ას-441-791-07 19 სექტემბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ჟ. გ-ი-ბ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. გ-ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინება
დავის საგანი - დაუსწრებელი გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ჭიათურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ი. ც-მა და ნ. გ-მა მოპასუხე ჟ. გ-ი-ბ-ის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხისათვის გადასახდელალდ 600 აშშ დოლარის დაკისრება.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 9 მარტის განჩინებით ი. ც-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო ნ. გ-ს სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ.გ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ამ საქმეზე ჭიათურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნ.გ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ჟ. გ-ი-ბ-ს ნ.გ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 600 აშშ დოლარის გადახდა.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ჟ. გ-ი-ბ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინებით ჟ. გ-ი-ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. გ-ი-ბ-მ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, საქმეზე გამოიტანა უკანონო განჩინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საერთოდ არ შეიცავს დასაბუთებას დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. განჩინების შინაარსიდან არ ჩანს რომელი ფაქტები ჩათვალა სააპელაციო პალატამ დადგენილად და, შესაბამისად, რომელ ფაქტებს მიანიჭა ან არ მიანიჭა იურიდიული მნიშვნელობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრებული განჩინების შემოწმება საერთოდ შეუძლებელია, ვინაიდან არ ჩანს რომელ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს ემყარება იგი.
ამდენად, განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე უხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჟ. გ-ი-ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.