Facebook Twitter

ას-450-764-09 24 სექტემბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – რ. ო-ე კასატორები _ ტ. და ჟ. ო-ები

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 24 ივლისს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა რ. ო-ემ ტ. და ჟ. ო-ების მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ზარალის ანაზღაურების შესახებ.

რ. ო-ემ მიუთითა, რომ 1998 წლიდან 2007 წლის მაისამდე მოპასუხეებთან ერთობლივ საქმიანობას ეწეოდა, იგი ამარაგებდა პროდუქციით მაღაზიას, ხოლო მოპასუხეები მის კუთვნილ მაღაზიაში საქონლის რეალიზაციას ახდენენ. მათ შორის არსებული ზეპირი გარიგების თანახმად, მხარეები რეალიზაციის შემდეგ მიღებულ თანხას თანაბრად ინაწილებდნენ. 2007 წლის მაისიდან, ურთიერთობის დაძაბვის გამო, მათი ერთობლივი საქმიანობა შეწყდა. 12600 ლარის თევზი მან მაისის ბოლო რიცხვებში ჩამოიტანა. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რითაც ისარგებლეს მოპასუხეებმა და შეწყვიტეს მასთან ყოველგვარი ურთიერთობა, არ მისცეს 12600 ლარი ნისიად შემოტანილი პროდუქციის ბოლო კრედიტის დასაფარად, ასევე ამ პროდუქციის რეალიზაციით მიღებული მოგებიდან წილი, აგრეთვე, არ აძლევენ უფლებას წამოიღოს მაცივარ-რეფრეჟერატორი და დახლ-მაცივარი. აქედან გამომდინარე, მან მოითხოვა აღნიშნული ნივთების დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება.

სარჩელი აღძრეს, აგრეთვე, ტ. და ჟ. ო-ებმა, მოპასუხედ დაასახელეს რ. ო-ე და მოითხოვეს ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ტ. და ჟ. ო-ებმა განმარტეს, რომ სამტრედიაში, შპს “ ...... ” ტერიტორიაზე ტ. ო-ეს საკუთრებაში გააჩნდა მაღაზია. 2006 წლის ნოემბერში რ. ო-ემ ტ. ო-ეს სთხოვა დახმარება სესხის აღებაში, რომელიც მას სჭირდებოდა მანაქანის შესაძენად. ტ. ო-ე ჩაუდგა თავდებში და ბანკიდან გამოიტანა სულ 14000 ლარი. აღნიშნული თანხიდან რ. ო-ემ გადაიხადა 4000 ლარი, დანარჩენი კი გადასახდელად ტ. ო-ეს Dშეატოვა. დარჩენილი თანხა გადაიხადეს ტ. და ჟ. ო-ებმა. აქედან გამომდინარე, მოითხოვეს აღნიშნული თანხის რ. ო-თვის დაკისრება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. ო-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ტ. და ჟ. ო-ების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მაცივარ-რეფრეჟერატორი, დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნაზე რ. ო-ეს ეთქვა უარი.

ამავე გადაწყვეტილებით უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე ტ. და ჟ. ო-ებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა როგორც რ. ო-ემ, ასევე ტ. და ჟ. ო-ებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით რ. ო-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ტ. და ჟ. ო-ების სააპელაციო საჩივარი, გამოთხოვილ იქნა ტ. და ჟ. ო-ების უკანონო მფლობელობიდან ერთი ცალი პატარა დახლ-მაცივარი; ტ. და ჟ. ო-ებს დაეკისრათ რ. ო-ის სასარგებლოდ 2006 ლარის გადახდა; რ. ო-ეს დაეკისრა ტ. და ჟ. ო-ების სასარგებლოდ 5619 ლარის გადახდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რ. ო-ემ, ასევე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ტ. და ჟ. ო-ებმა.

რ. ო-ემ მიუთითა, რომ საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომ სესხი რ. ო-ემ გამოიტანა მანაქანის შესაძენად. მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის განმარტება არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებად. სესხი აღებულ იქნა ერთობლივი საქმიანობისათვის და არა პირადი მიზნებისათვის.

ტ. და ჟ. ო-ებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, 40 _ ტონიანი მაცივარ-რეფრეჟერატორის ერთობლივი ძალებით და საერთო საქმიანობით შეძენა და მისი შემდგომი თანაბარწილობრივი ექსპლუატაციის ფაქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 19 განჩინებით რ. ო-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის განჩინებით ტ. და ჟ. ო-ების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

რ. ო-ემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ო-ის, ტ. და ჟ. ო-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას რ. ო-ის, ტ. და ჟ. ო-ების საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ო-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. ტ. და ჟ. ო-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ტ. და ჟ. ო-ებს დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (343 ლარისა და 25 თეთრის) 70% - 240 ლარი და 27 თეთრი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.