Facebook Twitter

ას-447-797-07 14 სექტემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს “.. ..” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. შ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ მიუღებელი დივიდენდისა და ხელფასის ანაზღაურება, წილის გასხვისების უფლების აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. შ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს “.. ..ს” მიმართ საზოგადოებაში მოსარჩელის კუთვნილი წილის თავისუფლად გასხვისების უფლების აღიარების, მიუღებელი ხელფასისა და დივიდენდის ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. შ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ .. ..” ა. შ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2681,36 ლარის გადახდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ა. შ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ა. შ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ .. ..” მის სასარგებლოდ დაეკისრა გაუცემელი ხელფასისა და დივიდენდის _ 5309,66 ლარის ანაზღაურება, ა.შ-ს მოთხოვნა კუთვნილი წილის გასხვისების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აღიარებულ იქნა შპს “ .. ..” ა. შ-ს მიერ კუთვნილი წილის გასხვისების უფლება შპს “.. ..ს” წესდების 2.3 მუხლის “ე” ქვეპუნქტით დადგენილი უპირატესი შესყიდვის უფლების გათვალისწინებით ისე, რომ მან წილის შეძენა უნდა შესთავაზოს შპს “.. ..ს” ერთ ან რამდენიმე პარტნიორს, სასარჩელო მოთხოვნა, გასასვლელი დახმარებისა და სამუშაოდან გათავისუფლების გამო, ორი თვის საშუალო ხელფასის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1996 წლის 1 აგვისტოდან ა. შ-ე მუშაობდა შპს “ .. ..” მთავარ ბუღალტრად. 2000 წლის 5 სექტემბრიდან მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 120 ლარით. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ შპს “.. ..” დირექტორის 2003 წლის 10 სექტემბრის ბრძანებით, აპელანტი, პირადი განცხადების საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა, ფაქტობრივად, აგრძელებდა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, რაც იმით დასტურდება, რომ ზუგდიდის საოლქო ... ინსპექციის ამავე წლის 16 დეკემბრის აქტის თანახმად, შპს “ .. ..” ჩატარებულ შემოწმებას ესწრებოდა საწარმოს მთავარი ბუღალტერი ა. შ-ა. ამასთან, საზოგადოების დირექტორის თავმჯდომარეობით ჩატარებულმა პარტნიორთა კრებამ 2004 წლის 24 თებერვალსა და 25 მარტს უარი უთხრა ა.შ-ს თანამდებობიდან გათავისუფლებაზე და მისცა გარკვეული დავალებები, რის შემდეგ მხოლოდ ამავე წლის 21 მაისს მიიღო მისი სამუშაოდან დათხოვნის გადაწყვეტილება. ამდენად, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა იმ დროს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის მე-19 მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ, 2003 წლის 10 სექტემბრის ბრძანების მიუხედავად, მხარეთა შორის შრომის ხელშეკრულება გრძელდებოდა და ამავე კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, საზოგადოება ვალდებული იყო მიეცა მუშაკისათვის შრომის ანაზღაურება 1440 ლარის ოდენობით. სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტს ეკუთვნის შპს “.. ..” მიუღებელი მოგება 2000, 2001 და 2005 წლებისათვის. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 50-ე მუხლით აპელანტისათვის მინიჭებული უფლება კანონით, საზოგადოების წესდებით ან პარტნიორთა გადაწყვეტილებით არ შეზღუდულა და ა.შ-ს უნდა მიეკუთვნოს მიუღლებელი დივიდენდი _ 3869,66 ლარი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა საზოგადოების წილის თავისუფლად გასხვისების უფლების მინიჭების თაობაზე, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, წარმოადგენს აღიარებით სარჩელს. პალატამ მიუთითა, რომ ა.შ-ს წილის თავისუფლად გასხვისების უფლება იზღუდება შპს “.. ..” წესდების 2.3 მუხლის “ე” ქვეპუნქტით, ვინაიდან საზოგადოების პარტნიორებს გააჩნიათ ა.შ-ს წილის უპირატესი შესყიდვის უფლება. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა მისთვის გასავლელი დახმარებისა და ორი თვის ხელფასის ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან ა.შ-ა სამუშაოდან გათავისუფლდა საკუთარი განცხადებით და ამ შემთხვევაში იმ დროს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 38-ე მუხლი და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტები ასეთის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოებისათვის ა.შ-ს სასარგებლოდ დივიდენდისა და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში შპს “.. ..ს” დირექტორმა ს. ჩ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა როგორც საზოგადოების მოგების, ისე მოსარჩელის მიუღებელი ხელფასის ოდენობა და არ გაითვალისწინა, რომ ა.შ-მ, თავისი სამსახურეობრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო, კასატორს მიაყენა ზიანი, დღემდე არ გადაუცია საზოგადოებისათვის საბუღალტრო დოკუმენტაცია. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ 2003 წელს მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ იგი განაგრძობდა შპს-ში მუშაობას, ვინაიდან ... ინსპექციის აქტი, რომელსაც სასამართლო ეყრდნობა ხელმოწერილია არა ა.შ-ს, არამედ ს.ჩ-ის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივლისის განჩინებით შპს “.. ..” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ შპს “.. ..” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “.. ..” საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს “ .. ..” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “.. ..” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

კასატორ შპს “ .. ..” დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.