Facebook Twitter

ას-462-810-07 13 ივლისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ცისკაძე, რ. ნადირიანი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ... სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს “ .. ..” 2004 წლის 2 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ... სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, მესამე პირად მიუთითა საქართველოს ... სამინისტროს ... სამსახური და მოითხოვა მოპასუხისათვის ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ, ქირის 29 848 ლარის გადახდის დაკისრება შემდეგ გარემოებათა გამო:

2001 წლის პირველ თებერვალს სს “ .. ..” და საქართველოს ... სახელმწიფო დეპარტამენტს შორის დაიდო ფართის ქირავნობის ხელშეკრულება. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნულმა დეპარტამენტმა გადაიხადა მხოლოდ 2001 წლის პირველი კვარტლის დავალიანება – 5 200 ლარი, გადასახდელი დარჩა დარჩენილი - 29 848 ლარი.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით სს “ .. ..” სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს ... სახელმწიფო დეპარტამენტს მოსარჩელე სს “ .. ..” სასარგებლოდ დაეკისრა 35 943 ლარისა და 31 თეთრის გადახდა. სასამართლომ დაადგინა გადაწყვეტილების აღსრულება “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის შესაბამისად.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ... სამინისტრომ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 ივნისის განჩინებით საქართველოს ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 იანვრის განჩინებით საქართველოს ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ საქართველოს ... სამინისტროს, როგორც მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება არ ჰქონდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ... სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ... სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და ... სამინისტოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად საქმე იმავე სასამართლოს დაუბრუნდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქართველოს ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს “ .. ..” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრდა საჩივრით სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის პირველი მაისის საოქმო განჩინებით ამავე პალატის 2007 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქართველოს ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის პირველი მაისის განჩინებით საქართველოს ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა დასტურდებოდა არა მხოლოდ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობით, არამედ საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებითაც, კერძოდ, მხარეთა შორის 2001, 2002, 2003, 2004 წლებში დადებული ხელშეკრულებებით, ასევე 2003 და 2004 წლების ურთიერთშედარების აქტებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის პირველი მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ... სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, შემოწმებას საჭირობს ასევე გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, მტკიცებულებები, დასკვნები და მოსაზრებები, რომლითაც იხელმძღვანელა სააპელაციო პალატამ საქმეზე განჩინების მიღების დროს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2007 წლის 22 ივნისის განჩინებით მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 397-ე მუხლის მოთხოვნებს და მიიღო იგი წარმოებაში ამავე კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ... სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება სესხთან დაკავირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საქართველოს ... სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს ... სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.