Facebook Twitter

№605აპ-15 თბილისი

ლ-ა ი., 605აპ-15 25 მაისი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის განაჩენით ი. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი. ლ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 11 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო. ი. ლ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. განაჩენის მიხედვით, ი. ლ-მ ჩაიდინა თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 05:35 საათზე, ნიღბიანი და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ი. ლ-ა დაუდგენელ პირთან ერთად თავს დაესხა ქ. ფოთში, ... ქ. №--ში მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „...-ში“ ამავე სადგურის თანამშრომლებს - ვ. ზ-სა და ზ. ც-ს, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცა შპს „...“ კუთვნილი თანხა - 244 ლარი.

3. ამავე განაჩენის მიხედვით, ი. ლ-მ ასევე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: ი. ლ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 8,02 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ „მარიხუანას“, რაც 2014 წლის 11 დეკემბერს ფოთში, ... და ... ქუჩების გადაკვეთაზე მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის განაჩენი შეიცვალა: ი. ლ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ლ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. შ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ი. ლ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა შემდეგ გარემოებათა გამო: ი. ლ-ს სხვა პირთან ერთად არ დაუყაჩაღებია ბენზინგასამართი სადგური, არც ნარკოტიკული ნივთიერება „მარიხუანა“ შეუძენია და შეუნახავს. ეს ყველაფერი ფოთის პოლიციის თანამშრომლებმა შეთხზეს, რათა გახსნილად გამოეცხადებინათ ყაჩაღობის ფაქტი; ყაჩაღობის დროს ი. ლ-ა იმყოფებოდა ახლობლის - ლ. ვ-ს ოჯახში, სადაც ის ცხოვრობს საკუთარი ბინის დაგირავების შემდეგ; 2014 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 13 საათზე, იგი დააკავეს და კუთვნილი ნივთებიდან პოლიციელებმა ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება „მარიხუანა“, რომელიც მას არ შეუძენია, არ შეუნახავს და არ ეკუთვნოდა; პოლიციელებმა მას „ჩაუდეს“ ნარკოტიკული ნივთიერება, რათა „გაეპრავებინათ“ ი. ლ-ს უსაფუძვლო შეჩერება და დაკავება. მათ შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ერთი-ერთი დამყაჩაღებლის მიერ დატოვებული ურო და ნიღაბი, რომლებიც ი. ლ-ს დაკავების შემდეგ, ჩხრეკის ჩატარებამდე, მიიტანეს და დადეს ლ. ვ-ს სახლში, სადაც იგი ცხოვრობდა, რათა შემდგომ დაკავება „გაეპრავებინათ“. გამოძიებამ თავიდანვე „დამნაშავე“ უწოდა ი. ლ-ს, რითიც დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და საფუძველი ჩაუყარა მის მიმართ არაობიექტური, უკანონო და ტენდენციური გამოძიების ჩატარებას; ყაჩაღობის რეალურად ჩამდენი პირების დადგენის ნაცვლად გამოძიებამ აირჩია მარტივი გზა - ვინმესთვის დაებრალებინათ ეს დანაშაული და საქმე გახსნილად გამოეცხადებინათ. ამასთან, დაზარალებულებმა თავიანთ ჩვენებებში განაცხადეს, რომ ყაჩაღების ვიზუალური ამოცნობა არ შეეძლოთ. შესაბამისად, სასამართლომ სათანადოდ ვერ შეაფასა საქმეში არსებული გარემოებები, რომლებიც მსჯავრდებულის უდანაშაულობაზე მეტყველებდა, დაადგინა უკანონო განაჩენი, რომელიც ემყარება მხოლოდ დაუსაბუთებელ ეჭვებსა და ვარაუდებს და არ გამომდინარეობს ობიექტური რეალობიდან, ვინაიდან საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ი. ლ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ი. ლ-ს მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ: მოწმეების - ზ. ც-ს, ვ. ზ-ს, ვ. თ-ს, თ. ჟ-ს, ა. ლ-ს, ბ. კ-ს, ო. მ-ს, უ. ძ-ს, ა. წ-სა და ვ. ბ-ს ჩვენებებით; ექსპერტიზების დასკვნებითა და მოწმე ექსპერტების ჩვენებებით; მსჯავრდებულ ი. ლ-ს სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონით განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ამონაწერით; „…-ის“ ბენზინგასამართი სადგურისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურის ცენტრალური სარემონტო საამქროს მხარეს დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერებითა და მათი დათვალიერების ოქმებით; აგრეთვე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით. აღნიშნული უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც მოპოვებულია კანონიერი გზით, ქმნის დასაბუთებულ საფუძველს დასკვნისათვის, რომ მოცემულ შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი მსჯავრდებულ ი. ლ-ს მიმართ გამოტანილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით და არ არსებობს კანონიერი საფუძველი მისი გაუქმებისათვის.

3. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი. ლ-ს საცხოვრებელ ბინასა და ლ. ვ-ს საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის, ასევე ი. ლ-ს პირადი ჩხრეკის დაწყებამდე, გამომძიებელს არ წარუდგენია დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, რასაც პირდაპირ ითვალისწინებს საპროცესო კანონი. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს ვითარებაში შესაძლოა, ვერ მოესწროს აღნიშნული დადგენილების დროულად გამოტანა და ამის გარეშეც ჩატარდეს ჩხრეკა, მაგრამ ასეთი რამ დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ, გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც არსებობს ისეთი უკიდურესი ვითარება, რის გამოც ჩხრეკის თუნდაც მცირე ხნით დაყოვნებამ შესაძლოა, მართლაც გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი - დანაშაულის კვალის წაშლის, მტკიცებულების განადგურების, დაკარგვის ან გადამალვის სახით და ა.შ. თუმცა, მსგავს შემთხვევაშიც აუცილებელია, დაცულ იქნეს საპროცესო კანონის მეორე მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის, ასევე, ბინასა თუ სხვა კერძო მფლობელობაში თუნდაც მისი მესაკუთრისა და კანონიერი მფლობელის თანხმობით ჩატარებული ჩხრეკისა და ამ ჩხრეკით მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერება უნდა შეამოწმოს სასამართლომ შესაბამისი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე (აღნიშნულ საპროცესო მოთხოვნებს ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 120-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილები და 121-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ი. ლ-ს საცხოვრებელ ბინასა და ლ. ვ-ს საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩატარების, ასევე ი. ლ-ს პირადი ჩხრეკის შემდეგ, რა დროსაც ამოღებულ იქნა ნივთმტკიცებები, შესაბამისმა პროკურორმა შუამდგომლობებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს ამ ჩხრეკების კანონიერების შემოწმების თაობაზე, მაგრამ მოსამართლემ განჩინებებით პროკურორის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა, რაც იმით დაასაბუთა, რომ, რადგან არსებობდა ბინების მესაკუთრეთა თანხმობები და პირადი ჩხრეკის შემთხვევაში ი. ლ-ს თანხმობა ჩხრეკების ჩატარებაზე, საჭირო აღარ იყო ჩხრეკის კანონიერების სასამართლო წესით შემოწმება. მოსამართლის ასეთი პოზიცია აშკარად არ შეესაბამება საპროცესო კანონით დადგენილ იმ წესებსა და მოთხოვნებს, რომლებზეც ზემოთ იყო მითითებული, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს სასამართლო პრაქტიკაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე, 120-ე და 131-ე მუხლებით გათვალისწინებული, უაღრესად მნიშვნელოვანი საპროცესო ინსტიტუტის არსისა და ფუნქციური დანიშნულების არაერთგვაროვანი გაგების შედეგს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 მაისის №609აპ-15 განაჩენი).

4. აღნიშნული დარღვევა, მოცემულ შემთხვევაში, გავლენას მაინც ვერ იქონიებს საქმის შედეგზე, რადგან საქმეში მოიპოვება სხვა უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა ი. ლ-ს ბრალეულობის დასადასტურებლად, რომლებზეც ზემოთ იყო მითითებული.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივრის განხილვის შემდეგ, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 26 თებერვლის №3/1/708, 709, 710 განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ შეტანილი წარდგინების საფუძველზე იმსჯელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი „მარიხუანის“ (იხ. „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალური გრაფა) პირადი მოხმარების მიზნით უკანონო შეძენა-შენახვის გამო.

6. აღნიშნული განჩინებით საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ზემოხსენებული ნორმატიული შინაარსი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირის მიმართ სასჯელის სახით არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა მის მიერ ჩადენილი ისეთი ქმედების გამო, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების - გამომშრალი „მარიხუანის“ უკანონო შეძენა ან შენახვა, როდესაც არ არის დადგენილი გასაღების მიზნის არსებობა ასეთი ქმედების ჩადენისას. მოცემულ საქმეში მსჯავრდებული ი. ლ-ა გასაჩივრებული განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი მხოლოდ იმაში, რომ მან უკანონოდ შეიძინა და შეინახა 8,02 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი „მარიხუანა“, ამასთან, განაჩენით არ არის დადგენილი, რომ მსჯავრდებულმა ხსენებული ნარკოტიკული საშუალება შეიძინა და ინახავდა გასაღების მიზნით.

7. ამავე დროს, საკასაციო პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ი. ლ-ს მიმართ გამოყენებული ვერ იქნება სასჯელის სხვა რომელიმე სახე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლით, რადგან ამავე კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ადგენს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას და არც ერთ სხვა ალტერნატიულ სასჯელს არ ითვალისწინებს. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო დამნაშავეს სასჯელს უნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში.

8. ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა საბოლოოდ ასკვნის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს: ი. ლ-ა სასჯელის დაუნიშნავად ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი „მარიხუანის“ უკანონო შეძენისა და შენახვისათვის, რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა მის მიერ ჩადენილი ქმედების არა დეკრიმინალიზაცია, არამედ - დეპენალიზაცია, ხოლო დანაჩენ ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებული ი. ლ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის დაუნიშნავად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში, მათ შორის - ი. ლ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, დარჩეს უცვლელად.

4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

ბ. ალავიძე