საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-448-690-08 5 დეკემბერი , 2008 წ
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
Mმაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ს/ს ,,ენერგია XXI” (მოსარჩელე)
წარმომადგენლები----ლ. დ-შვილი, კ. შ-იძე
მოწინააღმდეგე მხარეები _ს/ს ,,საქართველოს საზღვაო ბანკი” და შპს ,,ბიზნესცენტრი რივიერა” (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება—ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,აჭარის ენერგოკომპანიამ” (სამართალმემკვიდრეა სს ენერგია 21) სარჩელით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ 2002 წლის 30 ივნისის ¹347 საკრედიტო ხელშეკრულება, დადებული შპს ,,აჭარის ენერგოკომპანიასა” და სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკს” შორის 770 000 აშშ დოლარზე 15 წლის ვადით, წლიური 14%-ის დარიცხვით და 2002 წლის 30 ივნისის საინვესტიციო ხელშეკრულება, დადებული შპს ,, აჭარის ენერგოკომპანიასა” და შპს ,,უნივერსალურ სავაჭრო ცენტრს” შორის 770 000 აშშ დოლარზე უკანონოა. მოგვიანებით მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა შპს ,,აჭარის ენერგოკომპანიასა” და შპს ,,უნივერსალურ სავაჭრო ცენტრს” შორის 2002 წლის 30 ივნისს დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტა. ასევე მოითხოვა შპს ,,უნივერსალური სავაჭრო ცენტრსა” და სს ,,საზღვაო ბანკს” სოლიდარულად დაეკისროს მის სასარგებლოდ 770 000 აშშ დოლარი და ერთი წლის პროცენტის 77 000 აშშ დოლარი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკმა”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის” სააპელაციო საჩივარი. ახალი გადაწყვეტილებით შპს ,,აჭარის ენერგოკომპანიის ( მისი უფლებამონაცვლე სს ენერგია 21 ) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს ,,უნივერსალური სავაჭრო ცენტრის” დამფუძნებელია სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის” 100%-იანი წილით.
2002 წლის 30 ივნისს ,,საქართველოს საზღაო ბანკს” და შპს ,,აჭარის ენერგოკომპანიას” შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკმა” შპს ,,აჭარის ენერგოკომპანიას” ასესხა 770 000 აშშ დოლარი შპს ,,უნივერსალური სავაჭრო ცენტრში” ინვესტიციის განხორციელების მიზნით. კრედიტი გაიცა 2017 წლის 30 ივნისამდე ვადით 15 წლის წლიური 14 პროცენტის დარიცხვა
აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 2002 წლის 30 ივნისს შპს ,,აჭარის ენერგოკომპანიამ” დაუდო შპს ,,უნივერსალურ სავაჭრო ცენტრს” საინვესტიციო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ,,აჭარის ენერგო კომპანიამ” მოახდინა 20 წლის ვადით 770 000 აშშ დოლარის ინვესტიცია 10% დარიცხვით.
აჭარის ენერგოკომპანიის მიერ გადარიცხულია 700 000 აშშ დოლარი.
პალატამ მიიჩნია, რომ საინვესტიციო ხელშეკრულება დაიდო 2002 წლის 30 ივნისს. ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, მოვალეს თანხის გადახდა უნდა დაეწყო ორი წლის შემდეგ, სარჩელი სასამართლოში შეტანილია ამ პირობის დადგომიდან ერთ კვირაში. შესაბამისად, არ ყოფილა დაცული სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 405-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი ვადა ან გაფრთხილება.
პალატამ განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა შპს ,,უნივერსალური სავაჭრო ცენტრის” გადახდისუუნარობა. ლიკვიდაციაში იმყოფება არა უნივერსალური სავაჭრო ცენტრი, რომელიც სადავო ხელშეკრულების მხარეა, არამედ ს/ს ,,საზღვაო ბანკი”, რომლის გადახდისუუნარობა არ შეიძლება შეერაცხოს შპს ,,უნივერსალურ სავაჭრო ცენტრს”.
