Facebook Twitter

საქმე №ბს-468(კ-26)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

17 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი.მ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ი.მ-ემ 2024 წლის 17 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ამავე კომისიის 2024 წლის 10 აპრილის №1164 განკარგულების ბათილად ცნობისა და ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ის მიმდებარედ არსებული 478 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ი.მ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 10 აპრილის №1164 განკარგულება; მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელ მუხლზე, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 5¹ მუხლზე, ასევე, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლსა და საქართველოს მთავრობის №376 დადგენილებით დამტკიცებული წესზე და აღნიშნა, რომ კომისიამ საკუთრების აღიარებაზე უარი მხოლოდ 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმით მიწის ნაკვეთის საძოვრად მიჩნევას დააფუძნა, მაშინ როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მიწის ნაკვეთი უკვე მოქცეული იყო საცხოვრებელ ზონაში და ფაქტობრივად აღარ გამოიყენებოდა საძოვრის დანიშნულებით. კომისიამ არ შეაფასა მიწის ნაკვეთის არსებული მდგომარეობა, ფუნქციური ზონა და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებები, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ი.მ-ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის შემომფარგვლელი ღობისა და არსებული შენობების კონსტრუქციული ელემენტების მდგომარეობა ადგილზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, მასალისა და კონსტრუქციული ელემენტების მდგომარეობის გათვალისწინებით, ადასტურებს ხანდაზმულობას დაახლოებით 25-30 წლის პერიოდით. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, მათ შორის, მიწის თვითნებური დაკავებისა და ფლობა-სარგებლობის დამადასტურებელი გარემოებები, რის გამოც სადავო აქტი გამოცემული იყო საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არასრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, ძალაში დატოვა გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა საქმის ხელახალი, სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი.მ-ის დაინტერესებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთი 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმისა და საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების მიხედვით საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას წარმოადგენს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი კი გამორიცხავს საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი განაცხადი კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული კატეგორიის ცვლილებას ან შესაბამისი მიწათსარგებლობის გეგმის ძალადაკარგულად ცნობას. შესაბამისად, კასატორის შეფასებით, სასამართლომ არასწორად დააკავშირა მიწის ნაკვეთის მოქმედი ფუნქციური ზონა მის სამართლებრივ კატეგორიასთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი დამოუკიდებელი სამართლებრივი ცნებაა და მათი გაიგივება დაუშვებელია.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებისას უსაფუძვლოდ დაეყრდნო შპს „...ის“ 2024 წლის 26 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნას. მისი განმარტებით, აღნიშნული დასკვნა კომისიას ადმინისტრაციული აქტის მიღების მომენტში წარმოდგენილი არ ჰქონდა, ხოლო თავად დასკვნა არ შეიცავს კვლევის მეთოდოლოგიას, ეფუძნება მხოლოდ ვიზუალურ დათვალიერებას და არ განმარტავს ჩატარებული კვლევის შინაარსსა და საფუძვლებს, რის გამოც იგი სარწმუნო მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული.

ამასთან, საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქმეში არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის კანონით განსაზღვრულ პერიოდში ფაქტობრივი ფლობა ან სარგებლობა. ამ თვალსაზრისით კასატორი მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ 2005 - 2010 წლების აეროფოტოგადაღებების მიხედვით სადავო ტერიტორიაზე არ ფიქსირდებოდა არც შენობა-ნაგებობა, არც შემოღობვა, არც მიწის ნაკვეთის დამოუკიდებელ ერთეულად არსებობა და არც სხვა გარემოება, რომელიც მის ფაქტობრივ ფლობაზე მიუთითებდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს იგი უნდა გაეთვალისწინებინა.

გარდა ამისა, კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს მითითებას, თითქოს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ამჟამად აღარ წარმოადგენს საძოვარს. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ასეთი განმარტება სასამართლო სხდომაზე არ გაკეთებულა, რაც სასამართლო სხდომის ოქმითაც დასტურდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და მცდარად განმარტა მოქმედი სამართლებრივი ნორმები. მისი შეფასებით, გასაჩივრებული განჩინება არ აკმაყოფილებს დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების სტანდარტს, რის გამოც არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 20 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება, კერძოდ, მიეკუთვნება თუ არა სადავო მიწის ნაკვეთი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, რომელიც არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა, ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს, რა პირობებში მიიჩნევა მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულად და, შესაბამისად, ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარების სამართლებრივ რეგულირებას. იგი ადგენს როგორც თვითნებურად დაკავებული მიწის კატეგორიებს, ისე ფართობის მაქსიმალურ ზღვარს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია მისი კანონით დადგენილი წესით აღიარება.

საკუთრების უფლების აღიარების შეზღუდვის იმპერატიულ დანაწესს შეიცავს როგორც ზემოაღნიშნული კანონის, ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“, რომლის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება საძოვარი. ამდენად, კანონმდებლობა გამორიცხავს საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის აღიარების შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა წარდგენილი განაცხადი კანონით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, კომისია არ არის უფლებამოსილი დააკმაყოფილოს მოთხოვნა, თუ ის შეეხება საძოვრის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.

