ას-452-843-06 19 მარტი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – გ. წ-ი, რ. ბ-ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ზ-ი, რ. თ-ი (მოპასუხეები)
დავის საგანი _ სანოტარო აქტის გაუქმება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
კასპის .. .. მეპაიებმა რ. ბ-მა და გ. წ-მა 2004 წლის აპრილში სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხეების ნოტარიუს რ. ზ-ისა და კასპის .. .. გამგეობის ყოფილი ... გ. დ-ის მიმართ და მოითხოვეს 2003 წლის 28 ოქტომბრის სანოტარო აქტის (რეგისტრაციის ¹...) გაუქმება. მოსარჩელებმა თავიანთი სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთეს, რომ კასპის ... გამგეობის ... გ. დ-ს არ ჰქონდა უფლება ერთპიროვნულად გაესხვისებინა .. .. კუთვნილი ქონება, რითაც დაირღვა საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივის შესახებ კანონის მე-7 მუხლის მეორე პუნქტი, ასევე .. .. წესდების მეხუთე მუხლის მეხუთე პუნქტი და წესდების 6.2.2 მუხლის “ჟ” პუნქტი. მოსარჩელეების მითითებით, გ. დ-ე ამ სანოტარო აქტის გაფორმების მომენტისათვის კასპის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 28 ოქტომბრის ბრძანებით უკვე გადაყენებული იყო დაკავებული თანამდებობიდან, რაც დადასტურებულია კასპის რაიონის პროკურატურის 2003 წლის 28 ოქტომბრის ¹339 წერილით. მოსარჩელეთა მოსაზრებით, გ. დ-მ გამოიყენა თავისი თანამდებობრივი მდგომარეობა და შეცდომაში შეიყვანა ნოტარიუსი.
კასპის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა რ. თ-ი.
კასპის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა კასპის .. .. .
კასპის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების კასპის .. .. მეპაიეების გ.წ-ის და რ.ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გ. დ-სა და რ. თ-ს შორის 2003 წლის 28 ოქტომბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გ. დ-მ გაყიდა, ხოლო რ. თ-მა იყიდა მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ.კასპში, ... ქ. ¹98ა-ში. გაუქმდა ნოტარიუსი რ.ზ-ის მიერ კასპის რაიონში შედგენილი 2003 წლის 28 ოქტომბრის სანოტარო აქტი, რეესტრში რეგისტრაციის ¹....
კასპის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. თ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით რ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა კასპის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. წ-ის და რ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა გამომდინარეობს კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან, სამეწარმეო სუბიექტის, სამომხმარებლო კოოპერატივის, მეპაიებსა და მისი გამგეობის ყოფილ ... შორის. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველ ინსტანციაში დავა განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დაადგინა აპელანტის სათანადოობის საკითხი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, როცა მოსარჩელეები ითხოვენ იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობას, რომლის ერთ-ერთი მხარე აპელანტი იყო და ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში ირღვეოდა მისი როგორც მყიდველის უფლებები. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სარჩელის უსაფუძვლობის შესახებ, რადგან საქმის მასალებით დადასტურებულად ჩათვალა, რომ სადავო არ არის ის გარემოება, რომ კასპის .. .. შექმნილია “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-60.1 მუხლის “ვ” პუნქტის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ... თავმჯდომარედ არჩეული გ. დ-ე წარმოადგენდა კასპის სამომხმარებლო კოოპერატივს მესამე პირებთან ურთიერთობაში; სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა კასპის სამომხმარებლო კოოპერატივის საკუთრებაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტი არის კეთილსინდისიერი შემძენი, რომელსაც ეჭვი არ შეპარვია და არც იყო ვალდებული გამოერკვია კასპის .. .. გამგეობის ... უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ გამგეობის მიერ. ამდენად, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ ჩათვალა მოსარჩელეების მოთხოვნა 2003 წლის 28 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თუ საზოგადოების გამგეობის ყოფილმა ... დაარღვია კანონით დადგენილი წესი ქონების გაყიდვის შესახებ, მოსარჩელეებს შეუძლიათ აღნიშნული ქმედებით საზოგადოებისათვის ზიანის მიყენება სადავო გახადონ და მიწის ნაკვეთის გასხვისებით შესაძლო ზიანის ანაზღაურება მოთხოვონ კასპის .. .. ყოფილ ... “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს გ. წ-მა და რ. ბ-მა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასატორების მოსაზრებით, კასპის ... გამგეობის ... არ ჰქონდა უფლება ერთპიროვნულად გაესხვისებინა და გაეყიდა ... ქონება, რითაც უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მესამე პუნქტი. აღნიშნული საკითხი განეკუთვნება .. მართვის უმაღლესი ორგანოს - საერთო კრების კომპეტენციას, რაც კარგად იყო ცნობილი როგორც დ-სათვის, ასევე ნოტარიუს რ.