Facebook Twitter

ას-453-802-07 2 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

სხდომის მდივანი _ ე.ხაჩიძე

კასატორი _ დ. ს-ეE(მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ შ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ს-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ს-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ს-ის მიმართ კუთვნილი უძრავი ნივთის _ 0,23 ჰა მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის ერთი ოთახის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის, სასაზღვრო მიჯნის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის, ზიანის _ 5000 ლარის ანაზღაურებისა და სამკვიდროში შემავალი მოძრავი ნივთების გაყოფის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მხარეები არიან ძმები. მათი მშობლები გარდაცვალებამდე ცხოვრობდნენ ქარელის რაიონის სოფელ ... , სადაც მათ ეკუთვნოდათ ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და 0,46 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. ი. ს-ე 1990 წელს, ხოლო რ. ჩ-ი _ 1998 წელს გარდაიცვალნენ. ქარელის რაიონულმა სასამართლომ დ. ს-ს გაუგრძელა დედის სამკვიდროს მიღების ვადა და ამავე რაიონის ნოტარიუსმა მოსარჩელის სახელზე გასცა სამკვიდრო მოწმობა საცხოვრებელი სახლის ჩრდილოეთ ნაწილსა და 0,23 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, რაც რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. მოპასუხე გ. ს-მ მოსარჩელის ნებართვის გარეშე მოშალა საკარმიდამო ნაკვეთის გამყოფი საერთო სარგებლობის ღობე, რომლის შემადგენელი ლითონის მილები მიითვისა და გაყიდა. მოპასუხე უკანონოდ დაეუფლა დ. ს-ის კუთვნილ ოთახს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, რის გამოც მოსარჩელე ვეღარ უვლის ხეხილსა და ვაზს. გ. ს-ე იღებს და ითვისებს ასევე მოსარჩელის კუთვნილ მოსავალს. ყოველივე აღნიშნულით დ. ს-ს მიადგა 5000 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი. გ. ს-ე ის მიერ უკანონო ხელშეშლის გამო მოსარჩელემ მამაპაპისეული მოძრავი ნივთები ვერ მოიძია და მხარეებს შორის ვერ გაანაწილა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

საქმეში მესამე პირად ჩაება მხარეთა და მ. ჩ-ე.

ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე გ. ს-ე გამოსახლდა მოსარჩელე დ. ს-ის მიერ მემკვიდრეობით მიღებული და მის საკუთრებად რიცხული ქარელის რაიონის სოფელ ... მდებარე სახლიდან, რომელიც მამკვიდრებელ რ. ჩ-ს სახლის ნაწილს შეადგენს (ჩრდილოეთით საერთო ფართი _ 131,8 კვ.მ, მათ შორის, საცხოვრებელი ფართი _ 71,8 კვ.მ, დამხმარე ფართი _ 60,0 კვ.მ), გ. ს-ს დაევალა დ. ს-ის კუთვნილი ჩრდილოეთით მდებარე 0,23 ჰექტარი მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობიდან გამოთავისუფლება, არ დაკმაყოფილდა დ. ს-ის მოთხოვნები სასაზღვრო მიჯნის აღდგენასა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების, ასევე გ. ს-ის მიერ მ. ჩ-ე ზ-სათვის გადაცემული სრული სამკვიდროს ნახევრის დ. ს-ისათვის მიკუთვნების შესახებ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ს-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა, ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. ს-ის სარჩელი გ. ს-ის საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლებისა და მისი უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დ. ს-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე მისი დამტკიცების შესახებ შემდეგი პირობებით:

1. კასატორი დ. ს-ე თანახმაა და კისრულობს ვალდებულებას, რომ მოპასუხე გ. ს-ს გადაუხადოს 1000 (ათასი) აშშ დოლარი 2007 წლის 1 ნოემბრამდე შემდეგი სადავო ქონების სანაცვლოდ: ქარელის რაიონის სოფელ ... მდებარე საცხოვრებელი სახლი, მასთან მიმდებარე მიწის ნაკვეთი _ 3283 (სამი ათას ორას ოთხმოცდასამი) კვ.მ, ამავე სოფელში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები _ 980 (ცხრაას ოთხმოცი) კვ.მ და 372 კვ.მ (სამას სამოცდათორმეტი) კვ.მ, რომლებიც მთლიანად დარეგიტრირდეს საჯარო რეესტრის სამსახურში დ. ს-ის სახელზე;

