Facebook Twitter

ას-443-793-07 6 ივლისი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ც. და ზ. მ-ები (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. კ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 26 დეკემბერს ც. და ზ. მ-ების წარმომადგენელმა მ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე დ. კ-საგან 18500 აშშ დოლარის ანაზღაურება. მოსარჩელეებმა მიუთითეს ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მათ „ .. ..“, რომლის თავმჯდომარე იყო მოპასუხე დ. კ-ი, შეიტანეს ფულადი თანხები, კერძოდ, ც. მ-მა 1996 წლის 24 იანვარს შეიტანა 500 აშშ დოლარი, ხოლო ზ. მ-მა 1996 წლის 1 იანვარს 500 აშშ დოლარი და იმავე დღეს კიდევ 500 აშშ დოლარი, ე.ი. სულ 1000 აშშ დოლარი სადეპოზიტო ხელშეკრულებათა საფუძველზე. სადეპოზიტო ხელშეკრულების შესაბამისად, აღნიშნულ თანხებზე უნდა დარიცხულიყო 12%, 10% და 8% საპროცენტო სარგებელი.

მოსარჩელეთა მითითებით, მათ აღნიშნული თანხები ვერ მიიღეს მოპასუხე დ. კ-ის დანაშაულებრივი ქმედების გამო, რაც დასტურდება აბაშის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 ივნისის განაჩენით დ.კ-ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1601 მუხლით, 220-ე მუხლით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ასევე მოსარჩელეთა მითითებით, მათ დ. კ-ის დანაშაულებრივი ქმედებით განიცადეს ზიანი, რაც ც. მ-ის მიმართ შეადგენს 6500 აშშ დოლარს, ხოლო ზ.მ-ის მიმართ - 12 000 აშშ დოლარს, რომლის ანაზღაურება მოითხოვეს მოპასუხისაგან.

თავიანთ სასარჩელო მოთხოვნავს მოსარჩელეებმა სამართლებრივ საფუძვლად დაუდეს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 992-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-15, 86-ე. 177-ე და 178-ე მუხლები.

2007 წლის 5 იანვარს მოპასუხე დ.კ-მა სასარჩელო განცხადებაზე შესაგებელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ ვინაიდან 1999 წლის 4 ივნისს შეიქმნა „ .. ..“ სამართალმემკვიდრე სს „ფ... “. აღნიშნული სააქციო საზოგადოების დამფუძნებლების მიერ „ .. ..“ ყოფილი მეანაბრეები, მათ შორის მოსარჩელეები შეყვანილი არიან საზოგადოების აქციონერებად, შესაბამისად ც.მ-ი - 0,019%-ისა და ზ.მ-ი - 0,039%-ის, თანახმად საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 ნოემბრის ¹... დადგენილების მე-10 პუნქტისა და საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 22 ივნისის ¹... ბრძანებულებისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დ.კ-მა მოითხოვა საქმეში სათანადო მოპასუხედ სს „ფ... “-ის ჩაბმა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ც. და ზ. მ-ების სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელეების წარმომადგენელმა მ.მ-მა, რომელმაც მოითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.

პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორადაა დადგენილი ფაქტობრივი ვითარება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეთა მიერ სადეპოზიტო ხელშეკრულების საფუძველზე ასოციაცია “ .. ..” ფულადი ანაბრების შეტანის შემდეგ, მოტყუებულ მეანაბრეთა ბაზაზე შეიქმნა სს “ფ...” 1999 წლის 4 ივნისიდან, რომელმაც თავისი წესდებით აღიარა ასოციაცია “ .. ..” სამართალმემკვიდრეობა და აიღო პასუხისმგებლობა ასოციაცია “ .. ..” მეანაბრეების ვალის გასტუმრებაზე, რომელიც დაფიქსირებული იქნა 1996 წლის მარტის მდგომარეობით. წესდების შესაბამისად სს “ფ...”-ის საწესდებო კაპიტალად ითვლება ასოციაცია “ .. ..” ყოფილ მეანაბრეთა თანხები 2 621 552 აშშ დოლარი და სს “ფ...”-ის აქციონერებად დაფიქსირებულნი არიან მოსარჩელეები ც. მ-ი –აქციების 0,019 %-ის და ზ. მ-ის – აქციების 0,039-ის მესაკუთრეებად. სს “ფ...” ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის ... ნოემბერს გაცემული ცნობით (ს.ფ 104) დარეგისტრირებულია ქუთაისის საგადასახადო ინსპექციაში 1999 წლის ... ივლისს და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი ... . ამავე ორგანიზაციის მიერ 2007 წლის 20 აპრილს გაცემული ¹... ცნობით ირკვევა, რომ სს “ფ ..”-ის მიმართ არ მიმდინარეობს რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის პროცესი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ც. და ზ. მ-ებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორის აზრით, 2004 წლის 30 ივნისის აბაშის რაიონული სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ მოპასუხე დ. კ-ის დანაშაულებრივი ქმედებით ვერ მიიღეს სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრული თანხები, დ. კ-ის დანაშაული გათვალისწინებული იყო სსკ-ს 160-ე, 220-ე და 362-ე მუხლებით აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე. ცნობილი იყო სამოქალაქო მოსარჩელეებად და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში გარკვევითაა დაფიქსირებული, რომ სამოქალაქო მოსარჩელეები არ დაკმაყოფილდნენ იმის გამო, რომ სამოქალაქო სარჩელი არ იყო დაყენებული და შეეძლოთ დავა გაეგრძელებინათ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სწორედ კონკრეტული პირის დ. კ-ის მიმართ, რაც მათი მხრიდან განხორციელდა კიდეც, ე.ი. სასამართლომ უგულვებელყო ფაქტობრივი გარემოება მიეღოთ კუთვნილი თანხები კონკრეტული დამნაშავე პირისაგან სასაართლომ ასევე უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე დ. კ-მა აღიარა მათ მიმართ თანხის ნაწილი და სამართლებრივად არ შეაფასა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი, ასევე სასამართლომ არ შეაფასა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, სადაც იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ არ ჭირდება დადგენა მტკიცებულების სახით ისეთ გარემოებას, რაც დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. სასამართლომ ასევე არ მისცა შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და ერთადერთ და უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნია სს „ფ...“ შექმნის ფაქტი, ყოფილი საინვესტიციო სააქციო ასოციაცია „ .. ..“ სამართალმემკვიდრედ რეგისტრაციის ფაქტი მაშინ, როდესაც არასოდეს სს „ფ...“ არც რეგისტრაციაზე და არც წესდებაზე მათთვის როგორც აქციონერებისათვის ცნობილი არ ყოფილა. უფრო მეტიც, სასამართლომ საერთოდ იგნორირება გაუკეთა საქმეში არსებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპრექციის 17.XI.2006 წლის ¹... ცნობას, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ რეგისტრაციის დღიდან სს „ფ... “ ბიუჯეტთან ანგარიშსწორება არ უწარმოებია, ე.ი. წარმოადგენს მკვდრად დაბადებულ ორგანიზაციას, რომელთანაც მათ პირადად არავითარი შეხება არ აქვთ.

აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. და ზ. მ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ც. და ზ. მ-ების საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ც. და ზ. მ-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.