Facebook Twitter

¹ას-460-849-06 25 იანვარი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ... დირექტორი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 მაისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

დავის საგანი _ დაუსწრებელი გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2004 წლის 1 აპრილს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ... დირექტორმა, ვ. პ-მ და მოითხოვა მოპასუხე თ. ს-ის გამოსახლება ... ლაბორატორიულ კორპუსში არსებული დროებითი სადგომიდან იმ საფუძვლით, რომ ... ლაბორატორიულ კორპუსში არსებულ დროებით საცხოვრებელ სადგომში ... თანამშრომელ, მ. ს-ის გარდაცვალების შემდეგ ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად უფროს .... თანამშრომელმა თ. ს-მ, უნებართვოდ დაიკავა აღნიშნული ფართი. მიუხედავად არა ერთი გაფრთხილებისა, მოპასუხე არ ათავისუფლებს დაკავებულ ფართს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი მუშაობდა მოსარჩელე დაწესებულებაში ... თანამშრომლად, ხოლო სადავო ბინაში ცხოვრობდა თავის დასთან _ აწ გარდაცვლილ მ. ს-სთან და ქალიშვილთან ერთად, აგრეთვე მოპოვებული ჰქონდა ფართით სარგებლობის უფლება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ... დირექტორის სარჩელი და თ. ს-ე გამოსახლდა ... ტერიტორიაზე განთავსებული შენობის საცხოვრებელი სადგომიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 5 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 18 მაისის განჩინებით თ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 5 ნოემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

სააპელაციო პალატაში საქმის ზეპირი განხილვისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი თ. ს-ე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც უცვლელი დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ. ს-მ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში და მოითხოვა მისი გაუქმება. საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების გამო საქმე განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნა. საჩივრის განხილვა დაინიშნა 2006 წლის 25 აპრილს.

თ. ს-მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სასამართლო სხდომის გადადება ავადმყოფობის გამო. სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საჩივრის განხილვა დაინიშნა 2006 წლის 19 მაისს.

2006 წლის 16 მაისს თ. ს-მ კვლავ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და ავადმყოფობის გამო მოითხოვა საქმის განხილვის გადადება სექტემბრისათვის. განცხადებას არ ერთვოდა ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობა.

2006 წლის 19 მაისს სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ვ. პ-ის წარმომადგენელი თ. ბ-ე, არ გამოცხადდა აპელანტი. მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 19 მაისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა, არ დაკმაყოფილდა თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-მ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მძიმე ავადმყოფობის გამო მას არ შეეძლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადება, რის შესახებაც წინასწარ აცნობა საქმის განმხილველ სასამართლოს. მოსარჩელე ასევე ეჭვქვეშ აყენებს მოპასუხის წარმომადგენლის უფლებამოსილებას იმ მოტივით, რომ მას გავლილი არა აქვს შესაბამისი ტესტირება. მოსარჩელის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 441 მუხლის მითითებანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ თ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ვერ გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ ყოფილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას, ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის, ან თუ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარემ მის წინააღმდეგ წამოაყენა.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს, ვინაიდან დადგენილია, რომ თ. ს-ს სსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის დროისა და ადგილის შესახებ. ასევე დადგენილია, რომ 233-ე მუხლში მითითებულ სხვა გარემოებებს, რომელიც კასატორის გამოუცხადებლობას გაამართლებდა, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, გარდა 233-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამონათვალი გარემოებებისა, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევა, შეიძლება მომჩივნის მიერ მითითებული იქნეს სხვა გარემოებებიც, რომლებიც მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება იქნეს მიჩნეული, თუმცა იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მხარე თავის საჩივარში აღნიშნავს, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის განმარტება იმის თაობაზე, რომ მან განცხადებით დროულად მიმართა სასამართლოს, ავადმყოფობის გამო, საქმის განხილვის რამდენიმე თვით გადადების მოთხოვნით, ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. მისი ავადმყოფობა უნდა დადასტურებულიყო სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე, რაც კასატორს არ წარმოუდგენია. ამასთანავე, დადგენილია, რომ თ. ს-მ ადრეც იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე საქმის განხილვის გადადების თაობაზე, რაც სააპელაციო სასამართლომ დაუკმაყოფილა და, თუ იგი გარკვეული პერიოდი ვერ შესძლებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, შეეძლო, საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოშო საქმე წარმომადგენლის მეშვეობით ეწარმოებინა.

კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ... დირექტორის _ ვ. პ-ის წარმომადგენელს თ. ბ-ს არ ჰქონდა უფლება სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლის უფლებამოსილება განეხორციელებინა და შესაბამისად, ეშუამდგომლა სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, რადგანაც მას არ გაუვლია ადვოკატთა ტესტირება და არ არის გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის თანახმად, პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწვრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა _ ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ თ. ბ-ე სსიპ ... იურისტია და, შესაბამისად, მას სრული უფლება ჰქონდა სასამართლოზე წარმოდგენილიყო ამ ორგანიზაციის საქმის განხილვაზე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოში, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული მინდობილობა წარმომადგენლის უფლებამოსილებაზე(ს.ფ. 193).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს; თ. ს-ის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ დასტურდება საქმის მასალებით, მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 მაისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.