Facebook Twitter

¹ას-454-803-07 27 ივლისი, 2007 წ. ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები---თ. დ-ი , შპს ,,.. ..” დირექტორი ლ. ც-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე –თ. ხ-ი –( მოსარჩელე)

დავის საგანი –ხელშეშლის აღკვეთა

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება---თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მოსარჩელე თ. ხ-მა სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების თ. დ-ს და შპს „ .. ..“ მიმართ თელავის ...დან“ მოპასუხეების მათ თანხმლებ პირებთან ერთად გამოსახლების შესახებ.

მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2005 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ქ. თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები და აღირიცხა მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. თ. დ-ი, შპს „.. ..“ და მათი თანხმლები პირები უკანონოდ სარგებლოდნენ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფართით და მიუხედავად კანონიერი მოთხოვნისა არ ათავისუფლებენ ბაზრის ტერიტორიას.

მოსარჩელემ მოითხოვა გამოთხოვილი იქნეს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება, აღკვეთილი იქნეს ხელშეშლა და გამოსახლდნენ მოპასუხეები თანხმლებ პირებთან ერთად სადაო ფართიდან.

სასამართლო სხდომაწზე მოპასუხეების თ. დ-ს და შპს „ .. ..“ წარმომადგენლებმა გ. ი-მ და მ. ყ-მა სარჩელი არ ცნეს.

თელასვის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებითსარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. დ-მა და შპს ,, .. ..” დირექტორმა ლ. ც-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით თ. დ-ს და შპს „.. ..“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. ხ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. თ. დ-ს და შპს „ .. ..“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა „თელავის ...“ და გადაეცა თ. ხ-ს გამოთავისებულებულ მდგომარეობაში.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ხ-ი არის სადავო უძრავი ქონების, „თელავის ...“ მესაკუთრე; რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან; ს.ფ. 6-11, 12; ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ხ-ს კუთვნილი უძრავი ქონება სარჩელის აღძვრის მომენტში იმყოფებოდა მოპასუხეთა მფლობელობასა და სარგებლობაში;

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით ილახება თ. ხ-ს, როგორც მესაკუთრის უფლებები თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს ქონებასდა მიიჩნია, რომ უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის შესახებ თ. ხ-ს სარჩელი საფუძვლიანია;

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ 2001 წლის საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ფართით შპს „ .. ..“ კანონიერი სარგებლობის უფლების შესახებ, რადგან საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2001 წელს თ. დ-ი არ წარმოადგენდა იჯარით გაცემული ფართის მესაკუთრეს (მისი საკუთრების უფლება რეგისტრირებული იქნა 2004 წლიდან) და შესაბამისად, მის მიერ საიჯარო ხელშეკრულების დადება შპს „ .. ..“ ვერ წარმოუშობს სადავო ფართით სარგებლობის კანონიერ უფლებას; ს.ფ. 187, 211-212; ამასთან, სააპელაციო სასამართლო გაიზიარა მოსარჩელის პოზიციას იმის შესახებ, რომ საიჯარო ხელშეკრულების კანონიერების შემთხვევაში მის მიერ სარჩელის აღძვრა შპს „ .. ..“ წინააღმდეგ ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით, წარმოადგენს მისი ნების გამოვლენას მიმართულს საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტისაკენ, რა დროსაც მოპასუხის მიმართ მოქმედებს შესაბამისი სამართლებრივი დაცვის საშუალებები, რაც მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი არ წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. დ-მა და შპს ,, .. ..” დირექტორმა ლ. ც-მა.

კასტორების განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს სსსკ 186-ე მუხლის საფუძველზე არ უნდა მიეღო წარმოებაში თ.ხ-ის სარჩელი, რადგან მას წარმოებაში ჰქონდა შრომითი კოლექტივის სარჩელი, ხოლო შრომითი კოლექტივის მიერ სარჩელზე უარის თქმის შემდეგ სსსკ 272-ე მუხლისა და სსსკ 92-ე მუხლების საფუძველზე თ.ხ-ს სარჩელთან დაკავშირებით უნდა შეეწყვიტა საქმე..

კასატორების აზრით შრომითი კოლექტივის უარს სარჩელზე, სამართლებრივად ის შედეგი მოჰყვა, რომ იგი ამ დავის საგნით, ამ საფუძვლით და ამ მოპასუხეთა მიმართ ვერასდროს ვეღარ მიმართავდა სასამართლოს. ეს შეზღუდვა სსსკ 92-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გადავიდა როგორც სამართალმემკვიდრესა და საპროცესო უფლებამონაცვლეზე თ.ხ-ზე. რასაც სააპელაციო სასამართლომ საერთოდ აუარა გვერდი.

კასატორების აზრით გადაწყვეტილება მიღებულ. მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, სასამართლომ უკანონოდ გამოასახლა ისინი, ბაზარში სამართლებრივი საფუძვლით მყოფი შპს „ .. ..“ საიჯარო ხელშეკრულებას და მათ მოსაზრებას სასამართლომ ფაქტიურად პასუხი არ გასცა.

აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორებმა მოითხოვეს გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სსსკ 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე შეწყტეს საქმის წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. დ-ს და შპს ,, .. ..” დირექტორის ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ. მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულ. სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. დ-ს და შპს ,, .. ..” დირექტორის ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. დ-ს და შპს ,, .. ..” დირექტორის ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

კასატორებს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.