პალატამ მიიჩნია, რომ მართალია საზღვაო ბანკი არის 100%-იანი წილის მფლობელი სავაჭრო ცენტრში, მაგრამ სავაჭრო ცენტრი არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სამართლებრივ ურთიერთობებში თავისი სახელით გამოდის და მისი პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით, შესაბამისად საზღვაო ბანკი არ შეიძლება ყოფილიყო შპს ,,უნივერსალური სავაჭრო ცენტრის” ვალდებულებებზე პასუხისმგებელი, მათ შორის, ცხადია, არც სოლიდარულად საინვესტიციო ხელშეკრულების მხარე არ არის საზღვაო ბანკი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,ენერგია-XXI”.
კასატორის აზრით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 4.4.-ე მუხლის დებულებები და პასუხისმგებლობის ტვირთი არ უნდა შემოეფარგლა მხოლოდ შპს-ს მთელი ქონებით.
ასევე კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის დებულებები. ამასთან სააპელაციო სასამართლომ თავი აარიდა შპს დამფუძნებელი – ს/ს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის” მხრიდან პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მსჯელობას. სასამართლომ არ გამოიკვლია და არც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საგადასახადო ინსპექციიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია შპს @„უნივერსალური სავაჭრო ცენტრის“ შესახებ, რომლის თანახმადაც მას საგადასახადო ინსპექციაში არ აქვს წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციები. დაარსებიდან მოყოლებული მას არ მოუხდენია ანგარიშსწორება ბიუჯეტთან და არ არსებობს მისი დაბეგვრის საქმე.
კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ შპს „უნივერსალური სავაჭრო ცენტრისათვის“ ვალდებულების შესრულებისათვის რაიმე ვადის დაწესებას არავითარი შედეგი არ მოყვება, ვინაიდან იგი სრულიადაც არ ფუნქციონირებს და წარმოადგენს ფაქტობრივ ფიქციას, რაც ადასტურებს გარემოებებს, რომ იგი შექმნილი იყო ფიქტიურად - ცრუ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ს/ს ,,საზღვაო ბანკმა” ვერ შეძლო წერილობითი მტკიცებულებათა მიღება იმ პირისაგან, ვისთანაც ეს მტკიცებულებები იმყოფებოდა. ენერგოკომპანიის მოთხოვნის გასაბათილებლად მოპასუხის მხრიდან არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2002 წლის 30 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე სს „საქართველოს საზღვაო ბანკმა“ შპს „აჭარის ენერგოკომპანიას“ ასესხა 770 000 აშშ დოლარი 15 წლის ვადით სს „უნივერსალურ სავაჭრო ცენტრში“ ინვენტიციის განხორციელების მიზნით. ამავე დღეს შპს „აჭარის ენერგო კომპანიასა“ და შპს „უნივერსალურ სავაჭრო ცენტრს“ შორის დაიდო საინვესტიციო ხელშეკრულება, რომლითაც მოხდა 770 000 აშშ დოლარის ინვესტირება შპს „უნივერსალურ სავაჭრო ცენტრში“. შპს „აჭარის ენერგოკომპანია“ 2004 წლის 29 თებერვლამდე იხდიდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხას, ხოლო შპს „უნივესალურ სავაჭრო ცენტრს“ გადახდა უნდა დაეწყო 18 თვის განმავლობაში. კასატორი ითხოვს აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტას და 770 000 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული 77 000 აშშ დოლარის დაბრუნებას შპს „უნივერსალური სავაჭრო ცენტრიდან“ და მისი დამფუძნებელი სს „საქართველოს საზღვაო ბანკიდან“ თანახმად მეწარმეთა შესახებ“ კანონის 44-ე და 46-ე მუხლებისა.
