Facebook Twitter

საქმე №509აგ-15 1 ივნისი, 2016 წელი

გ-ა პ., 509აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 ივნისის განაჩენით პ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 16 წლით, 273-ე მუხლითა და 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით პ. გ-ს მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 30 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი, 3 თვე, 23 დღე და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 23 წლით, 3 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენით პ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2 ეპიზოდი) მიესაჯა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და ამ მუხლით თითოეული ეპიზოდისათვის განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით პ. გ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით პ. გ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 5 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილება შეიცვალა: მსჯავრდებულ პ. გ-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი; განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე პ. გ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილების მიღების დღიდან.

8. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე პ. გ-ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 30 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 152–ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტით დანიშნული სასჯელი – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელშიც ჩაეთვალა მოხდილი ნაწილი – 5 წელი, 7 თვე, 7 დღე და მოსახდელად დარჩა 2 წლით, 7 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა; პ. გ-ს ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები, ხოლო სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა და საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით, 5 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა.

9. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განჩინებით გაუქმდა პ. გ-ს მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 ივნისის განაჩენით დადგენილი და იმავე სასამართლოს 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე დარჩენილი სასჯელის აღსრულების გადავადება და მის მიმართ აღსრულდა სასჯელი. ამ მიზნით მსჯავრდებული პ. გ-ა სასჯელის მოუხდელი ნაწილის – 14 წლით, 5 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად მოთავსდა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განჩინების გამოტანის მომენტიდან.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 მარტის განჩინებით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.

11 რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივლისის განჩინებით პ. გ-სათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით საბოლოოდ განსაზღვრულ სასჯელს – 6 წლითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განჩინებით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 13 წლით, 11 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთიდან – 8 წელი, 11 თვე, 13 დღე და განაჩენთა ერთობლიობით პ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

12. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის განჩინებით აღმოიფხვრა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივლისის განჩინებაში დაშვებული უზუსტობა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით განსაზღვრულ სასჯელს – 6 წლითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთას დაემატა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განჩინებით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 13 წლით, 11 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთიდან – 8 წელი, 11 თვე, 13 დღე და პ. გ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული ჯარიმა – 2000 ლარი.

13. 2015 წლის 18 აგვისტოს მსჯავრდებულმა პ. გ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვისა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივლისის განჩინება შეიცვალა: მსჯავრდებულ პ. გ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე და განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განჩინებით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 8 წელი, 11 თვე, 13 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 14 წლით, 11 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულ პ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2008 წლის 14 ივნისიდან 2014 წლის 17 ივლისამდე და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 17 ივლისიდან.

15. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივლისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

16. მსჯავრდებულ პ. გ-ს ადვოკატი დ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 აგვისტოს განაჩენის შეცვლას და პ. გ-სათვის სასჯელის მინიმუმის განსაზღვრას, მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ პ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით პ. გ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), ხოლო დანიშნული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა 8 წლამდე, რაც ახალი რედაქციის სსკ-ის სანქციის ფარგლებშია (ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას).

4. პალატა მიუთითებს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე, დანიშნული სასჯელის მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან შესაბამისობის თაობაზე და შეამციროს მისი ზომა.

5. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მისთვის სასჯელის მინიმუმის განსაზღვრის თაობაზე.

6. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულს არასწორად განესაზღვრა საბოლოო სასჯელი, კერძოდ: სააპელაციო პალატამ სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელში - 6 წლით თავისუფლების აღკვეთაში - პ. გ-ს მოხდილად არ ჩაუთვალა 2008 წლის 14 ივნისიდან 2009 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდი - 1 წელი, 5 თვე და 13 დღე, რაც მას ჩათვლილი ჰქონდა რუსთავის 2014 წლის 17 ივლისის განჩინებით. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ პ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 4 წლით, 6 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ უნდა დაემატოს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განჩინებით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 8 წელი, 11 თვე და 13 დღე და საბოლოოდ პ. გ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ პ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. მსჯავრდებულ პ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით სასჯელის სახით განესაზღვროს 4 წლით, 6 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატოს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 8 წელი, 11 თვე და 13 დღე და საბოლოოდ პ. გ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახით განესაზღვროს 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე