¹ას-464-853-06 29 იანვარი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – ნ. თ-ის სარჩელის გამო მოპასუხე ლ. დ-ს მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გორის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 22 ივნისის განაჩენით ლ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ დანაშაულით გათვალისწინებული სსკ-ის 111-ე მუხლით, ნ. თ-ის სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენების გამო.
ნ. თ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ლ. დ-ს მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1998 წელს მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მოპასუხე ლ. დ-ს მიმართ და მოითხოვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. გორის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. თ-სათვის მიყენებული ზიანი განისაზღვრა 2181 ლარით. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, მაგრამ იგი არ აღსრულებულა. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მან მატერიალური ზიანის გარდა განიცადა მორალური ზიანიც და მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის, 3000 ლარის დაკისრება.
გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ლ. დ-ს ნ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 809 ლარი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. თ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილა ნაწილობრივ, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. თ-ის სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის სასარგებლოდ ლ. დ-ს დაეკისრა 1000 ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია ზიანის მიყენების (დელიქტის) საფუძველზე, კერძოდ, აპელანტს ზიანი მიადგა მოწინააღმდეგე მხარის განზრახ მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, რომელიც გამოიხატა აპელანტის სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებაში. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად მიუთითა იმის თაობაზე, რომ აპელანტს მიადგა მორალური ზიანი, მაგრამ პალატა არ დაეთანხმა მის გადაანგარიშებას, რომლითაც მან განსაზღვრა მორალური ზიანის ოდენობა აპელანტის სასარგებლოდ მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებული მატერიალური ზიანის 2191 ლარისა და სასარჩელო მოთხოვნის 3000 ლარის სხვაობით - 809 ლარით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. თ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს ლ. დ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, ნ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.