ზემოაღნიშნული მატერიალური საფუძვლის რეალიზების პროცესუალური მოწესრიგება გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესით“, რომლის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი კომისიას ავალდებულებს ადმინისტრაციული წარმოებისას უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების, მათ შორის, საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი გარემოების გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით, ევალება, გადაწყვეტილება მიიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს და შესაბამის გადაწყვეტილებაში მიუთითოს რა გარემოებებზე დაყრდნობით მივიდა კონკრეტულ დასკვნამდე.

განსახილველ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე კომისიის 2024 წლის 10 აპრილის №1164 განკარგულებით ი.მ-ეს საკუთრების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, მცხეთის რაიონის დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, მიეკუთვნებოდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას და, შესაბამისად, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას.

საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი.მ-ის სარჩელი, რომელიც მიმართული იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 11 იანვრის №... განკარგულების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალებისაკენ, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ის მიმდებარე 789 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებად დაადგინა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი გენერალური გეგმის მიხედვით მდებარეობდა საცხოვრებელ ზონაში (ს.ზ.). ამავე გარემოებას ადასტურებს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 21 ნოემბრის №67-01183251868 წერილი (ს.ფ. 87), ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2024 წლის 20 მარტის №16-0124080274 წერილი, რომლითაც კომისიას ეცნობა, რომ სააგენტომ, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, განიხილა ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ 478 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და კომისიას აცნობა, რომ მითითებულ ტერიტორიაზე, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდება საცხოვრებელი (სზ და სზ-6) ზონა (ს.ფ. 86).

გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია შპს „...-ის“ 2024 წლის 26 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ი.მ-ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის შემომფარგვლელი ღობისა და არსებული შენობების კონსტრუქციული ელემენტების მდგომარეობა ადგილზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, მასალისა და კონსტრუქციული ელემენტების მდგომარეობის გათვალისწინებით ადასტურებს ხანდაზმულობას დაახლოებით 25-30 წლის პერიოდით.

საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ი.მ-ესთან მიმართებით კომისიის გადაწყვეტილება არ ემყარება უძრავი ქონების ფაქტობრივი მდგომარეობისა და მისი მოქმედი ფუნქციური ზონირების სრულყოფილ და სათანადო შეფასებას, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების არასრულად გამოკვლევას ადასტურებს.

რაც შეეხება საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთს, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საძოვარი არის ბალახოვანი მცენარით ან/და ბუჩქოვანი მცენარით (ბუნებრივი ან გაკულტურებული) დაფარული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ცხოველის საძოვებლად (გამოსაკვებად), მასზე არსებული სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე, ან მიწის ნაკვეთი, რომელიც, მისი ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, შეიძლება ამ მიზნით იქნეს გამოყენებული. ამრიგად, მითითებული ნორმა ადგენს, რომ მიწის ნაკვეთი საძოვრად მიიჩნევა მაშინ, როდესაც ის დაფარულია ბალახით ან ბუჩქებით უკვე გამოიყენება ცხოველების საკვებად და ან მისი ბუნებრივი პირობების გამო შესაძლებელია მისი ასეთად გამოყენება. განსახილველ საქმეზე კი არსებობს ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები მიწის ნაკვეთის ფუნქციურ ზონასთან დაკავშირებით, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 21 ნოემბრის №67-01183251868 და 2024 წლის 20 მარტის №16-0124080274 წერილების შინაარსი გამორიცხავს მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთად მიჩნევის შესაძლებლობას, რაც სათანადო კვლევას საჭიროებს.

პალატის მოსაზრებით, კომისიის 2024 წლის 10 აპრილის №1164 განკარგულება შემოიფარგლება მხოლოდ უარის თქმის ფორმალურ საფუძველზე მითითებით (საძოვრის კატეგორია), ისე, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით. სადავო გადაწყვეტილებაში არ არის გამოკვეთილი, რა ფაქტობრივ საფუძვლებს ეყრდნობა კომისია დასკვნის გაკეთების პროცესში, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას საცხოვრებელი ზონის სტატუსის შესახებ კომისიისთვის ცნობილი იყო 2018 წლის 21 ნოემბრის №67-01183251868 და 2024 წლის 20 მარტის №16-0124080274 წერილებით, შესაბამისად, რადგან საკითხი დამატებით, დეტალურ შესწავლასა და შეფასებას საჭიროებს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.

სადავო აქტის საფუძვლად კომისია მიუთითებს მხოლოდ 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმაზე, თუმცა საქმეში არსებული საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობის პირობებში, მიწათსარგებლობის გეგმაში მიწის ნაკვეთის საძოვრის კატეგორიას აღნიშვნა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს ი.მ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის საფუძველზე საკუთრების უფლების აღიარებას, აღნიშნული კანონით გათვალისწინებული სათანადო გარემოებების დადასტურების შემთხვევაში.

ამასთან, მართალია, სასამართლოს გადაწყვეტილებით აქტი ბათილად იქნა ცნობილი სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დასაბუთებული აქტის გამოცემის დავალებას, აღნიშნული თავის მხრივ არ გამორიცხავს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად იმავე შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას (სუსგ 20.04.06წ. №ბს-1291-866(კ-05); 18.10.18წ. №ბს-368-368(კ-18); 04.10.2018წ. №ბს-567-567(კ-18); 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18)). ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოების ხელახლა ჩატარება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, ადმინისტრაციულმა ორგანომ რეალურად უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, იმსჯელოს და ერთმნიშვნელოვნად დაადგინოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონა და საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, შესაბამისად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე