ას-455-769-09 3 დეკემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „საქართველოს რკინიგზა“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – ა. ს-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ-ძე (მოპასუხე)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და
ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 11 ოქტომბერს შპს „საქართველოს რკინიგზამ“ სარჩელით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს ნ. ბ-ძისა და გ. გ-შვილის წინააღმდეგ და მოითხოვა მიყენებული ზიანის _ 15122.45 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2006 წლის 16 სექტემბერს ქობულეთიდან სოფ.კვირიკის მიმართულებით მოძრაობდა თივით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა „მერსედეს-ბენცი-2228”, სახელმწიფო ნომრით ობბ-774, რომელსაც მართავდა გ. გ-შვილი. სოფ.კვირიკის რკინიგზის გადასასვლელზე გადასვლის დროს ნახევრად მისაბმელის წინა ქვედა ნაწილი დაედო ლიანდაგის შპალებს, რამაც ავტომანქანა გააჩერა. მოსარჩელის განმარტებით, შექმნილი ვითარების დროს მძღოლმა უგულებელყო და არ შეასრულა საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საგზაო მოძრაობის წესების” 29.1 და 34.5 მუხლის მოთხოვნები. რკინიგზის გადასასვლელის მორიგე ნ. ბ-ძემ არ შეასრულა გადასასვლელების მოწყობისა და მომსახურების ცპ-4288 ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, არ ჩართო შემზღუდავი სიგნალები და არ შეატყობინა სადგურ ქობულეთის მორიგეს რკინიგზის გადასასვლელზე წარმოქმნილი დაბრკოლების შესახებ. სატვირთო მატარებლის ¹2106 მემანქანემ, რომელიც მოძრაობდა ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით, დამუხრუჭების გზით სცადა თავიდან აცილება, მაგრამ, სამუხრუჭე მანძილის სიმცირის გამო, მატარებელი ვერ გაჩერდა და მანქანას შეეჯახა.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „საქართველოს რკინიგზას“ მიადგა 15 122.45 ლარის ზიანი, ამიტომ მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 15122.45 ლარის დაკისრება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მოპასუხე გ.გ-შვილის განმარტებით, შემთხვევა მისი ბრალეული ქმედებით არ მომხდარა. რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის დროს, მანქანის წინა ნაწილი წამოედო ლიანდაგის შპალის კუთხეს, რომელიც ზემოთ იყო ამოწეული, ამიტომ მანქანამ ვეღარ შესძლო გადაადგილება და გაჩერდა ლიანდაგზე.
სარჩელი არ ცნო ნ.ბ-ძემაც, რომელმაც მიუთითა, რომ მას ბრალი არ მიუძღვის მომხდართან დაკავშირებით, ამასთან დაუსაბუთებელია ის ზიანი, რომელსაც მოსარჩელე ითხოვს.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. გ-შვილის მიერ, შპს „საქართველოს რკინიგზისთვის“ მიყენებული მატერიალური ზიანის - 15 122.45 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 453.67 ლარის მოპასუხე ნ. ბ-ძესთან ერთად სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; ნ. ბ-ძეს დაეკისრა შპს „საქართველოს რკინიგზისთვის“ მიყენებული ზიანის - 15 122.45 ლარისა და მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 453,67 ლარის, სულ 15 567.12 თეთრის ანაზღაურება შპს „საქართველოს რკინიგზის“ სასარგებლოდ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს “საქართველოს რკინიგზის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „საქართველოს რკინიგზამ”. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, კერძოდ, განმარტა და გაანალიზა დასახელებული მუხლით მატერიალური პასუხისმგებლობის დადგომის პირობები და საბოლოოდ გამოიტანა დასკვნა, რომ, ვინაიდან არ არსებობდა დანაშაული, შესაბამისად, არ არსებობდა ბრალი და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რაც არასწორია.
კასატორი მიუთითებს, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, “ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა პირის განზრახი ან გაუფრთხილებელი მართლსაწინააღმდეგო მოქმედება.” აღნიშნულში არ შეიძლება იგულისხმებოდეს მხოლოდ სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება. სააპელაციო სასამართლომ კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაუკავშირა მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალეულობას, მაშინ, როდესაც „მართლსაწინააღმდეგო“ ქმედება არ შეიძლება მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულთან იყოს ასოცირებული. ბათუმის რაიონული პროკურატურის 2006 წლის 26 დეკემბრის დადგენილება, წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ „სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო“, არ ნიშნავს იმას, რომ წინასწარმა გამოძიებამ გაამართლა მოპასუხეები ნ.ბ-ძე და გ.გ-შვილი და საქმე ამ საფუძვლით შეწყვიტა. გამოძიებამ დადგენილად ცნო, რომ ამ უკანასკნელთ არ ჩაუდენიათ სისხლის სამართლის დანაშაული და მათ ქმედებაში შეინიშნებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნები, რაც გამოიხატებოდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაში, რამაც შპს „საქართველოს რკინიგზას“ მიაყენა 15 122.45 ლარის ზიანი.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა „გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლების შესახებ“, რაც გამოიხატა იმაში, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გააუქმა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება, რაც აპელანტს არ მოუთხოვია და არც შეიძლებოდა მოეთხოვა, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება მეორე მოპასუხე გ.გ-შვილის მიმართ შესული იყო კანონიერ ძალაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, 2006 წლის 16 სექტემბერს ქობულეთიდან სოფ.კვირიკის მიმართულებით მოძრაობდა თივით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა „მერსედეს-ბენცი-2228”, სახელმწიფო ნომრით ობბ-774, რომელსაც მართავდა გ. გ-შვილი. სოფ.კვირიკის რკინიგზის გადასასვლელზე გადასვლის დროს ნახევრად მისაბმელის წინა ქვედა ნაწილი დაედო ლიანდაგის შპალებს, რამაც ავტომაქანა გააჩერა. სატვირთო მატარებლის ¹2106 მემანქანემ, რომელიც მოძრაობდა ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით, დამუხრუჭების გზით სცადა თავიდან აცილება, მაგრამ, სამუხრუჭე მანძილის სიმცირის გამო, მატარებელი ვერ გაჩერდა და მანქანას შეეჯახა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შპს “საქართველოს რკინიგზის” სასარჩელო მოთხოვნაა, ნ. ბ-ძესა და გ. გ-შვილს დაეკისროთ მიყენებული ზიანის - 15122.45 ლარის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა შპს “საქართველოს რკინიგზის” სასარჩელო მოთხოვნა გ. გ-შვილის მიმართ, მაგრამ დააკმაყოფილა ნ. ბ-ძის მიმართ. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სოლიდარულად ნ. ბ-ძესთან ერთად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გ. გ-შვილისათვის დაკისრებაზე სააპელაციო წესით არ გაასაჩივრა შპს “საქართველოს რკინიგზამ”, ამდენად ამ ნაწილში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ნ. ბ-ძის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორი (მოსარჩელე) თავის მოთხოვნის საფუძვლად უთითებს ბათუმის რაიონული პროკურატურის შესახებ 2006 წლის 26 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც შეწყდა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ- არსებობის გამო. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრული იგნორირება გაუკეთა ზემოაღნიშნულ დადგენილებას, რომელშიც მითითებულია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს საგზაო მოძრაობის წესები, რამაც შპს “საქართველოს რკინიგზას” მიაყენა 15.122,45 ლარის ზიანი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლო სხდომაზე შპს “საქართველოს რკინიგზის” წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ ახსნა-განმარტებაზე, რომლითაც მან განაცხადა, რომ “... ზიანი მივიღეთ მატარებლების დაყოვნების შედეგად” (ს.ფ. 157).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული განმარტების გარდა შპს “საქართველოს რკინიგზა” ვერ ადასტურებს ზიანის საფუძვლიანობასა და ოდენობას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის შესახებ 2006 წლის 26 დეკემბრის დადგენილება, რომელშიც მითითებულია, რომ სატვირთო მატარებლის შეჯახების შედეგად შპს “საქართველოს რკინიგზამ” განიცადა 15.122,45 ლარის ზიანი, არ შეიძლება მივიჩნიოთ მტკიცებულებად, რომლითაც დასტურდება ვაგონების დაყოვნებით მიღებული ზიანისა და მისი ოდენობის ფაქტი.
უპირველეს ყოვლისა, პასუხგასაცემია, საჭიროებს თუ არა მტკიცებას აღნიშნულ დადგენილებაში მითითებული ფაქტი იმის შესახებ, რომ შპს “საქართველოს რკინიგზამ” განიცადა 15.122,45 ლარის ზიანი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში უნდა განიმარტოს სსსკ-ის 106-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან იმ ფაქტების შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება იმ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებებლი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო სამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსის გარკვევას გააჩნია დიდი მნიშვნელობა, რომელიც მიუთითებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებსა და მათ პრეიუდიციულ მნიშვნელობაზე, კერძოდ, იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას.
ამ ფაქტების პრეიუდიციულ მნიშვნელობას განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებებლი გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია იმ პირის მოქმედების შედეგები, რაც წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივი განხილვის საგანს.
ამდენად, განსახილველი ნორმის თანახმად, ფაქტების პრეიუდიციული მნიშვნელობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებებლი გადაწყვეტილებით დადგენილი სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ ფაქტები; გადაწყვეტილება იმ პირის მოქმედების თაობაზე რომელიც სამოქალაქო საქმეზე მონაწილეობს), არამედ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (რომელი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასების შინაარსი, რომლის საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ვლინდება გადაწყვეტილების არა სარეზოლუციო, არამედ სამოტივაციო ნაწილიდან, რომლითაც უნდა დგინდებოდეს სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი ფაქტები, რომლებიც წარმოადგენენ სამოქალაქო სამართლებრივი განხილვის საგანს.
კონკრეტულ შემთხვევაში ბათუმის რაიონული პროკურატურის 2006 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით შეწყდა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, კასატორის მიერ არ დასტურდება, რომ 15122,45 ლარის ზიანის ნაწილში მითითება 2006 წლის 26 დეკემბრის დადგენილების გამოტანის ერთ-ერთი საფუძველია, (რომლის გარეშე შეუძლებელია სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტაზე მსჯელობა).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვაგონების დაყოვნების ფაქტი და ამ დაყოვნების შედეგად მიღებული ზიანის ოდენობა შესაძლებელია დადასტურდეს საამისოდ გათვალისწინებული ფორმითა და წესით შედგენილი აქტებით.
ამასთან ერთად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორი არც ერთ ინსტანციის სასამართლოში არ უთითებს, თუ კონკრეტულად რამდენად დაყოვნდა მგზავრთა გადაყვანა, ბარგის, ტვირთ-ბარგის, ფოსტის, ტვირთის გადაზიდვის, ასევე კონკრეტულად რომელი ვაგონების (კონტეინერების), რა დროის მონაკვეთით და ა.შ.
საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილი თანახმად, გარემოებები, რომლებიც სარკინიგზო მიმოსვლის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს, დასტურდება კომერციული, ტექნიკური და საერთო ფორმის აქტებით. ამავე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გაუთვალისწინებელ სხვა გარემოებათა დასამოწმებლად დგება ტექნიკური და საერთო ფორმის აქტები, “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებისა” და „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
ვაგონების დაყოვნების მიზეზები, მათი რაოდენობა, დაყოვნების დრო და ა.შ შესაძლებელია დადასტურდეს მხოლოდ ზემოაღნიშნული ნორმატიულ აქტებში მითითებული, კონკრეტული შემთხვევის ამსახველი (კომერციული, ტექნიკური, საერთო) აქტების მეშვეობით.
აღნიშნულის ზოგადი დანაწესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის მიხედვით “საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით”.
ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის, აუცილებელია არსებობდეს არა მარტო ნ. ბ-ძის, როგორც რკინიგზის გადასასვლელის მორიგის მიერ სათანადო ნორმატიული აქტებით განსაზღვრელი ფუნქციური ვალდებულებების შეუსრულებლობის (მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედების), არამედ ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისა და მისი ოდენობის ფაქტი, რასაც კასატორი არ უთითებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „საქართველოს რკინიგზის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.