Facebook Twitter

ას-440-790-07 10 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – გ. რ-ე, კ. გ-ა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ი-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინება

დავის საგანი – საკუთრების უფლების აღდგენა

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

A აღწერილობითი ნაწილი:

დ. ი-მა სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - კ. გ-სა და გ. რ-ის მიმართ დარღვეული საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1991 წელს მან და მისმა ძმამ მემკვიდრეობით მიიღეს სახლი მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹39-ში, რომელიც აშენებულია 1870 წელს მათი ბებიის მამის – ნ. ნ-ის მიერ. აღნიშნული სახლი 17 - ოთახიანია და უჭირავს 580 კვ.მ. 2001 წლის აპრილში მოსარჩელემ მიმართა ქ. თბილისის საჯარო რეესტრის სამსახურს რეგისტრაციისათვის, მაგრამ სამსახურის თანამშრომლების მიერ აზომვის დროს აღმოჩნდა, რომ მოპასუხეების – კ. გ-სა და გ. რ-ის მიერ მომიჯნავე საზღვარი ... ქუჩის მხრიდან გადმოწეული იყო ერთი მეტრით, რის გამოც კანონიერი ზომა 17,85 მეტრი შემცირდა 16,85 მეტრამდე. მოსარჩელემ მოსთხოვა რა მოპასუხეებს მიჯნის გადაწევა და მისი კანონიერი საზღვრების აღდგენა, მათ წარადგინეს ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 1992 წელს გაცემული საინვენტარიზაციო გეგმა, რომელშიც წინა განივი ზომა შეადგენს 9,50 მეტრს, რის მიხედვითაც მოსარჩელის განმარტებით, უქმდება მისი სახლის უკანა ეზოს 3\4 ნაწილი. აღნიშნული საკითხის გასარკვევად მოსარჩელემ მიმართა ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს. პასუხად აცნობეს, რომ 1992 წელს გაცემული საინვენტარიზაციო გეგმა არის კანონიერი და შედგენილია ე.წ. „რეალური გეგმით“, რომლის თანახმად წინა განივი ზომა, ნაცვლად 9,60 მეტრისა, შეცვალეს 8,80 მეტრით. გარდა ამისა, 2000 წლის ოქტომბერში გ. რ-მ აწარმოა უკანონო მშენებლობა, რის შედეგადაც შენობა დამატებით გაიზარდა ერთი მეტრი სიგანით და უკანონოდ გამოჭრა ფანჯრის ღიობები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დავალდებულება მათივე ხარჯებით.

თბილისის დიდუბე-ღუჩურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა დ. ი-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე კ. გ-სა და გ. რ-ის მიმართ დარღვეული საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ უსაფუძვლობის გამო.

გადაწყვეტილება გაასაჩივრა დ. ი-მა სააპელაციო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. ამასთან, აპელანტმა მოითხოვა დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. 2005 წლის 31 მარტს საქმე დაბრუნდა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, რის საფუძველზეც თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 6 აპრილის განჩინებით დ. ი-ს სააპელაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 მაისის სასამართლო სხდომაზე დ. ი-მა იშუამდგომლა დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 მაისის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეზე დაინიშნა დამატებითი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. საქმე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დაბრუნდა 2006 წლის 6 სექტემბერს, რის საფუძველზეც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 სექტემბრის განჩინებით დ. ი-ს სააპელაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.

სააპელაციო პალატის 2007 წლის 26 იანვრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოწინააღმდეგე მხარეები – კ. გ-ა და გ. რ-ე, რომლებსაც ეცნობათ სხდომის დღის თაობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

აღნიშნულ განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს კ. გ-მ და გ. რ-მ. კასატორებმა მიუთითეს, რომ გ. რ-ე ვერ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, ვინაიდან შვილიშვილი გახდა სხდომის დღეს ავად, კ. გ-ა კი ცუდად გახდა, რის გამოც ექიმმა აუკრძალა სახლიდან გასვლა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ გ. რ-ისა და კ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.

ამ მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

დადგენილია, რომ მოცემული საქმის განხილვა დაინიშნა 2007 წლის 26 იანვარს. მხარეები გაფრთხილებულ იქნენ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნულ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდნენ მოწინააღმდეგე მხარეები – კ. გ-ა და გ. რ-ე, რის გამოც მიღებულ იქნა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ.411). აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს კ. გ-მ და გ. რ-მ.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გ. რ-ის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ იგი ვერ გამოცხადდა სხდომის დღეს შვილიშვილის ავად გახდომის გამო. როგორც უბნის ექიმის მიერ გაცემული ცნობიდან ჩანს, მ. ლ-ი, რომელიც არის გ. რ-ის შვილიშვილი 2007 წლის 26 იანვარს მწვავე ვირუსული ინფექციით იყო ავად. თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს საპატიო მიზეზს, რის გამოც გ. რ-ს არ შეეძლო პროცესზე გამოცხადება. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კ. გ-ს მითითებას იმის შესახებ, რომ იგი მწვავე რესპირატორული ვირუსით იყო ავად და სახლიდან გასვლა არ შეეძლო. მართალია, კ. გ-მ წარმოადგინა ცნობა, მაგრამ აღნიშნული ცნობა ვერ ჩაითვლება საპატიო მიზეზად, ვინაიდან ამ ცნობით არ დასტურდება ის, რომ კ. გ-ს არ შეეძლო სასამართლო პროცესზე გამოცხადებულიყო და აღნიშნულ ცნობას ხელს აწერს არა დაწესებულების ხელმძღვანელი, არამედ მკურნალი ექიმი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად, ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მათ მიერ სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გ. რ-ისა და კ. გ-ს გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და მათ მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მართებულად გამოიტანა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კ. გ-ა და გ. რ-ე სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყვნენ კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. რ-ისა და კ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.