Facebook Twitter

№8აგ-16 28 ივნისი, 2016 წელი

ზ. ჯ-ი, 8აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ზ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის განაჩენით ჯ. ზ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ–ის 41–42–ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი. საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 8 წელი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებით პირობით მსჯავრდებულ ჯ. ზ-ეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის განაჩენით ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული 7 წელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით - 1 წლითა და 9 თვით და დარჩა 5 წელი და 3 თვე. მასვე პირობითად ჩათვლილი 7 წელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით - 1 წლითა და 9 თვით და დარჩა 5 წელი და 3 თვე. ასევე, გამოსაცდელ ვადად დადგენილი - 8 წელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით – 2 წლით და დარჩა 6 წელი. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 10 დეკემბერს მსჯავრდებულმა ჯ. ზ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. კ-ემ შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს სსკ–ის 310–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა და გამოსაცდელი ვადის შემცირება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. ზე-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებულმა ჯ. ზ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. კ-ემ საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითება, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა იმავე მოტივებით, რაზეც მათ მითითებული ჰქონდათ შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოება ვერ ჩაითვლება საქართველოს სსსკ-ის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად, რადგან, მართალია, სისხლის სამართლის კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც შემცირდა გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა და ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს 1-დან 6 წლამდე გამოსაცდელ ვადას (სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შემთხვევაში), მაგრამ აღნიშნულ ცვლილებას ვერ მიეცემა უკუქცევითი ძალა, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულ ჯ. ზ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული პირობითი მსჯავრი არის არა სასჯელი, არამედ სასჯელის მოხდის კანონით გათვალისწინებული სპეციალური რეჟიმი, რომელშიც ცვლილების შეტანა ვერ გახდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ჯ. ზ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ ჯ. ზე-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე