Facebook Twitter

¹ას-465-706-08 27 ნოემბერი, 2008 წ

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მაია სულხანიშვილი(მომხსენებელი) თეიმურაზ თოდრია

სხდომის მდივანი—ლელა სანიკიძე

კასატორი _ ე. თ-შვილი, ბ. თ-შვილი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ნ. ც-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე - ე. დ-იდი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ე. თ-არი

ნოტარიუსი –ლ. კ-შვილი

წარმომადგენელი - ზ. დ-იძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მოპასუხის ბინიდან გამოსახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 2 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ე. დ-იმ მოპასუხეების ე. და ბ. თ-შვილების მიმართ 2005 წლის 13 მაისის მინდობილობის ბათილობის, 2005 წლის 25 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ბინის მესაკუთრედ ცნობისა და მოპასუხეების ბინიდან გამოსახლების შესახებ.

სასარჩელო მოთხოვნა დაფუძნებული იყო შემდეგ გარემოებებზე: 2005 წლის 13 მაისს ნოტარიუსმა ლ. კ-შვილმა სანოტარო წესით გააფორმა მინდობილობა ე. დ-იდსა და ე. თ-შვილს შორის, ამავე წლის 25 მაისს ნოტარიუსმა მინდობილობის საფუძველზე მოახდინა ე. თ-შვილსა და ბ. თ-შვილს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადასტურება.

მოსარჩელემ განმარტა, რომ მან საქართველოს საზღვრები დატოვა 1992 წელს, მინდობილობის გაფორმების დროს ის საქართველოში არ იმყოფებოდა, და შესაბამისად ის ე. თ-შვილს ვერ მისცემდა უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის ნებართვას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვტილებით ე. დ-იდის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი 2005 წლის 13 მაისის მინდობილობა. ემილი დელიანიდის სარჩელი 2005 წლის 25 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობისა და მოპასუხეების ბინიდან გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. დ-იდიმ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გდაწყვეტილების შეცვლა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ასევე გაასაჩივრა ლ. კ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების შეცვლა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ლ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ე. დ-იდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ე. დ-იდი ცნობილი იქნა თბილისში მდებარე ბინის _ .......... მასივი, მე-6 კვარტალი, კორპუსი ¹12, ბინა ¹106-ის მესაკუთრედ.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

2005 წლის 13 მაისს ნოტარიუსმა ლ. კ-შვილმა დაადასტურა მინდობილობა, რომლითაც ე. დ-იდი ე. თ-შვილს აძლევს მისი ბინის მართვისა და განკარგვის უფლებას.

2005 წლის 25 მაისს ე. დ-იდის წარმომადგენელს ე. თ-შვილსა და ბ. თ-შვილს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება თბილისში, ......... მასივი, მე-6 კვარტალი, კორპუსი ¹12, ბინა ¹106-ზე.

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ბინა მდებარე თბილისში, ......... მასივი, მეოთხე კვარტალი, კორპუსი ¹12, ბინა ¹106 საკუთრების უფლებით ირიცხება ბ. თ-შვილის სახელზე.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოება, რომ ე. დ-იდი მინდობილობის გაფორმების დროს, 2005 წლის 13 მაისს, არ იმყოფებოდა საქართველოში. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ე. დ-იდის პასპორტითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საგამოძიებო_ოპერატიული სამმართველოს 2006 წლის 27 ივლისის ¹38\5\1-1666 წერილით.

მხარეთა ახსნა-განმარტებებით საქმეზე გამოირკვა, რომ ის პიროვნება, რომელმაც უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლება გადასცა ე. თ-შვილს არ იყო ყრუ-მუნჯი, ხოლო ემილი დელიანიდი დაბადებიდან ყრუ-მუნჯია.

პალატამ განმარტა, რომ წარმომადგენლობითი უფლების გარეშე სხვისი სახელით დადებული გარიგება არ წარმოშობს უფლება-მოვალეობებს წარმოდგენილი პირისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მესამე პირს კეთილსინდისიერად ეგონა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არსებობა. მესამე პირის მხრიდან კეთილსინდისიერება მაშინაა, როდესაც წარმოდგენილი პირი ქმნის ისეთ გარემოებებს, რაც მას წარმომადგენლობითი უფლებამოსილებას ავარაუდებინებს. დადგენილია, რომ ე. თ-შვილმა ბ. თ-შვილის დედამ შუამავლის მეშვეობით შეიტყვო, რომ ბინა იყიდებოდა. პალატამ მიიჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, ბინის მყიდველს მეტი წინდახედულობა უნდა გამოეჩინა და დაედგინა მესაკუთრის ნება იყო თუ არა ბინის გასხვისება. ბინის მესაკუთრე, ე. დ-იდი, რომელიც ბინის გაყიდვის დროს არ იმყოფებოდა საქართველოში, ვერ შექმნიდა ისეთ გარემოებებს, რომლებიც მყიდველს აფიქრებინებდა, რომ ე. თ-შვილს ჰქონდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა ბ. თ-შვილის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბადრი და ე. თ-შვილებმა. გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა ლ. კ-შვილმაც.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისის განჩინებით კასატორ ლ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, მისი დაუშვებლობის გამო.

კასატორების ბადრი და ე. თ-შვილების აზრით, ბ. თ-შვილი იყო კეთილსინდისიერი შემძენი, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეილახა მისი როგორც მესაკუთრის კონსტიტუციური უფლებები.

კასატორის განმარტებით, როგორც პირველი ინსტანციის ისე სააპელაციო სასამართლოს მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ პირადობის მოწმობის მონაცემები, რომლებიც 2005 წლის 13 მაისის მინდობილობაშია მითითებული არ ეკუთვნის ე. დ-იდს არ შეიძლება ყოფილიყო მინდობილობის ბათილობის საფუძველი.

კასატორი თვლის, რომ ის არ იყო ვალდებული შემემოწმებინა ნოტარიულად დამოწმებული საბუთის სინამდვილე, ვინაიდან ის ეჭვს ვერ შეიტანდა ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტში, რომლის საფუძველზე ნოტარიუსმა გააფორმა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.

კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ფაქტიურად არ დაუდგენია გასხვისდა თუ არა ბინა მესაკუთრის ნების გარეშე და რატომ არა არის ბ. თ-შვილი კეთილსინდისიერი შემძენი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი გარემოება იმის თაობაზე, რომ ე. დ-იდი დაბადებიდან არის ყრუ-მუნჯი და აღნიშნულის დასადასტურებად მიუთითა ს.ფ. 26,27, 28, 29-ზე განთავსებულ მტკიცებულებებზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული მტკიცებულებები არ ქმნის ასეთი ფაქტობრივი გარემოების დადგენის საფუძველს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ს.ფ. 26-ე წარმოდგენილი ცნობიდან ირკვევა, რომ ე. დ-იდი არის ყრუ-ინვალიდი და არა მუნჯი, იგივეა მითითებული ს.ფ. 27-ზე განთავსებულ მტკიცებულებაზეც. ხოლო მტკიცებულება რომ ე. დ-იდი მუნჯია საქმეში არ არსებობს. ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს გამორიცხავს ის მტკიცებულებებიც, როგორიცაა თვით ე.დელიანიდის მიერ დადასტურებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, სადაც არ არის მითითებული, რომ ე. დ-იდი ყრუ-მუნჯია და ხელშეკრულება არ არის დადასტურებული ასეთი კატეგორიის მოქალაქეთა მიერ ხელშეკრულების დადების დასადასტურებლად დადგენილი შესაბამისი წესით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ასეთი ფაქტობრივ გარემოებას ეჭვქვეშ აყენებს საბერძნეთიდან გამოგზავნილი მინდობილობაც, სადაც მითითებულია, რომ ე. დ-იდი ბერძნული ენის არმცოდნეა და არა ყრუ-მუნჯი.

უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მინდობილობის დადასტურებისას დ-იდი არ იმყოფებოდა საქართველში. ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს არ იძლევა საქმის მასალებში წარმოდგენილი პასპორტები. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი არცერთი პასპორტი ძალაში არ იყო მინდობილობის დადასტურების დროს. ასეთ შემთხვევაში სასამართლოსათვის ინტერესმოკლებული არ უნდა ყოფილიყო ის ფაქტი, თუ რომელი დოკუმენტით სარგებლობდა ე. დ-იდი იმ დროისათვის.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით შეიძლებოდა იმ დასკვნის გაკეთება, რომ მინდობილობა გაცემულია ყალბი პირადობის მოწმობის საფუძველზე, უცნობი პირის მიერ, ყალბია, ანუ მინდობილობაზე ხელმოწერა არ ეკუთვნის მინდობილობის გამცემ პირს და აქედან გამომდინარე მინდობილობაც ყალბია. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო ასეთ ფაქტებს ადგენდა, უნდა ემსჯელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მხარეს რომლის მიმართაც, როგორც თვითონ უთითებს, ჩადენილია დანაშაული, არ მიუმართავს სათანადო ორგანოსათვის, რაც უფრო მეტად საეჭვოს ხდის მის მიერ მითითებულ გარემოებების ნამდვილობას.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას ითხოვდა იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომ იგი ყრუ-მუნჯია და მინდობილობის გაცემისას იგი საქართველოში არ იმყოფებოდა, ხელშეკრულების ბათილობაც უნდა მომხდარიყო ამ ფაქტების დადასტურების შემთხვევაში. სასამართლოს კი ასეთი ფაქტები დადგენილი აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა უგულვებელყოფით. სასამართლოს არ მოუხდენია მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა რის გარეშეც შეუძლებელია სადავო გარიგება ბათილად იქნეს ცნობილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით. არასწორად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი კი განაპირობებს საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცებულებათა არასრული, არაობიექტური გამოკვლევა შეიძლება გახდეს საფუძველი სრულიად განსხვავებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისა, რაც თავისთავად დაკავშირებულია განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებასთან. ამდენად მტკიცებულებათა შეფასებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დავის გადასაწყვეტად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია ანუ ადგილი აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. ასეთი საფუძვლის არსებობისას კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად საქმე უნდა გაუქმდეს და ხელახლა უნდა განიხილოს სააპელაციო სასამართლომ.

საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით უნდა შეაფასოს მტკიცებულებნი და დაადგინოს ე. დ-იდის ყრუ-მუნჯობის და საქართველოში ყოფნა-არყოფნის ფაქტი. ანუ უნდა დადგინდეს ის გარემოებები, რასაც თვით მოსარჩელე უთითებს ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. და ბ. თ-შვილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.