ას-469-710-08 4 ნოემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისხდომის მდივანი – ლ.სანიკიძე
კასატორი _ სს “ა-ის” დირექტორი კ. ა-იძე (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ნ. ბ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ჭ-აძე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ა. გ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ აქციების მესაკუთრედ ცნობა, საზოგადოების აქციათა რეესტრში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ჭ-აძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ა-ის“ დირექტორ კ. ა-ძის მიმართ სს „ა-ის“ 15 000 აქციის მესაკუთრედ ცნობისა და საზოგადოების აქციათა რეესტრში აქციების საკუთარ სახელზე აღრიცხვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1999 წლის 24 დეკემბერს მოპასუხემ თ.ჭიჭინაძეს მიჰყიდა სს „ა-ის“ 2400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ღირებულების 15000 აქცია. დაიდო აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, მოსარჩელისათვის გადაეფორმებინა აქციები. ხელშეკრულებით მოპასუხემ უფლება დაიტოვა, ექვსი თვის განმავლობაში გაყიდული აქციები უკან გამოესყიდა, თუმცა დათქმულ დროს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში აქციები რჩებოდა მოსარჩელის საკუთრებაში. აქციების ღირებულება თ. ჭ-ძემ მოპასუხეს ხელშეკრულების დადების დღესვე დროულად გადაუხადა, რის დასადასტურებლადაც გადაეცა 1999 წლის 24 დეკემბერს გაცემული ნაყიდი აქციების ინდოსირებული სერტიფიკატი. ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში მოპასუხემ აქციები არ გამოისყიდა, თუმცა, მოსარჩელის თხოვნის მიუხედავად, არც მის სახელზე არ აღრიცხა. სს „ა-ის” აქციონერთა რაოდენობა ასს არ აღემატება და მისი აქციების რეგისტრაცია წარმოებდა საზოგადოების პასუხისმგებელი პირის მიერ (შიდა რეგისტრაცია). მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა რა სადავო აქციებზე სერტიფიკატი, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 51.4 მუხლის თანახმად, აქციათა გასხვისებისათვის სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადება არ იყო სავალდებულო, არამედ უნდა მომხდარიყო აქციათა სერტიფიკატზე ინდოსირება და საზოგადოების აქციათა რეესტრში მისი შემძენის აქციათა მფლობელად აღრიცხვა აქციათა რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის დამოწმებით. ამდენად, სს “ა-ამ” ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა, გადასცა აქციათა ინდოსირებული სერტიფიკატი და, შესაბამისად, ამ აქციათა საკუთრების უფლება, მაგრამ აღნიშნულის შესახებ სათანადო ცვლილებები საზოგადოების აქციათა რეესტრში არ შეუტანია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: კ. ა-ძესა თ. ჭ-ძეს შორის ნამდვილად დაიდო აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია. ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა აითვალოს 1999 წლის 24 დეკემბრიდან 6 თვის გასვლის მომენტიდან, სარჩელი კი აღძრულია ხუთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. ამასთან, გაურკვეველია აქციათა გასხვისების შემდეგ თ. ჭ-ძისათვის გადაცემულ აქციათა სერტიფიკატი პრივილეგირებული იყო თუ ჩვეულებრივი, ამდენად, სერტიფიკატის საფუძველზე საზოგადოების რეესტრში ცვლილებების შეტანა გაუმართლებელია. მოცემულ შემთხვევაში დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 923-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან სადავო აქციების ინდოსამენტის მეშვეობით გასხვისებისას აქციაზე ახალი მფლობელი არ დაფიქსირებულა. ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ იქნა პირობა, რომ გამყიდველი იტოვებდა უფლებას, 6 თვის განმავლობაში დაებრუნებინა გაყიდული აქციები, თუ იგი დაუბრუნებდა მყიდველს გადახდილ თანხას. ამდენად, ინდოსამენტი შესრულდა გარკვეული პირობით, რაც კანონით დაუშვებელია და წარმოადგენს ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს.
საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაერთო სს “ა-ა”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ჭ-აძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა სს “ა-ის” 15 000 აქციის მესაკუთრედ, რომელზეც 1999 წლის 24 დეკემბერს გაცემულია ¹0177 სერტიფიკატი, დადგინდა ცვლილების შეტანა სს “ა-ის” აქციათა რეესტრში შემდეგ გარემოებათა გამო: 1999 წლის 24 დეკემბერს თ. ჭ-ძესა და კ. ა-ძეს შორის დაიდო აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კ. ა-ძემ თ. ჭ-ძეს მიჰყიდა სს „ა-ის“ თავისი კუთვნილი 15 000 აქცია 2 400 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად. ხელშეკრულების თანახმად, „გამყიდველი ვალდებულია ყიდვა-გაყიდვის ორგანიზება და გადაფორმება გააკეთოს თვითონ კანონით დადგენილ ფარგლებში“. ამასთან, კ. ა-ძემ უფლება დაიტოვა, ექვსი თვის განმავლობაში უკან დაებრუნებინა თ. ჭ-ძისათვის გადაცემული აქციები, თუკი დაუბრუნებდა მისგან მიღებულ თანხას – 2 400 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. ექვსი თვის გასვლის შემდეგ კი აქციები რჩებოდა მყიდველის საკუთრებაში. აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დღესვე _ 1999 წლის 24 დეკემბერს კ. ა-ძემ 15 000 აქციაზე თ. ჭ-ძის სახელზე გასცა ¹0177 სერტიფიკატი. სს „ა-ის“ აქციონერთა რაოდენობა ხელშეკრულების დადების დროსაც და ამჟამადაც 100-ზე ნაკლებია და აქციათა რეგისტრაციას აწარმოებდა საზოგადოების შიდა რეგისტრატორი. სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ა-ა“ არის ე.წ. დახურული (არასაჯარო) ტიპის სააქციო საზოგადოება. სასამართლომ იხელმძღვანელა ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის რედაქციის 51.3, 51.1, 51.2, 51.4 მუხლებით და მიუთითა, რომ დახურული სააქციო საზოგადოების შემთხვევაში დაშვებულია აქციათა გასხვისების ორი ფორმა _ სანოტარო წესით დამოწმებული აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულებითა და აქციის სერტიფიკატზე ინდოსამენტით, ორივე შემთხვევაში საზოგადოების აქციათა რეესტრში უნდა შევიდეს ცვლილება და დამოწმდეს რეესტრის წარმოებაზე პასუხიმგებელი პირის მიერ. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დაიდო 15000 აქციის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებითა და სერტიფიკატით დადგენილია, რომ 1999 წლის 24 დეკემბერს კ. ა-ძემ გაყიდა სს „ა-ას“ თავისი კუთვნილი 15 000 ცალი აქცია, ხოლო თ. ჭ-ძემ იყიდა ისინი, რაშიც კ. ა-ძეს გადაუხადა 2 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხოლო კ. ა-ძემ მიიღო აღნიშნული თანხა. აქციათა ნასყიდობა დადასტურებულია მხარეთა ხელმოწერებით. სასამართლოს მითითებით, მოპასუხე კ. ა-ძეს სადავოდ არ გაუხდია აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი, ნასყიდობა ნამდვილია და შეესაბამება მხარეთა მიერ გამოვლენილ ნებას. კ.აფაქიძემ ორჯერ მიმართა სასამართლოს წერილობითი შესაგებლით და ხელშეკრულების ნამდვილობა სადავოდ არც ერთხელ არ მიუჩნევია. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 509-ე მუხლებით და ჩათვალა, რომ კ.აფაქიძეს სადავო აქციების გამოსყიდვა შეეძლო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან ექვსი თვის განმავლობაში, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობით არ უსარგებლია. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 51.2 მუხლის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ჭ-ძეს გადაეცა აქციათა ¹0177 სერტიფიკატი, რაც ადასტურებს მის მესაკუთრეობას კ. ა-ძისაგან შეძენილ 15 000 აქციაზე. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებაში და მიუთითა, რომ თ. ჭ-ძის სარჩელის საგანია აქციებზე მესაკუთრედ ცნობა – აღიარება და არა მოპასუხე კ. ა-ძისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების დავალდებულება. სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, ხელშეკრულების მიხედვით, კ. ა-ძემ იკისრა ვალდებულება თ. ჭ-ძის სახელზე აქციები თვითონ გადაეფორმებინა (აღერიცხა), მაგრამ თ. ჭ-ძე სარჩელით ითხოვს არა კ. ა-ძისაგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, არამედ, აქციების მესაკუთრედ აღიარებას, აქცია კი წარმოადგენს საკუთრების ობიექტს და იგი, როგორც საკუთრება, დაცულია კონსტიტუციით. ამდენად, სარჩელი ხანდაზმული არ არის. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლზე დაყრდნობით სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეს სადავო აქციათა მესაკუთრედ აღიარების ნამდვილი იურიდიული ინტერესი გააჩნია, რადგან აღნიშნულს მოჰყვება აქციათა რეესტრში მისი რეგისტრაცია. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება ინდოსამენტის გარკვეული პირობებით შესრულების შესახებ, ვინაიდან აქციების ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული დათქმა, რომ კ. ა-ძეს უფლება ჰქონდა, ექვსი თვის ვადაში გამოესყიდა აქციები თ. ჭ-ძისაგან, არის არა ინდოსამენტის პირობა, არამედ წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებას. „მეწარმეთა შესახებ კანონით არსებობს აქციათა სახისა და აქციათა კლასის ცნება, ანუ ამგვარი დაყოფა შეეხება თავად აქციას და არა მასზე გაცემულ სერტიფიკატს. სააქციო საზოგადოებას შეუძლია გასცეს მხოლოდ სახელობითი და არა საწარმომდგენლო აქციები. სახელობით აქციაზე (აქციის სერტიფიკატზე) აღინიშნება მისი მფლობელის ვინაობა, ხოლო ინდოსამენტით კი დგინდება აქციის ყოველი ახალი მფლობელის ვინაობა როგორადაც ეს მითითებულია კიდეც განსახილველ შემთხვევაში. ამდენად, სასამართლომ დაუსაბუთებლად ჩათვალა მოპასუხის მითითება, რომ გაურკვეველია სადავო სერტიფიკატი ჩვეულებრივია, თუ პრივილეგირებული და აქციათა რეესტრში ცვლილებების შეტანა არ უნდა მომხდარიყო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სს “ა-ის” დირექტორმა კ. ა-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი და სამართლებრივი შეფასებები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს “ა-ის” დირექტორმა კ. ა-იძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 923-ე მუხლით და გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ აღნიშნული ნორმით დაუშვებელია ინდოსამენტის შესრულება რაიმე პირობით. აღნიშნულის მიუხედავად, სერტიფიკატი გადაეცა თ. ჭ-ძეს. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ინდოსამენტის პირობა გამყიდველის მიერ 6 თვის ვადაში გასხვისებულ აქციათა გამოსყიდვის უფლების შესახებ. ამდენად, ინდოსამენტი შესრულდა გარკვეული პირობით, რაც, ზემოხსენებული ნორმის შესაბამისად, დაუშვებელია. სასამართლომ აღნიშნული გარემოება სათანადოდ არ შეაფასა და დაეყრდნო მხოლოდ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 51.4 მუხლს. სადავო ინდოსამენტის გარკვეული პირობით შესრულებაზე მიუთითებს ასევე სასამართლოს მსჯელობა, რომ სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა შორის აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მათი გამოსყიდვის პირობით. სასამართლოს მსჯელობა წინააღმდეგობრივია, რადგან, ერთი მხრივ, სასამართლო აქციათა გასხვისების საფუძვლად მიიჩნევს ნასყიდობის ხელშეკრულებას, ხოლო, მეორე მხრივ, სერტიფიკატს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ თ. ჭ-ძის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარება, რომელიც მხარეს კანონიერი საფუძვლით აქვს მოპოვებული. თ. ჭ-ძის სარჩელი სასამართლომ არასწორად ჩათვალა აღიარებითად, ვინაიდან იგი სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით არ ყოფილა წარდგენილი, ამ მიმართულებით მხარეს დასაბუთება არ გააჩნია და სარჩელი მიკუთვნებითი ხასიათისაა. ასევე აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს სადავო აქციებზე საკუთრების უფლება კანონიერი საფუძვლით არ მოუპოვებია. ამდენად, ხსენებულ სარჩელზე სასამართლომ ხარნდაზმულობის ვადა უკანონოდ არ გაავრცელა. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე და 248-ე მუხლები და გასცდა მხარის მოთხოვნის ფარგლებს. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-15 მუხლით და ხანდაზმულობის ვადა აეთვალა 1999 წლის 24 დეკემბრიდან, რა დროსაც თ. ჭ-ძისათვის ცნობილი გახდა, რომ მას შეეძლო წარედგინა პრეტენზია სადავო აქციებთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ა-ის” დირექტორ კ. ა-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:
უდავოა ის გარემოება, რომ თ. ჭ-ძემ 1999 წლის 24 დეკემბერს კ.აფაქიძისაგან 2400 აშშ დოლარად შეიძინა 15 000 ცალი აქცია. ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო გამოსყიდვის პირობით, ანუ მხარეთა შეთანხმებით კასატორს შეეძლო 6 თვის განმავლობაში აქციების დაბრუნება 2400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაბრუნების სანაცვლოდ. იმავე დღეს თ. ჭ-აძეს გადაეცა სერტიფიკატი ¹0177 ინდოსამენტით.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა 923-ე მუხლს, ვინაიდან აღნიშნული მუხლით დაუშვებელია ინდოსამენტის შესრულება რაიმე პირობით. Aაღნიშნული მუხლით, დოკუმენტში მოცემული უფლება შეიძლება გადაცემულ იქნეს ინდოსამენტითა და დოკუმენტის გადაცემით. ინდოსამენტი კეთდება დოკუმენტზე ან მის დანართზე. დაშვებულია ტექნიკური საშუალების გამოყენება. ინდოსამენტი არ საჭიროებს ინდოსატარის აღნიშვნას და შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ხელმოწერისაგან (ბლანკეტური ინდოსამენტი). ბლანკეტური ინდოსამენტი შეიძლება შეავსოს უფლებამოსილმა მფლობელმა თავისი ან სხვისი სახელით, გასცეს დოკუმენტი შეუვსებლად ანდა თავად მოახდინოს მისი შემდგომი ინდოსირება განსაზღვრულ პირზე.
