ას-464-705-08 15 სექტემბერი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ი. ბ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ბ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ბ-შვილის მიმართ 4222 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2005 წლის სექტემბერში, მხარეთა შეთანხმებისამებრ, მოპასუხეს 500 ლარად უნდა შეესრულებინა სარემონტო სამუშაოები მოსარჩელის ბინაში. 120 ლარი მოსარჩელემ წინასწარ გადასცა მ. ბ-შვილს, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი _ სარემონტო სამუშაოების შესრულების პერიოდში. მოპასუხემ სამუშაო შეასრულა უხარისხოდ და იგი არ დაასრულა. ი. ბ-შვილის მოთხოვნით, მ. ბ-შვილმა თანხმობა განაცხადა, დამატებითი სამუშაოებით გამოესწორებინა არსებული ხარვეზები და დაესრულებინა რემონტი, რისთვისაც მოსარჩელემ შეიძინა 4222 ლარის ღირებულების მასალა, თუმცა მ. ბ-შვილი გაემგზავრა საზღვარგარეთ და დანაპირები არ შეასრულა.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა და მ. ბ-შვილს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4222 ლარის ანაზღაურება, რაც ი. ბ-შვილმა გაასაჩივრა.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 იანვრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, რაც მ. ბ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინებით მ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება გაუქმდა, ხოლო საქმე განსახილველად დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მ. ბ-შვილი 2007 წლის 6 დეკემბრის სასამართლო სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული არ იყო, რადგანაც მოპასუხე იმყოფებოდა ქ. კიევში. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ სასამართლო უწყება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, გაიგზავნა საქმეში არსებულ მოპასუხის მისამართზე, თუმცა მოპასუხის მეუღლე ზ. ბ-შვილმა უარი განაცხადა უწყების ჩაბარებაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ უწყებაზე ადრესატის ოჯახის წევრის მიერ უწყების ჩაბარებაზე უარი თქმის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლით დადგენილი მინაწერი შესრულებული არ არის. სააპელაციო სასამართლომ დარღვეულად მიიჩნია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლით გათვალისწინებული უწყების ჩაბარების გონივრული ვადაც, რადგან კურიერმა აქტი მოპასუხის მეუღლის მიერ უწყების ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ შეადგინა 2007 წლის 3 დეკემბერს, ხოლო საქმის განხილვა დანიშნული იყო ამავე წლის 6 დეკემბერს. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხისათვის გაგზავნილ სასამართლო უწყებაში მითითებული იყო მხოლოდ საქმის განხილვის თარიღი, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები მხარეს არ განმარტებია. ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი. ბ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება, ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2008 წლის 10 იანვრის განჩინების უცვლელად დატოვება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის მოთხოვნები. დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ მხარეს საქმის განხილვის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით არ ეცნობა, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლო კურიერმა უწყება მიიტანა მოპასუხის მისამართზე, თუმცა მ. ბ-შვილის მეუღლემ უწყების ჩაბარებაზე უარი განაცხადა. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ უწყების ჩაბარებაზე უარის თქმის მიუხედავად, მოპასუხის მეუღლე ზ.გუმბერიძე-ბ-შვილი რამდენჯერმე გამოცხადდა სასამართლოში სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე და განმარტა, რომ დაუკავშირდებოდა მეუღლეს და აცნობებდა სასამართლო პროცესის თაობაზე. სასამართლოს მთავარი სხდომა მ. ბ-შვილის მეუღლის თხოვნით დაინიშნა 2007 წლის 6 დეკემბერს, თუმცა მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის მეუღლემ სასამართლოს კვლავ არ აცნობა მოპასუხის ადგილსამყოფელი. სააპალაციო სასამართლომ არ შეაფასა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ფერსათის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2007 წლის 26 სექტემბერს გაცემული ¹248 ცნობა მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, სადაც არაა მითითებული მ. ბ-შვილის საზღვარგარეთ ყოფნის შესახებ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის ოჯახის სრულწლოვან წევრს უწყება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით და მოპასუხის მეუღლის მიერ უწყების მიღებაზე უარის თქმის მიუხედავად, იგი მაინც გამოცხადდა სასამართლოში. ასევე უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მსჯელობა მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის დარღვევის თაობაზე, ვინაიდან მოპასუხეს სასამართლოს სხდომის შესახებ ეცნობა სხდომამდე სამი დღით ადრე, ამასთან, საქმის განხილვის თაობაზე მ. ბ-შვილმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომამდე _ 2007 წლის 9 ნოემბრისათვისაც იცოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ი. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებისას არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი და 241-ე მუხლი, რომელთა თანახმად სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ზემოხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო საქმის განხილვაზე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელს არ დააკმაყოფილებს და მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, თუ მხარეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა საქმის განხილვის შესახებ, თუმცა იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა და თავისი გამოუცხადებლობის შესახებ არასაპატიო მიზეზით არ აცნობა სასამართლოს.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე მ. ბ-შვილს 2007 წლის 6 დეკემბრის სასამართლოს მთავარი სხდომის თაობაზე სასამართლო უწყება საქმეში არსებულ მისამართზე გაეგზავნა, თუმცა სასამართლო კურიერის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, ამავე მისამართზე მცხოვრებმა მ. ბ-შვილის მეუღლემ უწყების მიღებაზე უარი განაცხადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად კი (სადავო პერიოდისათვის მოქმედი რედაქციით), თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. კანონის აღნიშნული დანაწესის თანახმად, მხარის ან, მისი არყოფნის შემთხვევაში, მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ სასამართლო უწყების ჩაბარებაზე უარის თქმისას უწყება ჩაბარებულად ითვლება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მოცემულ შემთხევაში დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექის 75-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან სასამართლოს კურიერს მოპასუხისათვის ჩასაბარებელ უწყებაზე არ შეუსრულებია სათანადო მინაწერი მხარის მეუღლის მიერ უწყების მიღებაზე უარის თქმის შესახებ. როგორც ზევით აღინიშნა, საქმის მასალებში წარმოდგენილია სადავო სასამართლო უწყებაზე დართული, კურიერის მიერ შედგენილი აქტი, სადაც უწყების ჩაბარებაზე ინფორმაცია ამომწურავადაა მოცემული.
დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევის შესახებ იმის გამო, რომ მოპასუხისათვის სასამართლო უწყება მთავარი სხდომის დანიშვნის თაობაზე ჩაბარდა 2007 წლის 3 დეკემბერს, 3 დღით ადრე. მითითებული ნორმის მიხედვით, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდათ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარეს გონივრული და საკმარისი დრო ჰქონდა 2007 წლის 6 დეკემბრის სასამართლოს მთავარი სხდომისათვის მოსამზადებლად, ვინაიდან სარჩელის აღძვრისა და საქმის განხილვის შესახებ მოპასუხეს კანონის მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა როგორც გზავნილი სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლებით, ისე სასამართლო უწყებები სასამართლოს მოსამზადებელი და მთავარი სხდომების დანიშვნის თაობაზე, რომელთა მიღებაზეც მ. ბ-შვილის მეუღლე ზ. ბ-შვილმა უარი განაცხადა. აღნიშნული კი, ზემოთ მოყვანილი მსჯელობის მიხედვით, სასამართლო უწყებებისა და გზავნილის მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება. ასევე აღსანიშნავია, რომ ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 9 ნოემბრის მოსამზადებელი და 2007 წლის 6 დეკემბრის მთავარი სასამართლო სხდომის ოქმების თანახმად, ზ. ბ-შვილი სასამართლოში გამოცხადდა და განმარტა, რომ მისი მეუღლე იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და ვერ გამოცხადდა სასამართლოში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმის განხილვის დრო მისთვის ცნობილი იყო.
ამდენად, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხე საქმის განხილვის დროის თაობაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით ინფორმირებული იყო, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ დროს სასამართლოს მთავარ სხდომაზე იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, რის გამოც რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და შემდგომ ძალაში დატოვა იგი.
ამასთან, მ. ბ-შვილის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება მოპასუხის მეუღლის მითითება, რომ მხარე იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს შეეძლო საქმის განხილვაში მონაწილეობა მიეღო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული წარმომადგენლის მეშვეობით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განუხორციელებია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2008 წლის 10 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.