2. გ. ს-ე თანახმაა, დ. ს-ის მიერ 1000 (ათასი) აშშ დოლარის სანაცვლოდ, დათმოს ზემოთ აღნიშნული ქონება მთლიანად, მათ შორის, საცხოვრებელი ბინა და სადავო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და იგი მთლიანად საკუთრების უფლებით აღირიცხოს ქარელის რაიონის საჯარო რეესტრის სამსახურში, დ. ს-ის სახელზე;

3. თანხის დანიშნულ დროზე გადაუხდელობის შემთხვევაში აღსრულება მოხდეს იძულებითი წესით;

4. ქარელის რაიონის სოფელ ხეობაში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოპასუხე გ. ს-ს გადაეცეს საკუთრებაში: ორი საწოლი (მეტალის), ტანსაცმლის კარადა და 2 (ორი) ცალი თუჯის არყის სახდელი პატარა ზომის ქვაბი, თუკი მოძრავი ნივთები აღმოჩნდება ადგილზე;

5. ზემოაღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დ. ს-ის სახელზე აღირიცხოს გ. ს-ისათვის 1000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ.

მხარეები გაეცნენ მორიგების პირობებს, ეთანხმებიან და აწერენ ხელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ს-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 10 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამასთან, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსახილველი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მხარეთა მორიგების შემთხვევაში, მხარეებს თანაბარწილად დაეკისრებათ სახელმწიფო ბაჟის კანონით გათვალისწინებული ოდენობის ნახევარი. მოცემულ შემთხვევაში კასატორი დ. ს- სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის “მ” ქვეპუნქტის თანახმად, ამდენად, გ. ს-ს უნდა დაეკისროს ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე განახევრებული სახელმწიფო ბაჟის ნახევარი _ 10 აშშ დოლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება სამოქალაქო საქმეზე დ. ს-ის სარჩელის გამო გ. ს-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე შემდეგი პირობებით:

1. კასატორი დ. ს-ე თანახმაა და კისრულობს ვალდებულებას, რომ მოპასუხე გ. ს-ს გადაუხადოს 1000 (ათასი) აშშ დოლარი 2007 წლის 1 ნოემბრამდე შემდეგი სადავო ქონების სანაცვლოდ: ქარელის რაიონის სოფელ ... მდებარე საცხოვრებელი სახლი, მასთან მიმდებარე მიწის ნაკვეთი _ 3283 (სამი ათას ორას ოთხმოცდასამი) კვ.მ, ამავე სოფელში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები _ 980 (ცხრაას ოთხმოცი) კვ.მ და 372 კვ.მ (სამას სამოცდათორმეტი) კვ.მ, რომლებიც მთლიანად დარეგიტრირდეს საჯარო რეესტრის სამსახურში დ. ს-ის სახელზე;

2. გ. ს- თანახმაა, დ. ს-ის მიერ 1000 (ათასი) აშშ დოლარის სანაცვლოდ, დათმოს ზემოთ აღნიშნული ქონება მთლიანად, მათ შორის, საცხოვრებელი ბინა და სადავო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და იგი მთლიანად საკუთრების უფლებით აღირიცხოს ქარელის რაიონის საჯარო რეესტრის სამსახურში, დ. ს-ის სახელზე;

3. თანხის დანიშნულ დროზე გადაუხდელობის შემთხვევაში აღსრულება მოხდეს იძულებითი წესით;

4. ქარელის რაიონის სოფელ ხეობაში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოპასუხე გ. ს-ს გადაეცეს საკუთრებაში: ორი საწოლი (მეტალის), ტანსაცმლის კარადა და 2 (ორი) ცალი თუჯის არყის სახდელი პატარა ზომის ქვაბი, თუკი მოძრავი ნივთები აღმოჩნდება ადგილზე;

5. ზემოაღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დ. ს-ის სახელზე აღირიცხოს გ. ს-ისათვის 1000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ.

გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება.

შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება დ. ს-ის სარჩელის გამო გ. ს-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

დ. ს- სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. გ. ს-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 10 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.