ამდენად, დასახელებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ საორდერო ფასიანი ქაღალდიდან წარმოშობილი უფლების გადაცემისათვის აუცილებელია ორი პირობის შესრულება: ფასიან ქაღალდზე ინდოსამენტის შესრულება და ამ დოკუმენტის ახალი მფლობელისათვის გადაცემა. მითითებული ნორმით რეგულირდება რა უფლებათა გადაცემის წესი და ინდოსამენტის სახეები, რაიმე დათქმას ინდოსამენტის პირობით შესრულებაზე კანონი არ შეიცავს. ინდოსამენტი გამოიყენება საწარმდგენლო აქციების შემთხვევაში და წარმოადგენს აქციის მეორე მხარეს შესრულებულ წარწერას აქციის ახალი მფლობელის ვინაობის თაობაზე. შესაბამისად, დაუშვებელია თვითონ წარწერის შესრულება რაიმე პირობით. რაც შეეხება აქციათა გასხვისებას, მისი ყიდვა-გაყიდვა შეიძლება განხორციელდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობებით, მათ შორის, გამოსყიდვის პირობითაც და ამ მხრივ კანონი რაიმე აკრძალვას არ ითვალისწინებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სავსებით მართებულად იქნა გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ თ. ჭ-ძისათვის 1999 წლის 24 დეკემბრიდან ცნობილი იყო გარემოება სადავო აქციების, “მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად, სათანადო წესით რეესტრში რესგიტრაციის არარსებობს თაობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ 1999 წლის 24 დეკემბერს დაიდო ხელშეკრულება აქციათა გაყიდვის თაობაზე 6 თვის ვადაში გამოსყიდვის პირობით. ამდენად, თუნდაც მოთხოვნის ხანდაზმულობის გაზიარების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადა მითითებული თარიღიდან არ უნდა აითვალოს. რაც შეეხება თვით მოთხოვნის ხანდაზმულობას, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „ა-ის“ აქციონერთა რაოდენობა ხელშეკრულების დადების დროსაც და ამჟამადაც 100-ზე ნაკლებია და აქციათა რეგისტრაციას აწარმოებდა საზოგადოების შიდა რეგისტრატორი, შესაბამისად, სს „ა-ა“ არის ე.წ. დახურული (არასაჯარო) ტიპის სააქციო საზოგადოება. კასატორი საკასაციო საჩივარში ადასტურებს რა აქციების მოწინააღმდეგე მხარისათვის მიყიდვის ფაქტს, აღნიშნულით აღიარებს თ. ჭ-ძის საკუთრების უფლებას სადავო აქციებზე. შესაბამისად, მესაკუთრის უფლება, სათანადო წესით აღირიცხოს საკუთრებაზე უფლება რაიმე ვადით შეზღუდული არ არის.
სადავო ურთიერთობის წარმოშობისას მოქმედი “მეწარმეთა შესახებ” კანონის 51.4 მუხლის თანახმად, არასაჯარო (დახურული) სააქციო საზოგადოების აქციათა გასხვისება შესაძლებელი იყო აქციის სერტიფიკატზე ინდოსამენტითა და საზოგადოების რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანით, რაც დამოწმებული უნდა იყოს რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. ამასთან, საზოგადოების რეესტრში ცვლილების შეტანის ვადა კანონით განსაზღვრული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ თ. ჭ-აძის მოთხოვნა სწორად არ მიიჩნია ხანდაზმულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “ა-ის” დირექტორ კ. ა-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.