¹ას-452-766-09 19 ოქტომბერი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ი. ბ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ჯ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ბ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ჯ-ძის მიმართ სასმელი წყლით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: 2005 წელს მოპასუხემ მოჭრა მოსარჩელის კუთვნილი რამდენიმე ძირი ხე, გადაუჭრა მას სასმელი წყალი, რის გამოც 9-სულიანი ოჯახი დარჩა უწყლოდ. მათი სახლების ზემოთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ორი წყლის ავზი, რომელთაგან ერთი უშუალოდ მოპასუხის საკუთრებაშია და მისივე აშენებულია, ხოლო მეორე ააშენა და ეკუთვნის სახელმწიფოს, შესაბამისად, მოპასუხე არ არის უფლებამოსილი, ხელი შეუშალოს მოსარჩელეს ამ ავზით სარგებლობაში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირებად მოპასუხის მხარეს ჩაებნენ ნ. გ-ძე და გ. ჯ-ძე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელის მიერ მითითებული ავზები განლაგებულია მოპასუხის კუთვნილ ნაკვეთზე. მართალია, მითითებული მიწა მას ჯერჯერობით თავის სახელზე არ დაურეგისტრირებია, მაგრამ აღნიშნულის ყველა წინაპირობა არსებობს. სადავო წყლის ავზი 50-იან წლებში, მოპასუხის ბებიის ნებართვით, მწვანე კონცხზე არსებული მაშინდელი ტურბაზის დირექტორმა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ააშენა იმ პირობით, რომ მოპასუხის ოჯახთან ერთად წყლით ტურბაზაც ისარგებლებდა, რა დროიდანაც ავზით 3 ოჯახი სარგებლობს. იმის გამო, რომ წყალი ყველას არ ჰყოფნიდა, მოპასუხის მამა გ. ჯ-ძემ იქვე მეორე ავზიც მოაწყო. 1974 წელს გ.ჯ-ძემ მოსარჩელის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით დროებით დაერთო ნება, რეზინის მილის საშუალებით ესარგებლა წყლით, თუმცა მოსარჩელემ მოპასუხის ეზოში მდებარე წყლის მილზე თვითნებურად მიაბა მილი. მოგვიანებით, მოსარჩელის მილები დალპა და წყალმა მოპასუხის ეზოში დაიწყო დენა. ზ.ჯ-ძემ არაერთხელ უშედეგოდ სთხოვა ი.ბ-ძეს, გაერემონტებინა მილები, რის შემდგომ იძულებული გახდა, დაელუქა ისინი თავის ეზოში. ამჟამად საერთო ავზს სამი ოჯახი მოიხმარს. წყლის დონე მათში იმდენად დაბალია, რომ წყალი ყველას არ ჰყოფნის. ამ ტერიტორიაზე არსებობს სხვა წყაროებიც, რომლებითაც მოსარჩელეს შეუძლია მოაწყოს ავზი და ისარგებლოს წყლით.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ი. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ზ. ჯ-ძესა და მესამე პირებს აეკრძალათ მოსარჩელისათვის სასმელი წყლის ავზით სარგებლობაში ხელშეშლა, რაც ზ.ჯ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ.ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ი.ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სადავო წყლის ავზი, რომლის სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთასაც მოსარჩელე ითხოვს, მდებარეობს მხარეთა საცხოვრებელი სახლების ზემოთ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო მასზე განთავსებული სადავო წყლის ავზი 50-იან წლებში აშენებულია მწვანე კონცხის ტურბაზის მაშინდელი დირექტორისა და მოპასუხის წინაპრის (ბებიის) ერთობლივი ძალისხმევით. მას შემდგომ, რაც ტურბაზა აღნიშნული ავზით აღარ სარგებლობდა, მოპასუხის გარდა სადავო ავზიდან წყალს მოიხმარდა და სარგებლობდა კიდევ ორი ოჯახი. მოსარჩელის ოჯახი აღნიშნულ ტერიტორიაზე დასახლდა მოგვიანებით და სადავო ავზით სარგებლობს დაახლოებით 60-იანი წლების ბოლოდან, როცა მოპასუხის მამამ დართო ავზში არსებული წყლით სარგებლობის ნება, კერძოდ, 2002 წლამდე. ავზთან ახლოს მოპასუხის მიერ აშენებული და მისივე კუთვნილი მეორე ავზია განთავსებული. საქმეში წარდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, სადავო ავზის მოცულობა შეადგენს 1,3 მ3-ს. ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის ავზი 40%-ით იყო შევსებული. სადავო ავზის ახლოს მდებარეობს მეორე ავზიც, რომელიც 1,02 მ3 მოცულობისაა. სანიტარული წესების 2.1 პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის საშუალო ნორმა ერთ სულზე შეადგენს 200 ლიტრს. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე თავად მოსარჩელემ განმარტა, რომ მხოლოდ მოსარჩელისა და მოპასუხის ოჯახებში 16 სული ცხოვრობს. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 172-ე, 161-ე, 163-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელე ი. ბ-ძე სადავო ავზის კეთილსინდისიერი მფლობელია, რომელსაც, მართალია, თავიდან არ ჰქონდა მისი ფლობის უფლება, მაგრამ უფლებამოსილი პირის _ მოპასუხის მიერ შემდგომში მიენიჭა. ამავე ავზის კეთილსინდისიერი მფლობელია ასევე ზ. ჯ-ძეც, რადგან მისი წინაპარი 50-იანი წლებიდან ფლობს და სარგებლობს სადავო ნივთით. მოცემული დავის გადაწყვეტისას პალატა დაეყრდნო სამოქალაქო კოდექსის 177-ე მუხლსაც, ვინაიდან უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ ავზის წყლის გამოყენება იწვევს სხვისი, ამ შემთხვევაში მოპასუხის ნაკვეთზე წყლის შემცირებას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ი. ბ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: აღსანიშნავია, რომ სასმელი წყლის ორი ავზი განთავსებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. იმავე წყლის ავზებით სარგებლობს ზ. ჯ-ძე. ერთ-ერთი ავზი საბჭოთა პერიოდში მწვანე კონცხის ტურბაზის საკუთრება იყო. დაახლოებით 1960 წლიდან 2002 წლამდე ამ წყლის ავზით სარგებლობდა როგორც კასატორის, ასევე ჯ-ძეების ოჯახი, სასმელი წყალი ი.ბ-ძის მიწის ნაკვეთზე შეყვანილ იქნა ზ. ჯ-ძის მიწის ნაკვეთის გავლით, თუმცა 2002 წელს მოწინააღმდეგე მხარემ თვითნებურად ჩაჭრა წყალსადენი მილი და კასატორის ოჯახი დარჩა სასმელი წყლის გარეშე. ზ.ჯ-ძის განმარტებით, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე წყლის მილების გავლით მხარეს მიადგა ზიანი, რადგან მოძველებული მილები დაზიანდა, წყალმა კი ნაკვეთი დატბორა. მართალია, კასატორმა შესთავაზა მილების გამოცვლა, თუმცა ზ.ჯ-ძე წყლის მილების თავის ნაკვეთზე გაყვანის წინააღმდეგი იყო, სხვა გზით წყლის კასატორის ეზოში შეყვანა კი შეუძლებელია. გაურკვეველია ის გარემოებაც, თუ რატომ განიხილა სააპელაციო სასამართლომ ზ.ჯ-ძის კერძო საკუთრებად ის მიწა, რომელზეც სადავო ავზია მოწყობილი. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მეორე ნაწილის, 172-ე მუხლის, 183-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ზ.ჯ-ძე ამ ობიექტის მესაკუთრეს არ წარმოადგენს და ასეთი ვერც იქნება “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების, ასევე „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე. სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, როდესაც დაადგინა, რომ სადავო ავზით სარგებლობის უფლება კასატორმა მიიღო ჯ-ძეებისგან. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ ი.ბ-ძე ავზს კეთილსინდისიერად ფლობდა 30 წლის განმავლობაში და ისეთივე უფლება გააჩნია მასზე, როგორც მოწინააღმდეგე მხარეს. აღნიშნული გარემოების დასადგენად მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს ზ.ჯ-ძის სრულიად დაუსაბუთებელ მითითებას, რომ სადავო ავზის მშენებლობაში მონაწილეობდა მისი ბებია. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის მიხედვით კასატორს სრული უფლება გააჩნია, წყალმომარაგების ქსელთან კავშირი მეზობლის მიწის ნაკვეთის გავლით იქონიოს, ვინაიდან მის მიწის ნაკვეთს წყალთან ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი სხვა კავშირი არა აქვს. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო ასევე ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც მიკერძოებულ აზრს გამოხატავს. ექსპერტმა არასწორად განმარტა სადავო ავზის ტევადობის ფარგლები მისი შევსებისას წყლის ოდენობის შესახებ და მიუხედავად მითითებისა, არ შეამოწმა ავზის ავარიული მდგომარეობა, არ უპასუხა კითხვას, სადავო ავზი იყო თუ არა მეცნიერული თვალსაზრისით საკმარისი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ბ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა და 394-ე მუხლის “ე1” პუნქტის თანახმად, საკასაციო პალატა აუქმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს იმავე სასამართლოში, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებლია. კანონის მითითებული დანაწესი ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს და კანონდარღვევით მიღებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის ისეთ გადაწყვეტილებას, რომლის ფაქტობრივი დაუსაბუთებლობა ამ გადაწყვეტილების იურიდიული საფუძვლიანობის შემოწმებას შეუძლებელს ხდის.