ას-456-770-09 24 სექტემბერი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ შ. რ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 17 სექტემბერს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოპასუხე შ. რ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 14 000 ლარის ოდენობით ჯარიმის, ზიანის სახით 2753,52 ლარისა და 14 000 ლარის 0.2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შ. რ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 14000 ლარის ოდენობით, ასევე დაეკისრა 2005 წლის 5 ნოემბრიდან პირგასამტეხლო ჯარიმის 14000 ლარის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯარიმის თანხის სრულ გადახდამდე, სარჩელი ზიანის სახით მოპასუხეზე 2753,52 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შ. რ-ძეს შორის 2005 წლის 31 მარტს გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, იგი გაწვეულ იქნა სამხედრო პროფესიულ სამსახურში და მიენიჭა “კაპრალის” წოდება;
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის ¹3052 ბრძანების საფუძველზე, შ. რ-ძე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2005 წლის 25 ოქტომბრიდან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუქნტის თანახმად, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო;
შ. რ-ძეზე 2005 წლის პირველი აპრილიდან 2005 წლის პირველი ნოემბრის ჩათვლით შრომის ანაზღაურების ხელფასის სახით გაცემულია 2753,52 ლარი;
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, კონტრაქტის 7.3 მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის სანქციის სახით ჯარიმის ამუშავება და მისი ოდენობის განსაზღვრა დაიწყებოდა მხოლოდ ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ მომდევნო სამი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 14 000 ლარის ოდენობით, რაც დაანგარიშებული იქნებოდა ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად. კონტრაქტის 7.4. პუნქტის თანახმად კი, სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტით დადგენილ ვადაში 7.3 და 7.4 პუნქტებში აღნიშნული თანხების, ე.ი. 14000 ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაერიცხებოდა პირგასამტეხლო ამ თანხის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოთხოვნილი თანხების სრულ გადახდამდე. შ. რ-ძეს კონტრაქტის დარღვევის გამო 14000 ლარი უნდა გადაეხადა კონტრაქტის შეწყვეტიდან 2005 წლის 25 ოქტომბრიდან 10 დღის ვადაში, რაც არ გადაუხდია. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 181-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, შ. რ-ძეს უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო 14000 ლარის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ამ თანხის სრულ გადახდამდე.
სასამართლომ მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შ. რ-ძეს ზიანის სახით უნდა დაკისრებოდა 2753,52 ლარის გადახდა არ გაიზიარა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ¹721 ცნობით დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა შ. რ-ძის შრომის ანაზღაურებას ხელფასის სახით 2005 წლის პირველი აპრილიდან 2005 წლის პირველი ნოემბრის ჩათვლით, რა პერიოდშიც იგი მსახურობდა სამხედრო ქვედანაყოფში. კონტრაქტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მე-4 მუხლისა და მე-5 მუხლის 1.2 პუნქტის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში უნდა მისცემოდა ანაზღაურება ხელფასის სახით, კონტრაქტის დარღვევვის შემთხვევაში კი, ხელფასის სახით გაცემული შრომის ანაზღაურების დაბრუნება კონტრაქტით გათვალისწინებული არ იყო, შესაბამისად, სასამართლომ მითითებულ ნაწილში სარჩელი არ დააკმაყოფილა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის განჩინებით საქმე მოპასუხისათვის 2753,52 ლარის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება ზიანის სახით მოპასუხისათვის 2753,52 ლარის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თავდაცვის სამინისტროს მტკიცება იმის თაობაზე, რომ შ. რ-ძის მიერ მათზე მიყენებული ზიანი უნდა განსაზღვრულიყო 2753,52 ლარით, ვინაიდან სასამართლოს განმარტებით, სამხედრო ნაწილის მეთაურის მიერ გაცემული ¹721 ცნობის თანახმად, დადგენილი იყო, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა შ. რ-ძის შრომის ანაზღაურებას ხელფასის სახით 2005 წლის პირველი აპრილიდან 2005 წლის პირველი ნოემბრის ჩათვლით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამხედრო მოსამსახურეზე გაცემული ხელფასი წარმოადგენს ხელშეკრულების მონაწილე შ. რ-ძის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას და არ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ გაწეულ ისეთ ხარჯს, რაც დაკავშირებულია სახელმწიფოს ქონებრივ დანაკარგებთან და რაც შესაძლებელია ანაზღაურდეს სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლისას.
ვაინაიდან დადასტურებული იყო, რომ თავდაცვის სამინისტრო, სააპელაციო საჩივრით ითხოვდა შ. რ-ძისათვის გადაცემული ხელფასის ანაზღაურებას, პალატამ მიიჩნია, რომ ასეთი სახით ზიანის ანაზღაურება არ გამომდინარეობდა სამოქალაქო კანონმდებლობიდან და მოთხოვნა იურიდიულად გაუმართლებელი იყო, შესაბამისად, სასამართლომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ ჩათვალა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, შ. რ-ძისათვის წინასწარ იყო ცნობილი სავარაუდო ზიანი, ვინაიდან იგი გაცნობილი იყო კონტრაქტის 8.2, 8.3 და 8.4 მუხლებს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ზიანის მოთხოვნის შესაძლებლობაზე.
საგულისხმოა, რომ კონტრაქტის დადებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტერესი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინირებული, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით უზრუნველყოფა. მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის დარღვევით ვერ იქნა მიღწეული დასახელებული ინტერესი და მასზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ფაქტობრივად უშედეგოდ დაიხარჯა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავა არ განეკუთვნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის დავის საგანია შ. რ-ძის, როგორც სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თავდაცვის სამინისტროსა და შ. რ-ძეს შორის სადავო ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი, რომლის 1.1 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად იმსახუროს სამინისტროს ქვედანაყოფებში, ხოლო სამინისტრო ვალდებულია, გადაუხადოს სამხედრო მოსამსახურეს შეთანხმებული ხელფასი და უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურით და შესაბამისი პირობებით. სადავო არ არის, რომ აღნიშნული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რამდენადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დადებულია თავისი საჯარო უფლებამოსილების განხორციელების _ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით.
საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის ¹3052 ბრძანებით კაპრალი შ. რ-ძე 2005 წლის 25 ოქტომბრიდან დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტის საფუძველზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა გამომდინარეობს სწორედ კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობიდან, კერძოდ, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის დადებული 4-წლიანი კონტრაქტი მოპასუხის სურვილით შეწყდა. ამდენად, მოსარჩელე სადავოდ ხდის ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობების შესრულებას, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა და 251 მუხლის თანახმად ადმინისტრაციული დავის საგანია.
ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ემყარება სამოქალაქო კოდექსის ნორმებს, არ ნიშნავს, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ამის გამო კერძოსამართლებრივ შინაარსს იძენს. დავის არსის გათვალისწინებით სადავო ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლების სწორად განსაზღვრა სასამართლოს ვალდებულებაა და ამ შემთხვევაში სასამართლო მხარის მიერ დასახელებული სამართლის ნორმებით არ არის შებოჭილი. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის V თავი (“ადმინისტრაციული ხელშეკრულება”) სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენებას ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ სრულიად დასაშვებად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში მოთხოვნის საფუძვლიანობის განსასაზღვრად ძირითადი და გადამწყვეტია, პირველ რიგში შეფასდეს სწორედ მხარეთა შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობები, ასევე ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის, “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების მოთხოვნები. მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნორმების გამოყენების შემდეგ არის შესაძლებელი, გაირკვეს მოთხოვნის სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შესაბამისობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმე განხილულია საგნობრივი განსჯადობის წესების დარღვევით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინება;
საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.