აღნიშნული დავის წარმოშობისას მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის თანახმად, საზოგადოების პარტნიორი არ არის პასუხისმგებელი საზოგადოების ვალდებულებებზე გარდა 3.4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მე-3.4 მუხლის თანახმად, შესატანის სრულად შეტანა არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან იმ პირს, რომელმაც პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმები ბოროტად გამოიყენა. ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება, თუ არ იქნება უზრუნველყოფილი საბუღალტრო წიგნების ისეთი წარმოება, საიდანაც ცალსახად გამომდინარეობს თუ რომელი ქონება ეკუთვნის და რა ვალდებულებები აკისრია საზოგადოებას და რომელი არა. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმების გამოყენება დაკავშირებულია საზოგადოების ქონებისა და პარტნიორთა შესატანის აღრევასთან. მოცემულ შემთხვევაში მხარე პასუხისმგებლობის შეზღუდვის ბოროტად გამოყენებად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საზოგადოების საბუღალტრო წიგნები ვერ იქნა მოძიებული და საერთოდ უცნობია ხდებოდა თუ არა საბუღალტრო წარმოება საზოგადოებაში. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის გამოყენება დაკავშირებულია საზოგადოებაში პარტნიორის მიერ შესატანის შეტანასთან და ამ შესატანის არასწორად აღრიცხვასთან საბუღალტრო წიგნებში. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პასუხისმგებლობა შემოისაზღვრება კრედიტორების წინაშე საზოგადოების მთელი ქონებით და იგი არ შეიძლება გავრცელდეს პარტნიორის საკუთრებაში არსებული მთელ ქონებაზე. ხოლო იმ შემთხვევაში თუ პარტნიორმა საზოგადოებაში შეიტანა ქონება, მაგრამ იგი არ აღირიცხა საზოგადოების ქონებად და დარჩა პარტნიორის საკუთრებაში, (თუნდაც საჯარო რეესტრის ჩაანაწერის მიხედვით) ეს ჩაითვლება სადავო ნორმაში მითითებული შეზღუდვის ბოროტად გამოყენებად და ასეთ შემთხვევაში ვალდებულების შესრულება შეიძლება მოხდეს საზოგადოებაში შეტანილი, მაგრამ საზოგადოების საკუთრებად არ აღრიცხული ქონებიდანაც.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ინვესტირებისათვის განკუთვნილი თანხა გადაეცა საზოგადოებას და არანაირად პარტნიორის საკუთრებაში არ გადასულა. ამდენად არ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საზოგადოებაში პასუხისმგებლობის შეზღუდვის ბოროტად გამოყენებას. ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის 34-ე მუხლის თანახმად შეუძლებელია სს „საქართველოს საზღვაო ბანკს“ დაეკისროს შპს „უნივერსალური სავაჭრო ცენტრის“ ვალდებულებათა შესრულება, მითუმეტეს, რომ დღეისათვის მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს არ აგებენ.
რაც შეეხება შპს „უნივერსალურ სავაჭრო ცენტრის” მიმართ მოთხოვნას, პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში შპს „აჭარის ენერგოკომპანიასა“ და შპს „უნივერსალურ სავაჭრო ცენტრს“ შორის დადებული გრძელვადიანი ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის დაუცველად. იგივე მუხლი განსაზღვრავს პატივსადებ საფუძვლებს, რომელთა შორისაც მოიაზრება, დაუძლეველი ძალა და ორმხრივი ინტერესი მაგრამ აღნიშნული გამორიცხავს სხვა მიზეზებსაც, რომელთა საფუძველზეც ხელშეკრულების მხარეს კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება. ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს სამოქალაქო კოდექსის 627-ე მუხლით გათვალისწინებული მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესება, რითაც საფრთხე ექმნება ვალდებულების შესრულებას. აღნიშნული არ გულისხმობს მხოლოდდა მხოლოდ გადახდისუუნაროდ მხარის გადაქცევას, რაც მითითებული აქვს სააპელაციო სასამართლოს. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს შპს „უნივერსალური სავაჭრო ცენტრის“ ქონებრივი მდგომარეობა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელოს იმის თაობაზე¸შესაძლებელია თუ არა მხარეთა შორის ხელშეკრულების მოშლა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,ენერგიაXXI”-ის მოთხოვნა სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის” მიმართ უსაფუძვლოა, ხოლო შპს ,,უნივერსალური სავაჭრო ცენრის” მიმართ ხელახლა უნდა იქნეს განხილული. საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დადგინდეს შპს ,,უნივერსალური სავაჭრო ცენტრის” ქონებრივი მდგომარება და განისაზღვროს აღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს თუ არა ხელშეკრულების მოშლის საფუძვლები
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
„ენერგია XXI-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდეს შპს „აჭარის ენერგოკომპანიის“ ( მისი უფლებამონაცვლის სს „ენერგია XXI“) სარჩელის შპს „უნივერსალური სავაჭრო ცენტრის“ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
სასამართლო ხარჯების საკითხი განიხილება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება