ას-460-809-07 14 სექტემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – რ. ტ-ის უფლებამონაცვლე ნ. ტ-ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ე. ნ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ტ-ი (მოპასუხე)
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და საცხოვრებელი სახლის მიყიდვის დავალდებულება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ. ტ-მა 2005 წლის სექტემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე რ. ტ-ს მიმართ და მოითხოვა მისთვის მოპასუხის სასარგებლოდ მისი კუთვნილი სახლის ნაწილის სანაცვლოდ იმ თანხის გადახდა, რომელიც მითითებული იყო სადავო სახლის ნასყიდობის ერთ-ერთ ხელშეკრულებაში, ასევე აღნიშნული თანხის დასაფარავად ვადის მიცემა არაუადრეს სამი თვისა და არაუგვიანეს ორი წლისა, ასევე რ. ტ-სათვის ჩაკეტილი სათავსოების გახსნისა და დაზიანებული იატაკის, კედლების, წყალსადენის, ელექტროგაყვანილობის, ცენტრალური გათბობის სისტემის და ა.შ. აღდგენა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ ქ.ქუთაისში, ... ქ. ¹26-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში იზრდებოდა მის აწგარდაცვლილ დებთან ნ. და ე.-სთან ერთად. მისი აწგარდაცვლილი და ნ., რომელიც იყო გაუთხოვარი გარდაიცვალა 1987 წლის ოქტომბერში, სიცოცხლის ბოლო ოთხი თვის მანძილზე იმყოფებოდა მისი მოვლისა და ზედამხედველობის ქვეშ. 1987 წელს მეუღლესთან ერთად სამი დღით გაემგზავრა თბილისში ავადმყოფისათვის წამლის შესაძენად, რა დროსაც ავადმყოფი დაუტოვეს მათ ახლობელს და სწორედ ამ დროს მოხდა მისი დის ანდერძის შედგენა, რომლის თანახმად მისმა დამ ქონება დაუტოვა თავის არასრულწლოვან შვილს, რ. ა-ს, რომელმაც შემდგომში შეიცვალა სახელი და გვარი და იწოდება როგორც რ. ტ-.ი მოსარჩელემ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართა სასამართლოს, რის შედეგად სახლში მასაც გამოეყო ერთი ოთახის ნაწილი, თუმცა მოპასუხემ უნებართვოდ ჩაკეტა სათავსოები და მოსარჩელე მოკლებულია ცხოვრების ნორმალურ პირობებს, არა აქვს ელექტროენერგია, ვერ სარგებლობს საპირფარეშოთი, სააბაზანოთი და ა.შ. ასევე მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყობებს, რაც გრძელდებოდა წლების მანძილზე. მოსარჩელის მოსაზრებით, შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი იყო ერთერთი მხარის მიერ მეორესათვის კუთვნილი სახლის ნაწილის მიყიდვა, რის თაობაზეც მან მოპასუხეს შესთავაზა მორიგების რამდენიმე ვარიანტი, რაზეც დადებითი პასუხი ვერ მიიღო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ტ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ტ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში რ. ტ-ს უფლებამონაცვლეებად ჩაებნენ ლ. უ-ა და ნ. ტ-ი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განჩინებით რ. ტ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ქ.ქუთაისში, ... ქ. ¹26-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა მოსარჩელისა და მოპასუხის საკუთრებას. სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ შეფასებასაც და დაადგინა, რომ არ არსებობს რ. ტ-სათვის კუთვნილი ქონების გასხვისების დავალდებულების არც სახელშეკრულებო და არც კანონისმიერი საფუძვლები. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით ჩათვალა, რომ აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ აიღო კუთვნილი უძრავი ნივთის მოსარჩელისათვის მიყიდვის ვალდებულება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს საქალაქო სასამართლოში მოთხოვნა არ შეუმცირებია. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლზე მითითებით ჩათვალა, რომ რადგანაც მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოთხოვნა შეამცირა, სააპელაციო პალატა მოთხოვნას ხელშემშლელი მოქმედების აღკვეთის თაობაზე ვერ განიხილავს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ტ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასატორის მოსაზრებით, რ. ტ-ი და მისი და ნ. ტ-ი იყვნენ სადავო საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრეები. რ. ტ-ი უვლიდა და პატრონობდა თანამესაკუთრეს ნ. ტ-ს. ასეთ საეჭვო ვითარებაში შედგენილი ანდერძით ნ. ტ-მა თავისი ქონება უანდერძა რაულ გოგიბ-ს. ანდერძის ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს რ. ტ-მა, რომელიც არავის არ განუხილავს. ნ. ტ-მა გარდაცვალებიდან 12 წლის შემდეგ შვილად აყვანა დააკანონა რ. ტ-მა და მოითხოვა სავალდებულო წილის გამოყოფა ზემოთდასახელებული ანდერძის შინაარსის მიუხედავად ნ. ტ-ს სამკვიდრო ქონებიდან. შემდეგ კი ანდერძით მემკვიდრისაგან შეიძინა ნასყიდობის ხელშეკრულებით ანდერძით მემკვიდრისათვის გათვალისიწნებული წილი. კასატორმა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო რ. ტ-სათვის ზიანის მიყენების მიზნით, რადგან თუ რ. გ-ი შეწყვეტდა მისი წილის გაყიდვას, მაშინ მხოლოდ რ. ტ-ს ჰქონდა უპირატესი შესყიდვის უფლებით სარგებლობის კანონისმიერი შესაძლებლობა. კასატორმა სამოქალაქო კოდექსის 516-ე, 517-ე და 198-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ ვინაიდან რ. ტ-ი იყო როგორც მესაკუთრე ასევე სახლზე მიშენება და გაუმჯობესებებიც განხორციელდა მის მიერ, თუმცა მისი ნაშრომი უკანონოდ დაუკანონდა გარდაცვლილ ნ. ტ-ს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განჩინებით ნ. ტ-ს წარმომადგენლის ე. ნ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად;
კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს რ. ტ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. ტ-ს უფლებამონაცვლე ნ. ტ-ს წარმომადგენელი ე. ნ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. ტ-ს უფლებამონაცვლე ნ. ტ-ს წარმომადგენელი ე. ნ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ რ. ტ-ს უფლებამონაცვლეს ნ. ტ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70%, რაც 210 (ორას ათ) ლარს შეადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401 და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაუშვებლად იქნეს მიჩნეული რ. ტ-ს უფლებამონაცვლე ნ. ტ-ს წარმომადგენელი ე. ნ-ს საკასაციო საჩივარი.
კასატორს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 (ორას ათი) ლარი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.