Facebook Twitter

¹ას-46-399-07 13 აპრილი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ლ. ზ-ა-ჩ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. გ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – კომლის საერთო ქონების გაყოფა, ნივთის დაბრუნება და ერთდროული დახმარების დაკისრება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. გ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს დ. ჩ-სა და ლ. ზ-ა-ჩ-ს მიმართ და მოითხოვა კომლის საერთო ქონების გაყოფა, ოქროს მძივის მიკუთვნება და შვილის მკურნალობისათვის ერთდროული დახმარების - 500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1999 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება დ. ჩ-სთან, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი – დ. ჩ-ა. ოჯახში უკმაყოფილების გამო 2006 წლის ივლისიდან, მეუღლემ მიატოვა. მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მისი მეუღლე დაქორწინდა, იგი იძულებული გახდა ავადმყოფ შვილთან ერთად დედათან გადასულიყო საცხოვრებლად. მოსარჩელემ ასევე მუთითა, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ... გააჩნიათ საერთო ქონება, რაც აუდიტის მიერ შეფასებულია 38450 ლარად. ლ. გ-მ სარჩელით მოითხოვა მოპასუხისათვის კომლის საერთო ქონების გაყოფა, ოქროს მძივის მიკუთვნება და შვილის მკურნალობისათვის ერთდროული დახმარების - 500 ლარის დაკისრება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. გ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ. გ-ს და მის შვილს – დ. ჩ-ს ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მდებარე კომლის საერთო ქონებიდან მიეკუთვნა ½1/2 ღირებული, 19225 ლარად. დ. ჩ-ს დაეკისრა ერთდროული დახმარება შვილის – დ. ჩ-ს მკურნალობისათვის 250 ლარი, რომლის მიღების უფლება დარჩა დედას – ლ. გ-ს. სარჩელის მოთხოვნა ოქროს მძივის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ზ-ა-ჩ-მ და დ. ჩ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. ზ-ა-ჩ-სა და დ. ჩ-ს მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა ლ. ზ-ა-ჩ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ლ. ზ-ა-ჩ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამავე პალატის 2006 წლის 4 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინებაზე ლ. ზ-ა-ჩ-მ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის განჩინებით ლ. ზ-ა-ჩ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 961 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ლ. ზ-ა-ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ლ. ზ-ა-ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის განჩინებით დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 188-189).

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე ლ. ზ-ა-ჩ-ს გაეგზავნა 2007 წლის 30 იანვარს (ს.ფ. 190). კასატორს განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდა 2007 წლის 20 თებერვალს (ს.ფ.194 - საქართველოს ფოსტის მიერ გაცემული ცნობა). კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 7 მარტის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ. ზ-ა-ჩ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ზ-ა-ჩ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.