ას-442-756-09 22 ივლისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ......... სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. გ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 14 აპრილს გ. გ-ამ განცხადებით მიმართა სოხუმის რაიონულ და სოხუმის საქალაქო სასამართლოს უდავო წარმოების წესით იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე. განცხადებაში მითითებული იყო, რომ იგი არის აფხაზეთიდან დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე გ. გ-ა, რომელიც პირველი მექანიზირებული ბატალიონის მესამე ასეულის გათვლის ნომრად დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 23-ე ბრიგადის პირველი მექანიზირებული ბატალიონის მეთაურის 1993 წლის 10 აპრილის ¹60 ბრძანებით. განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნულ ბრძანებაში მისი მონაცემები არასწორადაა დაფიქსირებული, კერძოდ გ. ......... გა-ას ნაცვლად მითითებულია გო-ა გ. . ანალოგიური შეცდომაა დაშვებული აფხაზეთის მეომართა კავშირის მიერ 2008 წლის 11 მარტს გაცემულ ¹7/873 საბრძოლო მოკვლევაში, სადაც განმცხადებელი მითითებულია, როგორც გო-ა (გა-ა) გ. .
აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა იმის თაობაზე, რომ გო-ა გ. სახელზე გაცემული საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 23-ე ბრიგადის პირველი მექანიზირებული ბატალიონის მეთაურის 1993 წლის 10 აპრილის ¹60 ბრძანება და აფხაზეთის მეომართა კავშირის მიერ 2008 წლის 11 მარტს გაცემული ¹7/873 საბრძოლო მოკვლევა ეკუთვნის მას _ გ. გა-ას.
სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით გ. გა-ას განცხადება დაკმაყოფილდა. დადგენილად იქნა ცნობილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ უფლების დამდგენი საბუთი _ საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 23-ე ბრიგადის პირველი მექანიზირებული ბატალიონის მეთაურის 1993 წლის 10 აპრილის ¹60 ბრძანება ამ ბატალიონში გო-ა გ. ჩარიცხვის შესახებ ეკუთვნის განმცხადებელ გა-ა გ. .
აღნიშნული გადაწყვეტილება 2008 წლის 1 ივლისს სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ....... სამინისტრომ. აპელანტმა საჩივარში მიუთითა, რომ ........ მინისტრის 2007 წლის 3 აპრილის ¹158 ბრძანებით ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული “საბრძოლო მოკვლევის წარმოების წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე მინისტრის 2001 წლის 18 ივლისის ¹155 ბრძანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო 2008 წლის 11 მარტს საბრძოლო მოკვლევის ჩატარება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას. სააპელაციო საჩივარში ასევე მითითებულია, რომ სასამართლოს არ გამოუთხოვია საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 23-ე ბრიგადის პირველი მექანიზირებული ბატალიონის მეთაურის 1993 წლის 10 აპრილის ¹60 ბრძანების გამოცემის საფუძველი. ამავე დროს, დოკუმენტების ნაწილში განმცხადებლის სახელი მითითებულია, როგორც “გ-ი”, ნაწილში კი იგი ნახსენებია სახელით _ “გ.”. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის მასალები, საფუძვლიანად არ მოახდინა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და არ მისცა მათ სწორი შეფასება, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს საკითხი უნდა განეხილა არა უდავო წარმოების, არამედ საერთო სასარჩელო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ........ სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლით: სოხუმის შს რაიონული განყოფილების მიერ 1999 წლის 23 თებერვალს გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით, დაბადების ¹59 მოწმობით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ 2007 წლის 30 ივლისს გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის _ დევნილის მოწმობით, აფხაზეთის ა/რ მთავრობის აღმოსავლეთ საქართველოში წარმომადგენლობის მიერ 2008 წლის 12 მარტს გაცემული ¹901 ცნობით დასტურდება, რომ განმცხადებელი არის გ. გა-ა დაბადებული 19....... წლის ......... დეკემბერს. აფხაზეთის მეომართა კავშირის 2008 წლის 11 მარტს შედგენილი ¹7/873 საბრძოლო მოკვლევით დასტურდება, რომ გო-ა (გა-ა) გ. 1993 წლის 1 აპრილიდან ირიცხებოდა 23-ე ბრიგადის I მოტომსროლელ ბატალიონში მესამე საცეცხლე ოცეულის გათვლის ნომრად.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რომან ჯაიანმა (რომელიც აფხაზეთის ომის დროს იყო შსს პოლიციელი, ამავე დროს არის განმცხადებლის ცოლის ძმა და იბრძოდა მასთან ერთად) და რ. რ-ამ (რომელიც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს იბრძოდა 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონში) დაადასტურეს, რომ გ. გა-ა ირიცხებოდა 23-ე ბრიგადის I მექანიზებულ ბატალიონში მესამე საცეცხლე ოცეულში და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში აფხაზეთის დაცემამდე.
ამავე დროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო სამისამართო ბიუროში არანაირო მონაცემი არ მოიპოვება 19........ წლის ...... დეკემბერს დაბადებული გო-ა გ. შესახებ.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სსსკ-ის 315-ე მუხლის თანახმად გ. გა-ამ მიუთითა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მიზანი _ ვეტერანის სტატუსის მინიჭება და აქედან გამომდინარე გარკვეული შეღავათების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტი ვერ უთითებს განსახილველი იურიდიული ფაქტის დადგენით სამინისტროს რაიმე მატერიალური უფლების დარღვევის შესახებ, რაც სასარჩელო წარმოებაში მისი, როგორც მოდავე მხარის სტატუსის განსაზღვრისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარესოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება 2009 წლის 15 მაისს საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ......... სამინისტროს მიერ მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. საჩივარში მითითებულია, რომ განცხადების ავტორის _ გ. გა-ს მიზანი იყო ზემოთ მითითებული დოკუმენტების კუთვნილების დადგენის შემდეგ დაიდგინოს ვეტერანის სტატუსი და მიიღოს გარკვეული სოციალური შეღავათები. აღნიშნული ქმნიდა განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძვრის დავა ისეთი უფლების შესახებ, რომელიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო წესით. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 23-ე ბრიგადის პირველი მექანიზირებული ბატალიონის მეთაურის 1993 წლის 10 აპრილის ¹60 ბრძანების კუთვნილების აღიარება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ........... სამინისტროს გააჩნია კანონიერი ინტერესი, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონიერი და ყოველმხრივ გამოკვლეული აქტი უნდა გამოსცეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის განჩინებით, საქართველოს ........ სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 22 ივნისის განჩინებით საქართველოს ........... სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა არსებითად განსახილეველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საქართველოს .......... სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი და არაქონებრივი უფლების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა, ხოლო მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო განიხილავს საქმეებს უფლების დამდგენი საბუთების იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ უდავო წარმოების წესით განიხილება მხარის მოთხოვნა ისეთი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე, რა დროსაც შესაძლებელია მოხდეს პირის იდენტიფიცირება იმ დოკუმენტების მიმართ, რომელშიც მისი პირადი მონაცემები არასწორადაა დაფიქსირებული.
უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, რათა მან განიხილოს საქმე საერთო სასარჩელი წესით. აღნიშნული დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის თანახმად, თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძრის დავა ისეთი უფლებების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე. მითითებული ნორმით, უდავო წარმოებით საქმის განხილვამდე და გადაწყვეტილების გამოტანამდე სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, შესაძლებელია, თუ არა აღიძრას დავა უფლების შესახებ და მიიღოს ზომები, რომ განსახილველი ფაქტის შესახებ შეატყობინოს სავარაუდოდ დაინტერესებულ პირებს. უდავო წარმოების საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელთა უფლებებიც ამ ფაქტის დადგენით შეილახა. ამდენად, უნდა დავასკვნათ, რომ უდავო წარმოებით განსახილველი საქმე სასარჩელო წარმოებით განსახილველი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უდავო წარმოების წესით განსახილველ საქმეზე აღიძვრის დავა უფლების შესახებ.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 315-ე მუხლი მოითხოვს, რომ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს ამ ფაქტის დადგენა. ამ მიზნის მითითება აუცილებელია იმისათვის, რომ სასამართლო გაერკვეს, წარმოადგენს თუ არა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ის ფაქტი, რომლის დადგენასაც განმცხადებელი ითხოვს.
მოცემულ შემთხვევაში გ. გა-ა ითხოვს არსებული ხარვეზის გამო უფლებადამდგენი საბუთების მისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენას, რის საფუძველზეც სამომავლოდ მას შეეძლება მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კანონით დადგენილი შეღავათების მასზე გავრცელება. ანუ, განსახილველ შემთხვევაში იურიდიული ფაქტის დადგენას შეიძლება მოჰყვეს (თუ გ. გა-ა ამ უფლებას გამოიყენებს და თუ კანონით გათვალისწინებული რაიმე სხვა დამაბრკოლებელი გარემოება არ არის) ის სამართლებრივი შედეგი, რომლის დადგომაც განმცხადებელს სურს.
უდავო წარმოების წესით განსახილველი საქმეების იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, ყველა იურიდიული ფაქტის დადგენის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს განმცხადებლის მიზნისა და ფაქტის იურიდიული მნიშვნელობის დადგენა. ამასთან, განმცხადებლის იურიდიული ფაქტის დადგენის მიზანს უმეტესწილად უკავშირდება დაინტერესებული პირის არსებობა, რომელიც არ არის იდენტური მოდავე პირისა. მიუხედავად იმისა, რომ უდავო წარმოებაში არ გვყავს ურთიერთდაპირისპირებული მხარეები და არ არსებობს დავა უფლებაზე, უდავო წარმოება შეიძლება ჩავთვალოთ უდავოდ მხოლოდ იმ მხრივ, რომ მასში არა გვაქვს უფლების შესახებ დავა, რომელიც დამახასიათებელია სასარჩელო წარმოებისათვის.
უდავო წარმოების წესით განსახილველ საქმეში დადგენილია ფაქტები და არა ამ ფაქტების სამართლებრივი შედეგები, ე.ი. თუ რა შედეგს უკავშირებს კანონი უდავო წარმოების წესით დადგენილ ფაქტს.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ასკვნის, რომ უდავო წარმოებაში დაინტერესებული პირის არსებობა და ამ პირის მიერ გამოთქმული უარყოფითი მოსაზრება დასადგენ იურიდიულ ფაქტთან მიმართებით, ცალსახად არ ნიშნავს ამ პირის უფლების დარღვევას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლით გათვალისწინებულ დავას უფლების შესახებ მაშინ აქვს ადგილი, როდესაც კონკრეტული განმცხადებლისათვის დადგენილი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იჭრება დაინტერესებული პირის უფლებაში და ართმევს მას შესაძლებლობას, სრულად და თავისუფლად გამოიყენოს ეს უფლება. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეების განხილვისას დაინტერესებულ პირებს წარმოადგენენ პროცესის ის მონაწილენი, რომელთა უფლებებზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ კონკრეტულ საქმეზე გამოტანილმა სასამართლო გადაწყვეტილებამ. პროცესის ეს მონაწილეები ამიტომაც დაინტერესებულნი არიან საქმის სწორად გადაწყვეტით.
ამასთან, საქართველოს ......... სამინისტროს საქმის სასამართლო განხილვის არცერთ სტადიაზე, არც პირველ ინსტანციაში და არც სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია განსახილველი იურიდიული ფაქტის დადგენით თავისი კონკრეტული მატერიალური უფლების დარღვევაზე, რაც სასარჩელო წარმოებაში მოდავე მხარის სტატუსისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. უფრო მეტიც, საქართველოს ............ სამინისტრო არ ხდის სადავოდ და არ მიიჩნევს, რომ გ. გა-ა და გო-ა გ. სხვადასხვა პიროვნებებს წარმოადგენენ, ამავე დროს, სამინისტრო ვერ უთითებს, დადგენილი იურიდიული ფაქტით მისი რა უფლება იქნა დარღვეული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა მტკიცებულებები, შესაბამისად გასაჩივრებულ განჩინებაში ადგილი არ აქვს კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევას, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 284-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს .......... სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.