Facebook Twitter

ას-40-380-09 23 ივლისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. ლ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ფ. ბ-ე (მოსარჩელე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ფ. ბ-ემ ნ. ლ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის 172007,25 ლარის დაკისრება.

მან მიუთითა, რომ დაბადებიდან ცხოვრობს და რეგისტრირებულია სადავო ბინაში ქ. ბათუმში, ........... ქ. ¹36-ში. ამავე ბინაში ცხოვრობდნენ და რეგისტრირებული იყვნენ მისი მშობლები 1937 წლიდან. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ფაქტი დასტურდება ბინის მისამართზე რეგისტრაციით, კომუნალური გადასახადების გადახდით, საარქივო ცნობებით, საპასპორტო მონაცემებით და ა.შ. ამჟამად მოპასუხე ნ. ლ-ე ითხოვს მის გამოსახლებას სადავო საცხოვრებელი სახლიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებთ ფ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ლ-ეს, მის საკუთრებაში არსებულ ქ. ბათუმში, .......... ქ. ¹36-ში მდებარე საცხოვრებელ სადგომზე ფ. ბ-თვის ფართზე მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ დაეკისრა 172007,25 ლარის გადახდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ლ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის წარმომადგენელ ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება. ფ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეწყდა ქ. ბათუმში ......... ქ. ¹36-ში მდებარე ნ. ლ-ის საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სადგომზე ფ. ბ-ის მფლობელობა ნ. ლ-ის მიერ ფ. ბ-თვის 101410 ლარის გადახდის სანაცვლოდ. A

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ლ-ემ. მან აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად გამოიყენა მის მიერვე არასწორად დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, თითქოს ფ. ბ-ე “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” სქართველოს კანონის ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდეგ იხდიდა კომუნალურ გადასახადს. აღნიშნულის საფუძველზე კი სასამართლომ არასწორად დაასკვნა, თითქოს ფ. ბ-ე წარმოადგენდა მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს და მას სარგებლობის უფლება მიღებული ჰქონდა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. კერძოდ, მოსარჩელე ფ. ბ-ის მოთხოვნაა, დაეკისროს ნ. ლ-ეს 172007,25 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და შეწყვიტა ქ. ბათუმში, ......... ქ. ¹36-ში, ნ. ლ-ის საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სადგომზე, ფ. ბ-ის მფლობელობა ნ. ლ-ის მიერ ფ. ბ-თვის 101 410 ლარის გადახდის სანაცვლოდ.

მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად უთითებს “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონზე და მიიჩნევს, რომ იგი წარმოადგენს ამ კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს განსახილველ კანონიდან და, ამდენად, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას. კერძოდ, “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონი მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, მესაკუთრეს უფლება აქვს, მოსარგებლეს მოსთხოვოს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა, მხოლოდ მოსარგებლისათვის (ან თავდაპირველი მოსარგებლის უფლებამონაცვლისათვის) დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის შემთხვევაში.

განსახილველი ნორმის თანახმად, დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ მოსარგებლისათვის საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტის მოთხოვნა წარმოადგენს მესაკუთრეს უფლებას და არა ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმას, რომ მესაკუთრეს უფლება აქვს, გამოიყენოს ან არ გამოიყენოს აღნიშნული უფლება.

იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეს არ სურს აღნიშნული უფლების გამოყენება, მოსარგებლეს შეუძლია, ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ანაზღაურების (დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%) სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა და არა მესაკუთრის მიერ თავისი უფლების გამოყენების დავალდებულება, რაც ყოვლად დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნ. ლ-ეს (საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეს) დაეკისროს საცხოვრებელი სადგომის 75% გადახდა ფ. ბ-ის (მოსარგებლის) სასარგებლოდ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

ფ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.