ზ-ისა და რ. თ-სათვის; ეს დასტურდება ნოტარიუს რ.ზ-ის მიერ კასპის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 აპრილის სხდომაზე მიცემული ჩვენებით. სანოტარო აქტის შედგენაში მონაწილე პირებისათვის მაშინვე იყო ცნობილი, რომ აქტი იყო უკანონო. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორების მოსაზრებით, რ. თ-ი არ შეიძლება ჩაითვალოს კეთილსინდისიერ შემძენად. რადგან გ. დ-ე აქტის გაფორმების მომენტისათვის 2003 წლის 28 ოქტომბერს კასპის რაიონული სასამართლოს ბრძანებით გადაყენებული იყო დაკავებული თანამდებობიდან. ამასთან, 2002 წლის 10 თებერვალს მის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო უკანონო. კასატორები თვლიან, რომ რ. თ-ი არ შეიძლება ჩაითვალოს კეთილსინდისიერ მყიდველად, რის შესახებაც მათ მიუთითეს სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ იგნორირება გაუკეთა მათ მოთხოვნას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რ.თ-ი სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად კეთილსინდისიერი შემძენია, რომელსაც ეჭვი არ შეპარვია და არც იყო ვალდებული გამოერკვია კასპის სამომხმარებლო .. .. გამგეობის .. .. უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ზემოაღნიშნული ნორმა შემძენს კეთილსინდისიერად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების გასხვისების შემდეგ სადავო გახდება გამსხვისებლის საკუთრების უფლება ამ ქონებაზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის სადავო, რომ გასხვისებული მიწის ნაკვეთი .. .. საკუთრებაა, მოსარჩელეებმა სადავო გახადეს მხოლოდ ამ მიწის ნაკვეთის გამსხვისებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება; მოსარჩელეებმა თავიანთი მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითეს ის, რომ კასპის .. .. გამგეობის ყოფილი თავმჯდომარე გ. დ-ე სადავო ქონების რ. თ-სათვის მიყიდვის თაობაზე 2003 წლის 28 ოქტომბრის სანოტარო აქტის გაფორმების მომენტისათვის კასპის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 28 ოქტომბრის ბრძანებით უკვე გადაყენებული იყო დაკავებული თანამდებობიდან და იგი უფლებამოსილ პირს არ წარმოადგენდა. ასეთ შემთხვევაში კი სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 108-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად უფლებამოსილებაში ცვლილებები და მისი გაუქმება უნდა ეცნობოს მესამე პირებს. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისას ეს ცვლილებები და უფლებამოსილების გაუქმება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მესამე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეებმა ხელშეკრულების დადებისას ამის შესახებ იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გამოარკვია, რ. თ-მა იცოდა თუ არა, ან მას უნდა სცოდნოდა თუ არა იმის შესახებ, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის გ. დ-ს საერთოდ გააჩნდა თუ არა უფლებამოსილება საზოგადოების სახელით გაეფორმებინა გარიგებები.
საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია კასატორების მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას არანაირი შეფასება არ მისცა კასპის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 აპრილის სხდომაზე ნოტარიუსი რ. ზ-ის განმარტებას იმის შესახებ, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დამოწმებისას გ.დ-მ უთხრა, რომ იმავე დღესვე წარმოუდგენდა ყველა საჭირო დოკუმენტს, ამიტომ ნოტარიუსმა დაადასტურა ეს გარიგება, მაგრამ, როდესაც იმავე საღამოს მოსთხოვა გ.დ-ს დოკუმენტები, მან განუცხადა, რომ გადაყენებულია და ვერაფერს ვერ წარმოუდგენდა (ს.ფ. 124). სასამართლომ არ გამოარკვია ასევე, რ. თ-სათვის ცნობილი იყო თუ არა ყოველივე ზემოაღნიშნული. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლს გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმდენად არასრულად, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. წ-ისა და რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.