ას-45-398-07 26 მარტი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ლ. ფ-ის სარჩელის გამო მოპასუხეები რ. ფ-ისა და ზ. გ-ის მიმართ, კანონიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ბათილად ცნობის, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, მესაკუთრედ ცნობისა და უკანონო ფლობელობიდან ქონების გამოთხოვის თაობაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ლ. ფ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის განჩინებით კასატორს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა საკასაციო საჩივრის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის, მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრისა და ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად, აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად (ს.ფ.417-419.
აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით, რაც უკან იქნა დაბრუნებული და კონვერტზე მითითებული იქნა, რომ კასატორი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს (ს.ფ. 420-421).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
მოცემულ შემთხვევაში, ლ. ფ-ე ვალდებული იყო სასამართლოსათვის ეცნობებინა მისამართის შეცვლის შესახებ, ხოლო ასეთი ცნობის უქონლობის გამო სასამართლომ ხარვეზის განჩინება გააგზავნა მისთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე, რაც ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს.
პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.