Facebook Twitter

¹ას-462-851-06 22 თებერვალი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ი. თ-ი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

დავის საგანი - იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ჭიათურის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ი. თ-მა და მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა განცხადების საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებაზე:

მისი ბაბუა, ა. ფ-ის ძე თ-ი დაიბადა ... წლის ... ნოემბერს და გარდაიცვალა 1969 წლის 21 მარტს. ბებია – ე. გ-ის ასული თ-ი დაიბადა ... წლის 6 აპრილს და გარდაიცვალა 1962 წლის 12 მაისს. მამა – ნ. ა-ს ძე თ-ი დაიბადა ... წლის ... იანვარს და გარდაიცვალა 1992 წლის 10 ოქტომბერს. მამიდა – პ. ა-ს ასული თ-ი დაიბადა ... წლის ... სექტემბერს და 2004 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა.

ბებიისა და ბაბუის – ა. და ე. თ-ების დაბადების და გარდაცვალების მოწმობები, მამისა და მამიდის დაბადების მოწმობები დასჭირდა მამიდამისს პ. თ-ის სამკვიდრო ქონების მისაღებად.

ბებიის ე. თ-ის დაბადების მოწმობის მისაღებად მიმართა საქართველოს ... არქივს, სადაც აცნობეს, რომ ჭიათურის ეკლესიის 1871-1890 წლების მეტრიკული წიგნები ... არქივში არ ინახება, ამიტომ ვერ იძლევიან ცნობას ე. გ-ის ასული თ-ის დაბადების შესახებ. რაც შეეხება გარდაცვალების ცნობას, მან ამ ცნობისათვის მიმართა ჭიათურის ს.ა.რ. განყოფილებას. შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივს, საიდანაც აცნობეს, რომ ბებიის – ე. გ-ის ასული თ-ის გარდაცვალების შესახებ ჩანაწერი არ მოეპოვებათ.

მამის დაბადების მოწმობის მისაღებად მან მიმართა საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ საარქივო არქივს, სადაც აცნობეს, რომ „ჭიათურის ... სასოფლო საბჭოს 1921 წლის ჩანაწერში არ აღმოჩნდა ჩანაწერი ნ. ა-ს ძე თ-ის დაბადების შესახებ“. ... საკრებულოს მიერ 2005 წლის 16 მაისს გაცემული ცნობის ¹473-ის თანახმად, საკომლო ობიექტების ჩანაწერის მიხედვით დასტურდება, რომ იგი დაბადებულია ... წლის 3 იანვრის, ხოლო გარდაიცვალა 1992 წლის 10 ნოემბერს.

მამიდის პ. თ-ის დაბადების მოწმობის მისაღებად მიმართა საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ საარქივო არქივს, სადაც აცნობეს, რომ „ჭიათურის რაიონის ... სასოფლო საბჭოს 1921 წლის ჩანაწერში არ აღმოჩნდა ჩანაწერი პ. ა-ს ასული თ-ის დაბადების შესახებ“. ... საკრებულოს მიერ 2005 წლის 16 მაისს გაცემული ცნობის თანახმად დასტურდება, რომ დაბადებულია 1925 წელს, საკომლო ობიექტის ჩაწანერის მიხედვით.

... საკრებულოს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ იგი – ი. ნ-ს ძე თ-ი ნამდვილად არის პ. თ-ის ძმისშვილი და მის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობს მის დატოვებულ ოჯახში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა იმის შესახებ, რომ ბაბუა ა. თ-ი დაიბადა ... წლის ... ნოემბერს და გარდაიცვალა 1969 წლის 21 მარტს.

ბებია – ე. თ-ი დაიბადა ... წლის ... ნოემბერს და გარდაიცვალა 1969 წლის 21 მარტს.

მამა – ნ. ა-ს ძე თ-ი დაიბადა ... წლის ... იანვარს.

მამიდა – პ. ა-ს ასული თ-ი დაიბადა ... წლის ... სექტემბერს.

ჭიათურის რაიონულმა სასამართლომ 2006 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ი. თ-ის განცხადება არ დააკმაყოფილა.

განცხადება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. თ-მა. მოითხოვა მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება.

პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლით სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში. ეს მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ სასამართლოს შეუძლია და დაადგინოს იურიდიული ფაქტები, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც შეუძლებელია „ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთის სხვა წესით მიღება“ ან „დაკარგული საბუთის აღდგენა“. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება განმცხადებელს. განმცხადებელმა კი ვერ წარმოადგინა სასამართლოში მტკიცებულება იმისა, რომ მის მიერ დასახელებულ პირთა დაბადებათა და გარდაცვალებათა ფაქტები რეგისტრირებული იყო შესაბამის ორგანოებში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ივნისის განჩინება ი. თ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა. მან მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და სამოტივაციო ნაწილში მიუთითა: 313-ე მუხლის თანახმად სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ი. თ-ის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ი. თ-ის საკასაციო საჩივარი შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის “ა” ქვეპუნქტს შემდეგი გარემოებების გამო:

მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ი. თ-ის განცხადება---იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული განცხადების სამართლებრივ შეფასებასა და განმარტებას მნიშვნელობა აქვს მსგავს კატეგორიის საქმეებზე სასამართლო პრაქტიკის განვითარებისათვის, რის გამოც ი. თ-ის საკასაციო საჩივარი განსახილველად უნდა იქნეს მიღებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო სასამართლოს საქმის ზეპირი განხილვა არ მიაჩნია საჭიროდ, მას შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. მხარეებს უნდა ეცნობოთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 403-ე მუხლის პირველი ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად.

საქმის განხილვა დაინიშნოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც ეცნობოთ მხარეებს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.