევა. შესაბამისად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების (ყადაღის) გაუქმების თაობაზე არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ტომი VII, ს.ფ. 122-127).

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2009 წლის 13 მარტის, 2009 წლის 15 აპრილის განჩინებები საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ინამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინებების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მ. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდება მხოლოდ 59 546 აშშ დოლარის მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო გ. ბ-ინას სარჩელი დაკმაყოფილდება იმგვარად, რომ მ. ბ-შვილის მის სასარგებლოდ დაეკისრება 45 000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის და 15 000 აშშ დოლარის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის (მთლიანობაში 60 000 აშშ დოლარის) ანაზღაურება.

კასატორი აღნიშნავს, რომ ბინის შეძენის მიზნით მთლიანობაში მას მიღებული აქვს 106 000 აშშ დოლარი. ამ თანხიდან 91 000 აშშ დოლარი მიიღო საბანკო გადარიცხვებით, კერძოდ, 49 600 აშშ დოლარი 2006 წლის 24 თებერვლიდან 2007 წლის 28 თებერვლამდე მ. ბ-შვილმა ჩარიცხა გ. ბ-ინას რწმუნებულის გ. გ-იანის ანგარიშზე, ხოლო 2007 წლის 28 თებერვალს მან გ. ბ-ინას ანგარიშზე ჩარიცხა 40 000 აშშ დოლარი. გარდა ამისა, საბანკო გადარიცხვით გ. ბ-ინამ მიიღო 1 400 აშშ დოლარი.

რაც შეეხება დარჩენილ თანხას _ 15 600 აშშ დოლარს, რომელიც გ. ბ-ინას მიღებული აქვს უნაღდო ანგარიშსწორებით, კასატორი ამ თანხის მიღებას სადავოდ არ ხდის და აღიარებს, რომ 5 000 აშშ დოლარი დახარჯა ძმის, გ. ბ-ძის სახლის რემონტისათვის, ხოლო დანარჩენი თანხა მიიღო ხელზე.

კასატორის მოსაზრებით, მტკიცებას არ საჭიროებს ფაქტი იმის შესახებ, რომ მან 106 000 აშშ დოლარიდან დაფარა მ. ბ-შვილის მიერ საქართველოს ბანკიდან 2007 წლის 27 თებერვალს აღებული იპოთეკური სესხი _ 46 454 აშშ დოლარი. ამიტომ იგი მიიჩნევს, რომ 106 000 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს სესხის დაფარვის თანხა 46 454 აშშ დოლარი. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარისათვის დაბრუნებას ექვემდებარება დარჩენილი თანხა _ 59 546, რა ნაწილშიც გ. ბ-ინამ სარჩელი ცნო.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ გ. ბ-ინას მ. ბ-შვილისაგან სახლის შეძენის მიზნით მთლიანობაში მიღებული აქვს 122 000 აშშ დოლარი, რამდენადაც სასამართლომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე გაითვალისწინა როგორც ზემომითითებული ჩვენება, ისე იმ მოწმეების განმარტებები, რომლებიც არადამაჯერებლად განმარტავდნენ, რომ თითქოს გ. ბ-ინასაგან იცოდნენ მოპასუხის მიერ მისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობის _ 68 000 აშშ დოლარის თაობაზე.

კასატორი ასევე არ იზიარებს სასამართლოს მიერ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ მისი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობას. გ. ბ-ინას აზრით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ იგი არ აპირებდა სახლის გაქირავებას. საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე აპირებდა სახლის გაქირავებას ან გაყიდვას. ასეც რომ არ ყოფილიყო, დადგენილია ფაქტი იმის თაობაზე, რომ მ. ბ-შვილი მართლსაწინააღმდეგოდ ფლობდა სხვის საკუთრებას და ოცდაათი თვის განმავლობაში ხელს უშლიდა მესაკუთრეს მისი საკუთრებით სარგებლობაში, რაც სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისად უნდა მიჩნეულიყო (ტომი VII, ს.ფ. 133-140, 145-155, 255).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის განხილვისას, საკასაციო საჩივრის არსებითად მოსმენის დაწყებამდე მხარეები მორიგდნენ და წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი:

გ. ბ-ინა თანახმაა, რომ მ. ბ-შვილს გადაუხადოს 63 000 აშშ დოლარი, ხოლო მ. ბ-შვილი თანახმაა, მიიღოს აღნიშნული თანხა;

თანხის გადახდა მოხდება მორიგების დამტკიცებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, მხარეთა მიერ შერჩეულ ნოტარიუსთან, მ. ბ-შვილისათვის თანხის ფიზიკურად გადაცემით;

მორიგების დამტკიცების შემთხვევაში მ. ბ-შვილი თანახმაა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს სთხოვს, გააუქმოს გ. ბ-ინას საცხოვრებელ სახლზე, მდებარე ქ. ქუთაისი, ... ქ. ¹31, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში;

მხარეები აცნობიერებენ მორიგების აქტის შინაარსს, რომელიც სრულად გამოხატავს მათ ნებას, მათთვის ცნობილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება და ისინი (ორივე მხარე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას სთხოვენ, დაამტკიცოს წარმოდგენილი მორიგების აქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია მისი დამტკიცება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორს _ გ. ბ-ინას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 6 000 ლარი (თავდაპირველად გ. ბ-ინას მიერ გადახდილი 4 000 ლარი და შემდგომში ვახტანგ ნაყოფიას მიერ გადახდილი 2 000 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 257-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

I. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:

გ. ბ-ინა თანახმაა, რომ მ. ბ-შვილს გადაუხადოს 63 000 აშშ დოლარი, ხოლო მ. ბ-შვილი თანახმაა, მიიღოს აღნიშნული თანხა;

თანხის გადახდა მოხდება მორიგების დამტკიცებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, მხარეთა მიერ შერჩეულ ნოტარიუსთან, მ. ბ-შვილისათვის თანხის ფიზიკურად გადაცემით;

მორიგების დამტკიცების შემთხვევაში მ. ბ-შვილი თანახმაა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს სთხოვს, გააუქმოს გ. ბ-ინას საცხოვრებელ სახლზე, მდებარე ქ. ქუთაისი, ... ქ. ¹31, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში;

მხარეები აცნობიერებენ მორიგების აქტის შინაარსს, რომელიც სრულად გამოხატავს მათ ნებას, მათთვის ცნობილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება და ისინი (ორივე მხარე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას სთხოვენ, დაამტკიცოს წარმოდგენილი მორიგების აქტი.

II. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.

III. გ. ბ-ინას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 6 000 ლარი (თავდაპირველად მის მიერ გადახდილი 4 000 ლარი და შემდგომში ვახტანგ ნაყოფიას მიერ გადახდილი 2 000 ლარი) ანგარიშიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი _ 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე.

IV. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.