ას-453-767-09 2 ოქტომბერი, 2009 წ
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ა. თ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე--- 1.ა. მ-ძე(მოპასუხე)
2.ი. ო-ია(მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. თ-ძემ, მოპასუხეებად დაასახელა ა. მ-ძე, ი. ო-ია და მოპასუხეთა მიერ ხელშეშლის აღკვეთა მოითხოვა, კერძოდ მოითხოვა, მოპასუხეთა დავალდებულება მოეხდინათ, მათ მიერ, ქ.ბათუმში, ... ქ.¹22-ში, უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი, შეეწყვიტათ უკანონო მშენებლობა-რეკონსტრუქცია და მოექციათ მშენებლობა პირვანდელი პროექტის ფარგლებში.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებთან ერთად გააჩნია საერთო სარგებლობის ეზო ქ.ბათუმში, ... ქ.¹22-ში.
2005 წლის იანვარში, ა.მ-ძემ და ი.ო-იამ ამავე სახლში დაიწყეს მეორე და მესამე სართულების კაპიტალური მშენებლობა, რა დროსაც მათი მხრიდან დარღვეული იქნა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესები;
სამეზობლო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხეებს ქუჩის მხრიდან უნდა გაეკეთებინათ მანსარდი, რომელიც ეზოს მხარეს უნდა ყოფილიყო დახურულ მდგომარეობაში, რათა სამომავლოდ ეზოს შენარჩუნებოდა მანამდე არსებული მდგომარეობა, თუმცა მოპასუხეებმა დაარღვიეს შეთანხმება და მანსარდის ნაცვლად ააშენეს მესამე სართული, შემდეგ კიდევ მანსარდი, რამაც გამოიწვია ეზოს დაბნელება.
გარდა აღნიშნულისა, სადავო შენობას ადრე გააჩნდა საერთო სარგებლობაში სამი საკვამური მილი, რომლითაც სარგებლობდნენ პირველი და მეორე სართულის მაცხოვრებლები, მაგრამ მოპასუხეებმა ყოველგვარი თანხმობის გარეშე გააუქმეს საკვამური მილი, რის გამოც ხელი ეშლება საკვამურით სარგებლობაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. თ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. თ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განთინებით ა. თ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეიგ ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე ცხოვრობს ქ.ბათუმში, ... ქ. ¹22-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, ხოლო მოპასუხეებს დაკავებული აქვთ აღნიშნული საცხოვრებელი სახლის მეორე და მესამე სართულები;
ქალაქ ბათუმის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის მიერ, მოპასუხეთა განცხადების საფუძველზე გაიცა სანებართვო მოწმობა ¹123\5, რომლის თანახმად, მოპასუხე ი. ო-იას ე. და ი. მ-ძეებთან ერთად ნება დაერთო, არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, ეწარმოებინა მათ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე მანსარდის მშენებლობა;
აღნიშნული მშენებლობის ნებართვისა და წარმოებული მშენებლობის თაობაზე ცნობილი იყო ა. თ-ძისათვის.
... ქუჩა ¹22-ში მცხოვრებ სხვა მეზობლებს, მშენებლობის წარმოებასთან დაკავშირებით, ო-იასა და მ-ძის მიმართ, არანაირი პრეტენზია არ გააჩნდათ.
საქმეში წარმოდგენილი ოქმების საფუძველზე დადგენილია, რომ არქიტექტურულ-საამშენებლო ინსპექციამ, მოპასუხის მიერ დარღვევები გამოავლინა მანამ, ვიდრე გაცემული იქნებოდა მშენებლობის ნებართვა;
აღნიშნულის შემდეგ, მშენებლობის წარმოების შესახებ, მოსარჩელემ და სხვა მეზობლებმა განაცხადეს თანხმობა და გაიცა ნებართვა შეთანხმებულ პროექტზე, რომელიც სადავოდ არავის გაუხდია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე ჩატარებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 2 მარტის ¹3988\15-2008 ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ქ.ბათუმში, ... ქ. ¹22-ში ი. ო-იას, ე. და ი. მ-ძეების საკუთრებაში რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლზე მოწყობილი მანსარდი არ შეესაბამება 2005 წლის 6 სექტემბრის მშენებლობის ნებართვაში მითითებულ პროექტს, თუმცა ამგვარად მანსარდის მოწყობა არ გამოიწვევდა ამავე სახლის პირველ სართულში განთავსებული ალექსანდრე თ-ძის საცხოვრებელი ბინის განათებულობისა და ინსოლაციის გაუარესებას.
სააპელაციო პალატის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხედ დასახელებული ა. მ-ძის მიმართ უსაფუძვლოა იმ მიმართულებით, რომ იგი წარმოადგენდა, მხოლოდ სააამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე ზედამხედველ პირს და არა უძრავი ქონების მესაკუთრეს და მის მიმართ გამოყენებული ვერ იქნება სამეზობლო ურთიერთობიდან გამომდინარე პრეტენზიები.
აღნიშნული განჩინება სკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ლ-ძემ.
კასატორის განმარტებით, როდესაც მოპასუხეებმა მშენებლობა დაიწყეს, მათ პროექტი და მეზობლებთან შეთანხმება არ ქონიათ. შეთანხმება მოხდა მეზობლებთან მაისის თვეში, რომ ქუჩის მხარეზე გაეკეთებინათ მანსარდი, რომელიც ეზოს ხელს არ შეუშლიდა რაზედაც მეზობლებმა თანხმობა მისცეს ოფიციალურად. დავა და ჩივილი გამოიწვია იმან, რომ უკანონოდ განხორციელებულმა მშენებლობამ, რასაც მოყვა დამატებითი მანსარდების დაშენება, გამოიწვია საკვამური მილების მონგრევა და სარეცხი მოედნის გაუქმება. ამ კონკრეტულ საკითხზე ექსპერტი და მოსამართლე ყურადღებას არ ამახვილებენ.
კასატორის განცხადებით, ის რომ მისი უფლებები ნამდვილად დარღვეული იყო დგინდება თვით ექსპერტიზის დასკვნითაც, სადაც წერია, რომ მოპასუხეების მიერ განხორციელებული მშენებლობა, კერძოდ მოწყობილი მანსარდი არ შეესაბამებოდა 2005 წლის 6 სექტემბრის მშენებლობის ნებართვაში მითითებულ პროექტს. ანუ მოპასუხეების მიერ დარღვევა დაფიქსირდა, თუმცა სასამართლომ ამას სათანადო შეფასება არ მისცა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები. ის დაემყარა მხოლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
აღნისნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განცინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებულ განჩინებაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლო აპელირებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც ე. და ი. მ-ძეების საკუთრებაში რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლზე მოწყობილი მანსარდი არ შეესაბამება მშენებლობის მითითებულ პროექტს, თუმცა ამგვარად მანსარდის მოწყობა არ გამოიწვევდა ამავე სახლის პირველ სართულში განთავსებული ალექსანდრე თ-ძის საცხოვრებელი ბინის განათებულობისა და ინსოლაციის გაუარესებას. აღნიშნულ დასკვნაზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მშენებლობის პირველადი პროექტის ფარგლებში მოყვანის თაობაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული დავა განიხილა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებათა უგულვებელყოფით. კერძოდ, როგორც სარჩელშია მითითებული ა. მ-ძისა და ი. ო-იას მიერ წარმოებულმა მშენებლობამ გამოიწვია არა საცხოვრებელი ბინის, არამედ ეზოს დაბნელება, ასევე მოშლილია სარეცხის საშრობი და სახანძრო უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ნაგებობა. აღნიშნულის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინებაში მიუთითა, რომ აუცილებელია სპეციალური ცოდნა იმის დასადგენად აბნელებს თუ არა ეზოს დაშენებული მანსარდი (ს.ფ. 242), ასეთი კითხვა სასამართლოს ექსპერტისათვის აღარ დაუსვამს. აღნიშნულმა კი გამოიწვია ის, რომ სარჩელში მითითებული მთელი რიგი გარემოებები დარჩა სასამართლოს შეფასების გარეშე.
ამასთან, სასამართლომ შეფასება არ მისცა გარემოებას, რომ ექსპერტის დასკვნით აშენებული ნაგებობისა და პროექტით გათვალისწინებული პერიმეტრებს შორის არსებობს დიდი სხვაობა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ეზოს დაბნელება და შეზღუდოს ეზოს გამოყენება დანიშნულებისამებრ.
პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული თვალსაზრისით გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შესაძლებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი ასეთი განჩინება (გადაწყვეტილება) უქმდება და ხელახლა განხილვისათვის უბრუნდება სასამართლოს ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქმე ხელახლა უნდა იქნეს განხილული სასამართლოს მიერ.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს აბნელებს თუ არა ეზოს აღნიშნული მშენებლობა და მშენებლობისას დაცულია თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. თ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება