ას-447-689-08 30 სექტემბერი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ რ. ვ-იძე
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. კ-შვილი, გ. გ-ანი
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ვ-იძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ მ. კ-შვილისა და გ. გ-ანის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ქ. ქობულეთში, .......... ქ.¹......-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა მოსარჩელემ იყიდა მ. ს-ოსაგან, რომელმაც თავის დროზე მიიღო იგი დასასვენებელ სახლ “ქ-ისაგან” და მოახდინა მისი პრივატიზება. მოპასუხეებმა უკანონოდ დაიკავეს რ.ვ-ძის კუთვნილი ფართი და ნებაყოფლობით მას არ ათავისუფლებენ.
გ. გ-ანმა და მ. კ-შვილმა სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელით მოითხოვეს სადავო ბინიდან რ. ვ-ძის გამოსახლება, მოსარჩელესა და მ. ს-ოს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სადავო უძრავი ნივთის მ. კ-შვილის სახელზე აღრიცხვა იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინა რ. ვ-ძის სახელზე არასწორად აღირიცხა. ქ. ქობულეთში, ......... ქ.¹.....-ში მდებარე უძრავი ნივთი მ. კ-შვილმა შეიძინა ა. ტ-ევასაგან და იგი საკუთრების უფლებით უნდა აღირიცხოს მის სახელზე.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით რ. ვ-იძის სარჩელი და გ. გ-ანის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მ. კ-შვილის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი რ. ვ-იძის სახელზე არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი ქ. ქობულეთში, .......... ქ.¹.......-ში მდებარე ¹3 ბინაზე, საიდანაც რ. ვ-იძე გამოსახლდა და ბინა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მ. კ-შვილს, საჯარო რეესტრს დაევალა დასახელებული ბინის მ. კ-შვილის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა.
რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა რ. ვ-იძემ.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, რაც რ. ვ-იძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მარტის განჩინებით რ. ვ-იძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ რ. ვ-ძის სარჩელის განხილვა დაინიშნა 2007 წლის 27 სექტემბერს, რის შესახებაც მოსარჩელეს სასამართლო უწყება ამავე წლის 17 სექტემბერს ჩაბარდა, თუმცა იგი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილი და ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებანი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გამოტანილიყო, ვინაიდან რ.ვ-ძემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე თავისი ავადმყოფობის გამო საქმის განხილვის გადადებისა და შეჩერების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ საქმის გადადება მოითხოვა 2007 წლის 7 სექტემბერს, რის საფუძველზე სასამართლო სხდომა გადაიდო 17 სექტემბრიდან 27 სექტემბრამდე. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 280-ე მუხლის შესაბამისად, მხარის ავადმყოფობის გამო, საქმის წარმოების შეჩერება სასამართლოს უფლებაა და არა მოვალეობა, რ. ვ-ძეს კი თავისი ავადმყოფობის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება რ. ვ-იძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით და ჩათვალა, რომ კანონის ეს მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაურღვევია, მაშინ, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმის განხილვის დროს უნდა ეხელმძღვანელა არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლით, არამედ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლით და საქმე განეხილა ადმინისტრაციული წარმოების წესით, რა დროსაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა გამოტანილი. უდავოა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი ადმინისტრაციული აქტია და ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებულ, სპეციალურ ნორმებს აწესებს. მოცემულ შემთხვევაში არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით რომ განხილულიყო, სასამართლო შეამოწმებდა გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძველს და რ. ვ-იძეს არ გამოასახლებდა იმ ბინიდან, რომელიც მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლით კანონიერად ეკუთვნოდა და სრულიად უსაფუძვლოდ კასატორის კუთვნილი ბინის ნაწილს მ. კ-შვილს ვერ მიაკუთვნებდა. სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში არ შეუმოწმებია ქობულეთის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აპელანტი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა არა მხოლოდ მოსარჩელის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის, არამედ აღნიშნული საპროცესო ნორმების დარღვევის მოტივით. სააპელაციო სასამართლომ არ შეამოწმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის იმ ნაწილში, სადაც აპელანტი მიუთითება, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის შესაბამისად, მ. კ-შვილის შეგებებულ სარჩელზე რ. ვ-იძე მოპასუხეს წარმოადგენდა. მ. კ-შვილს ჰქონდა დამოუკიდებელი მოთხოვნა – საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში დავის ამ ნაწილში რაიონულ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არა 229-ე, არამედ 230-ე მუხლით, ანუ სასამართლოს საქმის მასალების საფუძველზე უნდა დაედგინა დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა მოსარჩელის მოთხოვნას. ასეთ შემთხვევაში უტყუარად დადასტურდებოდა, რომ შეგებებულ სარჩელში მ. კ-შვილის მოთხოვნა უკანონო იყო და სასამართლო უარს ეტყოდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ვ-იძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამასთან, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვაზე კანონით დადგენილი წესით მიწვეული მოპასუხის გამოუცხადებლობისას სასამართლო უფლებამოსილია, მოსარჩელის შუმადგომლობის საფუძველზე, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ასეთ ვითარებაში სასამართლო სარჩელში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს დადგენილად მიიჩნევს, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ გამოიწვევს სარჩელის დაკმაყოფილებას, ვინაიდან სასამართლო ვალდებულია გამოარკვიოს, იურიდიულად რამდენად დასაბუთებულია სარჩელი და მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკმაყოფილებს მას, თუ ჩათვლის, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებანი იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ 2007 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. კ-შვილის შეგებებული სარჩელი დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა შეგებებულ სარჩელში მოპასუხე რ. ვ-იძე, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით მიწვეული იყო სასამართლო სხდომაზე. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს არ უმსჯელია, იურიდიულად ამართლებდა თუ არა მ.კ-შვილის მიერ შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებანი მის მოთხოვნას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმებისას სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა, დაცულია თუ არა რაიონული სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცა აღნიშნული გარემოებისათვის, რაც სააპელაციო პალატას არ განუხორციელებია.
დაუსაბუთებელია რ. ვ-ძის მოთხოვნა მოცემული დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის მიზნით სააპელაციო სასამართლოს შესაბამისი პალატისათვის გადაცემის თაობაზე, რადგან წარმოდგენილი დავის საგანი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას არ განეკუთვნება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. ვ-იძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.