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას აფუძნებს და უდავოდ დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებებს, რომ სადავო წყლის ავზი მდებარეობს ი.ბ-ძისა და ზ.ჯ-ძის საცხოვრებელი სახლების ზემოთ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. იგი აშენებულია 50-იან წლებში მწვანე კონცხის ტურბაზის მაშინდელი დირექტორისა და მოპასუხის წინაპრის (ბებიის) ერთობლივი ძალისხმევით. მოსარჩელის ოჯახი აღნიშნულ ტერიტორიაზე დასახლდა მოგვიანებით და სადავო ავზით სარგებლობს დაახლოებით 60-იანი წლების ბოლოდან, როცა მოპასუხის მამამ დართო ავზში არსებული წყლით სარგებლობის ნება, კერძოდ, 2002 წლამდე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული გარემოებების დადგენისას სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რომლის ძალითაც სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, საქმის ფაქტობრივი გარემოებები დაადგინოს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ობიექტურად ურთიერთშეჯერების საფუძველზე და მხოლოდ კონკრეტულ მტკიცებულებათა შეფასების გზით დაასაბუთოს თავისი შინაგანი რწენა ამა თუ იმ ფაქტთან დაკავშირებით. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ფაქტობრივ დასაბუთებას, რაც უდავო ფაქტებთან ერთად მოიცავს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მიუთითოს იმ მტკიცებულებებზე, რომლებსაც ემყარება მის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა საერთოდ არ ასაბუთებს, თუ კონკრეტულად რომელ მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებას ეფუძნება მის მიერ უდავოდ დადგენილი ფაქტი 50-იან წლებში სადავო წყლის ავზის ზ.ჯ-ძის ბებიის მონაწილეობით აშენების შესახებ მაშინ, როცა მოსარჩელე ი.ბ-ძე თავის სასარჩელო განცხადებაშივე უთითებდა, რომ მხარეთა სახლების ზემოთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ორი წყლის ავზი, რომელთაგან ერთი უშუალოდ მოპასუხის საკუთრებაშია, ხოლო, სადავო მეორე ავზი აგებულია სახელმწიფოს მიერ, მისივე კუთვნილ ტერიტორიაზე და ეკუთვნის მხოლოდ სახელმწიფოს. ამდენად, სადავო წყლის ავზის აშენებისა და კუთვნილების საკითხი, ასევე მისი სარგებლობის უფლებამოსილება სადავოდაა გამხდარი ი.ბ-ძის მიერ, აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეთა პოზიციები ერთმანეთის საპირისპიროა და გაუგებარია, თუ რა საფუძვლით გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ უპირობოდ მხოლოდ მოპასუხე ზ.ჯ-ძის ახსნა-განმარტება, რასაც დააფუძნა გადაწყვეტილების შემდგომი სამართლებრივი შეფასება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მოდავე მხარეთა განმარტებები უნდა შეაფასოს საქმეში წარმოდგენილ მტიცებულებებთან ერთობლიობაში, რის შედეგად კანონის მოთხოვნათა დაცვით დაადგინოს და დაასაბუთოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ამა თუ იმ ფაქტის არსებობის ან არარსებობის საკითხი. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ასევე ნათლად და გასაგებად უნდა გამოარკვიოს, არსებობს თუ არა კანონიერი საფუძველი და, ასეთ შემთხვევაშიც, რამდენად დასაშვებია სადავო სასმელი წყლის ავზით სარგებლობის აღკვეთა. მოცემულ დავასთან მიმართებით სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეაფასოს სამეზობლო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და დებულებების გათვალისწინებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ბ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.