Facebook Twitter

საქმე №518აგ-15 2 ივნისი, 2016 წელი

ს-ე ი., 518აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ს-ს საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 მაისის განაჩენით ი. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ი. ს-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.

6. 2015 წლის 14 აგვისტოს მსჯავრდებულმა ი. ს-მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – 2015 წლის 31 ივლისს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვისა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: მსჯავრდებულ ი. ს-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 14 თებერვლიდან. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 მაისის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის განაჩენები და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

8. მსჯავრდებული ი. ს-ე საკასაციო საჩივრებით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვას, მისი ქმედების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2015 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და გასაღება მუხლის სხვადასხვა ნაწილში მოექცა. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, მართალია, მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადავიდა, მაგრამ – გასაღება, რაშიც მსჯავრდებულს ასევე დაედო მსჯავრი, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილის (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) თანახმად, დანაშაულის კატეგორიის ნაწილში დარჩა უცვლელად, ხოლო სანქციის ნაწილში დამძიმდა. ამდენად, ი. ს-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლთან შესაბამისობაში მოყვანით, მისი სამართლებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

3. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა მიუთითებს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

4. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ი. ს-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე