Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-442-792-07 10 მარტი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ. პ-ავა-ლ-იძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა-აძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება და ნივთის ნატურით გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ა-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. პ-ავა-ლ-იძის მიმართ და მოითხოვა საერთო საკუთრებაში არსებული ქ.ბათუმში, … გამზირ ¹56-ში მდებარე ¹59 ბინიდან რეალური წილის გამოყოფა, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, მოგვიანებით კი დააზუსტა თავისი მოთხოვნა და მოითხოვა სადავო უძრავი ნივთის აუქციონის წესით გაყიდვა და მისი ღირებულების მხარეთა შორის გაყოფა შემდეგი საფუძვლით: 2003 წლის 22 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობით, მხარეებმა თანაბარწილად მიიღეს საკუთრებაში სადავო საცხოვრებელი ბინა, სადაც ცხოვრობს მოპასუხე ოჯახთან ერთად. მხარეებს შორის არსებული კონფლიქტის გამო ნ. ა-აძე კუთვნილი ბინით ვერ სარგებლობს.

ქ. პ-ავა-ლ-იძემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სადავო უძრავი ნივთის ღირებულება შეადგენს 13000 აშშ დოლარს, საიდანაც მოპასუხეს ეკუთვნის 6500 აშშ დოლარი. რაც შეეხება მოსარჩელის წილს, მხარე უფლებამოსილია, გაასხვისოს იგი საჯარო აუქციონის წესით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საზიარო უფლება ქ.ბათუმში, … გამზირ ¹56-ში მდებარე ¹59 ბინაზე და დადგინდა საზიარო საგნის აუქციონზე უძრავი ქონების გაყიდვის წესით გასხვისება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქეთევან პაპავამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოში ქ.პ-ავა-ლ-იძეს სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2007 წლის 9 თებერვალს, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიერ დადგენილ დროს აპელანტი პროცესზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის არ შეუტყობინებია. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ.ა-ძის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ქ.პაპავა-ლობჟანიძის სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სასამართლომ დაადგინა, რომ მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ აპელანტს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, თუმცა იგი არასაპატიო მიზეზით სხდომაზე არ გამოცხადდა.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ქ.პ-ავა-ლ-იძემ შეიტანა საჩივარი და მიუთითა, რომ 2007 წლის 9 თებერვლის სხდომაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით _ ავადმყოფობის გამო. საჩივარს დაერთო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შპს “ .. ..-ის” ექიმ ნ.ფ-ავას მიერ 2007 წლის 19 თებერვალს გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით ქ.პ-ავა-ლ-იძე 2007 წლის 8-19 თებერვალს საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით ქ.პაპავა-ლობჟანიძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2007 წლის 9 თებერვლის სასამართლო სხდომის შესახებ მხარეებს ეცნობათ კანონის მოთხოვნათა დაცვით, თუმცა აპელანტი ქ.პ-ავა-ლ-იძე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება, რომ აპელანტის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, 2007 წლის 8-19 თებერვალს იგი მკურნალობდა მარცხენა თირკმელში კენჭის შეტევის გამო, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.პ-ავა-ლ-იძის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილს არ შეესაბამება, კერძოდ, იგი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს მიერ ხელმოწერილი არ არის და მხარის სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობაზე არ მიუთითებს. ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ამავე კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ქ. პ-ავა-ლ-იძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ კასატორის მიერ წარდგენილი სამედეცინო ცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილს არ შეესაბამება, ვინაიდან აღნიშნულ დოკუმენტზე დასმული სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით დასტურდება, რომ იგი შედგენილ იქნა ორგანიზაციის ადმინისტრაციის მონაწილეობით და არა მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ. ამასთან, თავად დაავადების დიაგნოზიდან გამომდინარეობს, რომ მხარეს ავადმყოფობისას სასამართლოში გამოცხადების შესაძლებლობა არ ჰქონდა. სააპელაციო სასამართლომ სადავო მტკიცებულება ზედმეტად ფორმალურად შეაფასა. მოგვიანებით გამოირკვა, რომ სადავო სხდომის დანიშვნის პერიოდში კასატორი იყო ფეხმძიმედ და განიცდიდა აღნიშნულისათვის დამახასიათებელ ტოქსიკოზს, რამაც ასევე ხელი შეუშალა პროცესზე გამოცხადებაში. აღსანიშნავია, რომ, ფინანსური პრობლემების გამო, კასატორს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას აღარ ჰყავდა წარმომადგენელი და არ შეეძლო გაეთვალისწინებინა სამედიცინო ცნობის შედგენასთან დაკავშირებული კანონის მოთხოვნები. საკასაციო საჩივარს დაერთო დამატებითი მტკიცებულებანი, კერძოდ, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი ცნობები, რომლებიც ადასტურებს, რომ 2007 წლის 8-19 თებერვალს ქ.პაპავა-ლობჟანიძეს დაენიშნა მკურნალობა წოლითი რეჟიმით.

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. პ-ავა-ლ-იძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოში ქ. პ-ავა-ლ-იძის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2007 წლის 9 თებერვალს, რის შესახებ მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით ეცნობათ. სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ ნ.ა-აძე, აპელანტი კი პროცესზე არ გამოცხადებულა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია.

სააპელაციო სასამართლომ, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად განმარტა და გამოიყენა ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილი და 241-ე მუხლი, რომელთა თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ზემოხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვაზე აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარს არ დააკმაყოფილებს და მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, თუ მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა და თავისი გამოუცხადებლობის შესახებ არასაპატიო მიზეზით არ აცნობა სასამართლოს.

განსახილველ შემთხვევაში ქ.პაპავა-ლობჟანიძის განმარტებით ირკვევა, რომ 2007 წლის 9 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მისი ავადმყოფობით, რის დასადასტურებლადაც მხარემ წარადგინა სამედიცინო ცნობა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა აღნიშნულ დოკუმენტს და ქ.პ-ავა-ლო-იძის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად არ ჩათვალა, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება, კერძოდ, ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა ობიექტურ გარემოებებს, რომლებსაც შეეძლოთ მხარისათვის ხელი შეეშალათ. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა ხსენებული ნორმის დანაწესს არ შეესაბამება, ვინაიდან მითითებული დოკუმენტით არ დასტურდება 2007 წლის 9 თებერვალს, სასამართლო სხდომის დღეს აპელანტის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რამაც მხარის სასამართლოში გამოცხადება ობიექტურად შეუძლებელი გახადა. ამასთან, სადავო დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი არ არის.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ წარდგენილ სამედიცინო ცნობაზე დასმულია რა სამედიცინო დაწესებულების ბეჭედი, აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ ცნობა შედგენილია კანონის შესაბამისად, დაწესებულების ადმინისტრაციის მონაწილეობით. როგორც ზემოთ აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს სამედიცინო ცნობის შედგენის წესს და მიუთითებს, რომ იგი ხელმოწერილი უნდა იყოს უშუალოდ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ. მოცემულ შემთხვევაში კი კანონის აღნიშნული მოთხოვნა დაცული არ არის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ შეაფასებს საკასაციო საჩივარზე დართულ მტკიცებულებებს, რომლებიც ქ.პ-ავა-ლ-იძეს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არ წარუდგენია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. პ-ავა-ლ-იძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 10 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.