საქმე №514აგ-15 თბილისი
ნ-ე მ., 514აგ-15 7 ივნისი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მ. ნ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. მ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი - 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. მ. ნ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2013 წლის 9 აგვისტოდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 11 მარტიდან იმავე წლის 20 მარტის ჩათვლით.
2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის განაჩენით მ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 აგვისტოს განაჩენით მ. ნ-ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მ. ნ-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2014 წლის 27 სექტემბრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის განაჩენი შეიცვალა და მსჯავრდებულ მ. ნ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. 2015 წლის 9 ნოემბერს მსჯავრდებულმა მ. ნ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განაჩენები:
· მსჯავრდებული მ. ნ-ე გათავისუფლდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) 8 წლით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან;
· მსჯავრდებულ მ. ნ-ს მოსახდელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 აგვისტოს განაჩენით დადგენილი სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2014 წლის 27 სექტემბრიდან;
· გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 აგვისტოს, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ნ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და სასჯელისაგან გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის პირველი მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისათვის შეძენისა და შენახვის გამო.
4. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მსჯავრდებული მ. ნ-ე გათავისუფლდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების - 52,06 გრამი „გამომშრალი მარიხუანის“ შეძენა და შენახვა) და „დ“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო მოსახდელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 აგვისტოს განაჩენით დადგენილი სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან ამ განაჩენით მ. ნ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში - დიდი ოდენობით (0,0378 გრამი) ნარკოტიკული საშუალების - „დეზომორფინის“ შემცველი ნივთიერების შეძენისა და შენახვის ფაქტზე, რაზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია.
5. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 აგვისტოს განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელისაგან მისი გათავისუფლების შესახებ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე