ას-456-805-07 5 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ თ. ჯ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. თ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – საჩუქრის დაბრუნება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა თ. ჯ-მ მოპასუხე ი. თ-ის მიმართ და მოითხოვა საცხოვრებელი ბინის მისთვის გადაცემა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხესთან მეგობრული ურთიერთობის საფუძველზე, მომავალში ერთ ოჯახად ცხოვრების მიზნით, 2000 წლის ზაფხულში მოქალაქე დ. მ-სგან 7500 აშშ დოლარად შეიძინა თბილისში, ..., IV მ/რ-ის ¹8 კორპუსში მდებარე ¹58 ბინა, რომელიც გააფორმა მოპასუხის სახელზე; 2005 წლის გაზაფხულზე მხარეთა შორის შეწყდა მეგობრული ურთიერთობა, რის გამოც მოსარჩელემ ი. თ-ისგან მოითხოვა სადავო ბინის, როგორც უსაფუძვლოდ მიღებული ქონების, დაბრუნება ან ამ ბინის შეძენისა და მოწყობის მთლიანი საფასურის, ამჟამად არსებული საბაზრო ღირებულებით 40000 აშშ დოლარის გადახდა, ასევე უსაფუძვლოდ გამდიდრების შედეგად მიღებული სარგებლის დაკისრება (თვეში 200 აშშ დოლარის ოდენობით, 2000 წლის ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე).
მოპასუხე ი.თ-მ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მოსარჩელე არასდროს ყოფილა ამ ბინის მესაკუთრე, სადავო ბინის მესაკუთრე 2000 წლის 23 ივნისამდე იყო მოქალაქე დ. მ-ე, რომელმაც მასზე გაასხვისა იგი სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით, რომლის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ მიიღო ამ ნივთზე საკუთრების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით თ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა ი. თ-ის სახელზე რიცხული ბინის, როგორც ნიშნობის საჩუქრის, უკან დაბრუნებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ჯ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 15 თებერვლის განჩინებით თ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა ახლო მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ ისინი არ ყოფილან დანიშნულები. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ასეთი გარემოება საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. ასევე საქმეში არც იმისი მტკიცებულება არსებობს, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა სადავო ნივთის-ბინის მესაკუთრეს და, შესაბამისად, იგი ვერ დადებდა ჩუქების ხელშეკრულებას მოპასუხესთან.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ჯ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით: კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე და 249-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, არ იმსჯელა სარჩელის მოთხოვნაზე აღნიშნული სახლის შეძენისა და მოწყობის მთლიანი საფასურის გადახდის შესახებ, რაც შეადგენს 40 000 აშშ დოლარს. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელციო პალატამ არ გაითვალისწინა გარემოება მოპასუხის მიერ მიღებული ქონებით უსაფუძვლოდ გამდიდრების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ დავის საგანს წარმოადგენს ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრის, კერძოდ, ბინის უკან დაბრუნება, დაუქორწინებლობის გამო, რაც საბოლოო მოთხოვნის სახით დადასტურებულია მოსარჩელის მიერ საქალაქო სასამართლოში ზეპირი განხილვისას.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქ. თბილისში, ... , IV მ/რ, ¹8 კორპუსში მდებარე 58-ე ბინა შეიძინა დ. მ-საგან. საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ აღნიშნული ბინა გაფორმდა მოპასუხე ი. თ-ის სახელზე, ანუ კასატორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ბინა მან აჩუქა ი. თ-ს ნიშნობის მიზნით. ასევე საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ბინა მოპასუხეს ჩაჰბარდა გამოუსადეგარ მდგომარეობაში და მას არ გაურემონტებია სადავო ბინა. კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა არანაირი სახსრები და ამდენად, მის მიერ ბინის ყიდვისა და მოწყობის ღირებულება 2005 წლისათვის შეადგენს 40000 აშშ დოლარს.
მხარეთა შორის დავას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სადავო ბინა საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ი. თ-ის სახელზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად არასწორად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის გამოყენება ან განმარტება.
კასატორი ამახვილებს ყურადღებას ორ ძირითად გარემოებაზე: სადავო ბინა წარმოადგენს ნიშნობის მიზნით მიღებულ საჩუქარს და მოპასუხე კასატორის ქონების მიღებით უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი აღნიშნავს, რომ მან მოპასუხეს გადასცა უძრავი ნივთი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავი ნივთზე საკუთრების გადაცემას კანონი უკავშირებს გარკვეული ფორმისა და წესის დაცვას. მხოლოდ კანონით განსაზღვრული სპეციალური ფორმის ან წესის გათვალისწინებით, გარემოებების დადასტურებისათვის აუცილებელია ამ წესის და ფორმის დამახასიათებელი მტკიცებულებების წარმოდგენა (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე3 ნაწილი). კონკრეტულ შემთხვევაში უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების დასადასტურებლად აუცილებელია არსებობდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 525-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი აუცილებელი ფორმის დაცვის ფაქტი, რომლის არსებობასაც და სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი შეფასებასთან ან არასათანადო შეფასებასთან დაკავშირებულ პროცესუალურ დარღვევვების ფაქტებს ვერ ადასტურებს კასატორი. კასატორის მიერ ასევე არ დასტურდება საკუთარი სახსრებით სადავო ქონების შეძენის ფაქტი, რაც არ შეაფასა ან არასათანადოთ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ. ის გარემოება, რომ კასატორს გააჩნდა იმ დროისათვის ბინის შეძენისა და მოწყობის საშუალება, ხოლო მოპასუხეს და მის მშობლებს კი არ ჰქონდათ ამისი სახსრები, ამით არ დასტურდება კასატორის მიერ სადავო ბინის შეძენის ფაქტი. კასატორი არ უთითებს ისეთ მტკიცებულებების არსებობაზე, რომლითაც დასტურდება მოპასუხესათვის მის მიერ სადავო ბინის შეძენისათვის აუცილებელი თანხის გადაცემის ფაქტი, რაც არ შეაფასა ან არასათანადოთ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ.
არ შეიძლება ასევე გაზიარებულ იქნეს კასატორის მოსაზრება მოპასუხის მიერ მიღებული ქონებით უსაფუძვლო გამდიდრების თაობაზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრების ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს უსაფუძვლოდ, უსამართლოდ შეძენილი ქონების ამოღება ანუ სამართლებრივი წონასწორობის აღდგენა, გაუმართლებლად შეძენილ ქონებაში იგულისხმება შეღავათის, უპირატესობის, უფლების ამოღება, ე.ი. ქონებრივი ნამატის ამოღება იმ პირის სასარგებლოდ, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა და არა ქონებრივი დანაკლისის შევსება ანუ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია არსებობდეს ქონების გადაცემის ფაქტი, რასაც არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი).
კონკრეტულ შემთხვევაში ქონების გადაცემის ფაქტი არ არსებობს ანუ მნიშვნელობა ენიჭება არა იმ გარემოებას, რომ კასატორს სადავო ბინის შეძენისას გააჩნდა შესაბამისი თანხები, ხოლო მოპასუხეს და მისი ოჯახის წევრებს არა, არამედ კასატორის მიერ მოპასუხესათვის გარკვეული ოდენობის თანხის გადაცემის ფაქტის არსებობას, რაც არ დასტურდება საკასაციო საჩივრითა და საქმეში არსებული მასალებით. მხოლოდ ამ ფაქტის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა ამ ქონების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღების თაობაზე ფაქტზე ყურადღების გამახვილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორი ვერ უთითებს იმ მტკიცებულებების არსებობაზე, რომლებიც გამორიცხავდნენ მხარეთა შორის წარმოშობილ ურთიერთობას, რაც არ შეაფასა ან არასათანადოდ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ.
ამდენად, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც, საქართველოს საქმოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არ განიხილა სასამართლომ და რომლებიც გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.