ას-463-811-07 30 ნოემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. და თ. ბ-ები (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ამხანაგობა ,,.. ..’’ და მისი წევრები გ. გ-ე, თ. ბ-ე, ო. ბ-ე, ა. ჯ-ე, ვ. გ-ი, ც. ბ-ე, მ. ც-ი, ე. ქ-ე, შპს ,,ყ...ი’’ და შპს ,,... ჯგუფი’’ (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის განჩინება
დავის საგანი – უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-მ, თ. ბ-მ, ო. ბ-მ, ა. ჯ-მ, ვ. გ-მა, ც. ბ-მ, მ. ც-მა, ე. ქ-მ და შპს ,,ყ...მა’’ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - მ. და თ. ბ-ების მიმართ და მოითხოვეს ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹17-სა და ... ქუჩა ¹30-ში მდებარე საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის იმდაგვარად გამიჯვნა, რომ გ. გ-ს, თ. ბ-ს, ო. ბ-ს, ა. ჯ-ს, ვ. გ-ს, ც. ბ-ს, მ. ც-ს, ე. ქ-სა და შპს ,,ყ...ს’’ თანასაკუთრებად რეალური წილის სახით 19კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო მოპასუხეებს რეალური წილის სახით 35 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაუდგინდეთ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ... ცენტრის დასკვნის შესაბამისად, ასეთი გამიჯვნა შეუძლებელი აღმოჩნდა, რის გამოც მოსარჩელეებმა სარჩელის საგანი და საფუძველი შეცვალეს და მოპასუხედ, თ. და მ. ბ-ებთან ერთად, თ. ო-ი მიუთითეს.
ქ.თბილისში, ... ქ.¹17-სა და ... ქ.¹30-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა საცხოვრებელი სახლი, რომელიც 2003 წელს მიწისძვრის შედეგად დაინგრა. ბინების დანგრევის შემდეგ მესაკუთრეებს სხვადასხვა კომპანიებთან ხელშეკრულებების დადებისა და საცხოვრებელი სახლის აშენების სურვილი ჰქონდათ, რასაც მოპასუხეები მ. და თ. ბ-ები ეწინააღმდეგებოდნენ.
სამშენებლო კომპანია დათანხმდა, საკუთარი სახსრებით აეშენებინა მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობა, რომელიც მიწის მესაკუთრეებს გადასცემდა ფართებს მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. მოპასუხეები მიწის ნაკვეთზე ახალი კომპლექსის მშენებლობის წინააღმდეგნი იყვნენ და შემოთავაზებებზე უარს აცხადებდნენ. მოპასუხეთა თანხმობის გარეშე ამხანაგობა ვერ განახორციელებდა მშენებლობასთან დაკავშირებულ ისეთ მოქმედებებს, როგორიცაა ხელშეკრულების დადება, საკუთრების უფლების აღრიცხვა, საკადასტრო საზღვრების დადგენა, შესაბამისი ნებართვების მიღება, ადმინისტრაციული აქტების გამოცემასთან დაკავშირებული ქმედებები.
ამხანაგობა ,,.. ..-მა’’ და მისმა წევრებმა გ. გ-მ, თ. ბ-მ, ო. ბ-მ, ა. ჯ-მ, ვ. გ-მა, ც. ბ-მ, მ. ც-მა, ე. ქ-მ, შპს “ყ...მა’’ და შპს ,,... ჯგუფმა’’ 2007 წლის იანვარში დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით მიმართეს სასამართლოს მოპასუხეების - მ. და თ. ბ-ებისა და თ. ო-ის მიმართ უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის მოთხოვნით. მოსარჩელეებმა მოითხოვეს აღიარებულ იქნას ამხანაგობა ,,.. ..-ის’’ უფლება, მოპასუხეების თანხმობის გარეშე ქ.თბილისში, ... ქ.¹17-სა და ... ქ¹30-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მშენებლობასთან დაკავშირებით დაიდოს ხელშეკრულებები და განხორციელდეს საკუთრების უფლების აღრიცხვა, საკადასტრო საზღვრების დადგენა, შესაბამისი ნებართვების მიღება და ადმინისტრაციული აქტების გამოცემასთან დაკავშირებული სხვადასხვა მოქმედებები.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე თ. ო-ის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით მათი პაპის საკუთრებას წარმოადგენდა, რომელიც მათ 1928 წელს უკანონოდ ჩამოართვეს. მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ პრეტენზია აქვთ მთელ უძრავ ქონებაზე და ვერ დაეთანხმებიან მიწაზე ახალი კომპლექსის აშენებას, ამიტომაც ამხანაგობაში გაწევრიანებაზე უარს ამბობენ, რაც, მათი აზრით, უფლების ბოროტად გამოყენებად არ შეიძლება ჩაითვალოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, აღიარებულ იქნა ამხანაგობა ,,.. ..-ის’’ უფლება მოპასუხეების - თ. და მ. ბ-ების თანხმობის გარეშე მიწის ნაკვეთზე მდებარე ქ.თბილისში, ... ქ.¹17-სა და ... ქ.¹30-ში მშენებლობასთან დაკავშირებით დადოს ხელშეკრულებები და განახორციელოს საკუთრების უფლების აღრიცხვასთან, საკადასტრო საზღვრების დადგენასთან, შესაბამისი ნებართვების მიღებასთან და ადმინისტრაციული აქტების გამოცემასთან დაკავშირებული სხვადასხვა მოქმედებები. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა მ. და თ. ბ-ებისათვის ობიექტის მშენებლობის პერიოდში მშენებარე ფართზე სამომავლო მოთხოვნის უფლების გადაცემისა და მშენებლობის დასრულებისთანავეALახალაშენებულ კომპლექსში მდებარე ქ.თბილისში, ... ქ.¹17-სა და ... ქ.¹30-ში, მათი წილის შესაბამისად, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება რეგისტრაციის ვალდებულება.
ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2007 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მ. და თ. ბ-ებმა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის განჩინებით მ. და თ. ბ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება ამხანაგობაში გაწევრიანებაზე უარის თქმის საფუძველთან დაკავშირებით და უფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე განმარტა შემდეგი:
უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის ძირითად პრინციპს წარმოადგენს ის, რომ სამოქალაქო სამართლის ერთი სუბიექტის მიერ უფლების განხორციელებამ არ უნდა ხელყოს მეორე სუბიექტის უფლებები და კანონიერი ინტერესები. სამოქალაქო უფლებათა გამოყენება უნდა ხდებოდეს კეთილსინდისიერად, აღნიშნული უფლებების დანიშნულების შესაბამისად. უფლების ბოროტად გამოყენების დროს სამოქალაქო სამართალურთიერთობის მონაწილე არა მხოლოდ ეყრდნობა თავის უფლებებს, არამედ სცილდება კიდეც მის ფარგლებს და ამ დროს იგი განიხილება როგორც განსაკუთრებული სამოქალაქო სამართალდარღვევა. უფლების ბოროტად გამოყენება, ისევე როგორც სხვა სამართალდარღვევა, თავისთავად გულისხმობს სანქციის არსებობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით ნებისმიერი ქმედება, რომელიც უფლების ბოროტად გამოყენების გზით ზიანს აყენებს სხვას, ბათილია. ქმედების, როგორც უფლების ბოროტად გამოყენების დასაკვალიფიცირებლად არ არის საჭირო ზიანის უშუალოდ დადგომა. საკმარისია ზიანის მიყენების განზრახვის არსებობა. მოპასუხეთა მხრიდან ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას. მათი უარი ამხანაგობაში გაწევრიანებაზე და მშენებლობაზე დაუსაბუთებელია, რადგან არ არის გამოკვეთილი მათი, როგორც მესაკუთრის უპირატესი ინტერესი. თავისი ქმედებით ისინი ხელს უშლიან უმრავლესობაში მყოფ დანარჩენ მესაკუთრეებს საკუთრებით სარგებლობასა და განკარგვაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. და თ. ბ-ებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორთა მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საერთო საკუთრების მონაწილეს დაუდგინა ის, რაც შეიძლება მხოლოდ ხელშეკრულებით დადგენილიყო, ეს მაშინ, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 173-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 992-ე მუხლი. დისპოზიციურობის პრინციპის გამოყენება ამ შეთხვევაში უკანონოა. საკითხის ამგვარ გადაწყვეტას ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან იგი პრეცედენტულია და, ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლს ეწინააღმდეგება. ამრიგად, არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები. საკასაციო საჩივრის ავტორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ პასუხი ვერ გასცა მათ სააპელაციო პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თავისი შინაარსით აუქმებდა მათ საკუთრების უფლებას, რომ იგი გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და ამასთანავე გაურკვეველია, თუ როგორ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულება მათთვის მიკუთვნებული უფლებების ნაწილში, ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომ მოპასუხეებმა ვერ შეძლეს დაემტკიცებინათ ამხანაგობაში გაწევრიანებაზე უარის თქმის ობიექტური საფუძველი. საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომელებიც მათ იურიდიულ ინტერესებს ადასტურებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. და თ. ბ-ების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ. და თ. ბ-ების საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ თ. და მ. ბ-ებს უნდა დაუბრუნდეს მათY მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70%, რაც 210 (ორას ათ) ლარს შეადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაუშვებლად იქნეს მიჩნეული მ. და თ. ბ-ების საკასაციო საჩივარი;
კასატორ მ. და თ. ბ-ებს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 (ორას ათი) ლარი;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.