ას468-856-06 22 იანვარი, 2007წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ი. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – .. .. .. (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 17 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელ განცხადებით მიმართა ი. გ-მ და აღნიშნა, რომ 2000 წლის 6 ივნისს უკანონოდ დათხოვნილი იქნა სს .. .. .. დირექტორის მიერ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით აღდგენილი იქნა სამუშაოზე და მოპასუხეს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 14 დეკემბრის განჩინებით გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
სს .. .. .. დირექციამ განაცდური ბოლომდე არ აანაზღაურა და ამიტომ მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის დღემდე მიუღებელი ხელფასის განაცდურის ანაზღაურების დაკისრება საბანკო საპროცენტო დარიცხვების ჩათვლით.
მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, რის შესახებაც განცხადებით მიმართა სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით და უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 14 დეკემბრის განჩინებისა მისთვის ხელფასის გაცემა უნდა დაწყებულიყო 2001 წლის 14 დეკემბრიდან და არა 2002 წლის ივლისიდან, მიუხედავად მისი არაერთი სიტყვიერი და წერილობითი მოთხოვნისა ფაბრიკის მიერ მიღებული არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია მისთვის მიუღებელი კუთვნილი ხელფასის შესახებ, რის გამოც მისი ზეპირი გაანგარიშების შედეგად მიუღებელი კუთვნილი ხელფასი შეადგენს 2001 წლის 2002 წლის ივლისამდე 280 ლარს, მიუღებელი სხვაობა ყოველთვიურად ნაცვლად 35 ლარისა ეძლეოდა 20 ლარი შეადგენს 180 ლარს, 2003 წლის ივლისიდან 2005 წლის ივლისამდე 840 ლარს, სულ საერთო ჯამში შეადგენს 1300 ლარს, რასაც ითხოვს დაემატოს საბანკო პროცენტი და დანარიცხები.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს .. .. .. მიმართ მიუღებელი 1300 ლარი ხელფასის და საბანკო დანარიცხების ანაზღაურების თაობაზე. სს .. .. .. დაეკისრა მოსარჩელის ი. გ-ის სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის 2001 წლის დეკემბრიდან 2002 წლის ივლისამდე 280 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სასარჩელო განცხადებას უარი ეთქვა დაუსაბუთებლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში; მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს .. .. .. დაეკისრა ი. გ-ის სასარგებლოდ 420 ლარის გადახდა.
პალატამ მიიჩნია, რომ ი. გ-ე სს .. .. .. აღდგენილი იქნა თავის პირვანდელ სამუშაოზე ... გამგედ 2002 წლის 9 ივლისს. ამავე წლის 9 ივლისიდან 1 სექტემბრამდე ი. გ-ე გაუშვეს უხელფასო შვებულებაში მინიმალური ხელფასის ანაზღაურების პირობით. იმის გამო, რომ საწარმო პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს აპელანტი ვერ იღებს შრომის ანაზღაურებას. გ-ე თავის მოვალეობებს ვერ ასრულებს საწარმოს იძულებით მოცდენის გამო, რაც არ არის გამოწვეული მისი ბრალით.
ამდენად, საწარმოს იძულებითი მოცდენის გამო, სს .. .. .. ვალდებულია ი. გ-ს მისცეს ერთი წლის შრომის ანაზღაურება დადგენილი მინიმალური ოდენობის ფარგლებში.
ასევე პალატამ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში, მინიმალური ოდენობა ნიშნავს არა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 76-ე მუხლით გათვალისწინებულ მინიმალურ ხელფასს, ანუ ქვეყნის მაშტაბით დაქირავებულ მუშაკთა გამომუშავების მინიმალურ სიდიდეს, რაც განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის ¹351-ე ბრძანებულებით, არამედ კონკრეტულ საწარმოში იდენტური სამუშაოს შესრულებისათვის ასანაზღაურებელი ხელფასის მინიმალური ოდენობა. დამტკიცებულია, რომ ი. გ-ე სს .. .. .. მუშაობს ... გამგედ და მისი ხელფასი შეადგენს 35 ლარს. აღნიშნულ შემთხვევაში, სწორედ 35 ლარია ამ თანამდებობაზე ხელფასის მინიმალური ოდენობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 89-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. არასწორად იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 2141 მუხლით “ფულადი მოთხოვნების დაკმაყოფილება” გამორჩა მუხლში მითითებული სიტყვა “გარდა”, რითაც დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტი; გამოიყენა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 2141 მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 2141 მუხლი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის სამივე ქვეპუნქტის უსაზღვროდ დარღვევამ გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ი. გ-ე სს .. .. .. აღდგენილ იქნა თავის პირვანდელ სამუშაოზე ... გამგედ 2002 წლის 9 ივლისს. იმავე დღიდან 1 სექტემბრამდე იგი გაშვებულია უხელფასო შვებულებაში მინიმალური ხელფასის ანაზღაურების პირობით. კასატორი დღემდე სს .. .. .. მუშაკია. მაგრამ თავის მოვალეობებს ვერ ასრულებს საწარმოს იძულებითი მოცდენის გამო.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 2141-ე მუხლი. აღნიშნული ნორმის თანახმად ფულადი მოთხოვნების საკითხებზე შრომის დავის განხილვისას, გარდა მოთხოვნისა იმის შესახებ, რომ გადაუხდიან მუშაკს საშუალო ხელფასის იძულებით მოცდენილი პერიოდისთვის ან ხელფასის სხვაობა დაბალ ხელფასიანი საუშაოს შესრულების დროისათვის (ამ კოდექსის 207-ე და 214-ე მუხლებით) ორგანოს, რომელიც განიხილავს დავას, უფლება აქვს გამოიტანოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ გადაუხადოს მუშაკს თანხა, რომელიც მას ერგება, მხოლოდ არა უმეტეს ერთი წლისათვის, ხოლო დათხოვნისას გამოყენებული შვებულებისათვის ფულადი კომპენსაციის საკითხებზე - არა უმეტეს ორი სამუშაო წლისათვის. საგულისხმოა, რომ სასამართლომ აღნიშნული ნორმა გამოიყენა კოდექსის 89-ე მუხლთან ერთობლიობაში, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს. მაშინ როდესაც სახეზეა ზოგადი და სპეციალური ნორმების კოლიზია, უპირატესობა უნდა მინიჭებოდა სპეციალურ ნორმას ანუ 89-ე მუხლს. 89-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იძულებით მოცდენის დროს, რაც მუშაკის ბრალით არ არის გამოწვეული, მუშაკს შრომის ანაზღაურება მიეცემა დადგენილი მინიმალური ოდენობის ფარგლებში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მუშაკს ანაზღაურება ეძლევა მოცდენის დროისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ამასთან, უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სასამართლოს საერთოდ არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, თუ რა პერიოდს მოიცავს იძულებით მოცდენის ვადა. აქედან გამომდინარე, სს .. .. .. მითითებული თანხის დაკისრების საკითხის არასწორი დასაბუთების გამო შეუძლებელია მსჯელობა იმის თაობაზე თუ რა პერიოდისათვის უნდა დაეკისროს მხარეს მითითებული თანხა.
ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დადგინდეს თუ რა ვადას მოიცავს სადავო პერიოდი ანუ რა პერიოდისათვისაა შესაძლებელი კასატორისათვის თანხის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.