Facebook Twitter

ას-469-817-07 15 ოქტომბერი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე: როზა ნადირიანი

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ცაგერის რაიონის შპს “ .. ..” დირექციის წარმომადგენელ ნ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.

2007 წლის 22 აგვისტოს შპს “ .. ..” დირექტორმა ლ. ნ-მ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მიუთითა, რომ დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა შეუძლებელია და მოითხოვა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება და გაუგრძელა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა იმისათვის, რომ კასატორს განესაზღვრა დავის საგნის ღირებულება და წარმოედგინა შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი.

2007 წლის 22 აგვისტოს შპს “ .. ..” დირექტორმა ლ. ნ-მ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება, მაგრამ არ განსაზღვრა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება, და არ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ცაგერის რაიონის შპს “ .. ..” დირექციის წარმომადგენელ ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად, დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. განსახილველ საქმეზე კასატორი არის მოსარჩელე და მას უნდა განესაზღვრა დავის საგნის ღირებულება. ამასთან, საკასაციო პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინებით კასატორს განემარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) - შეადგენს სადავო საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა საკასაციო საჩივრისათვის კანონით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობა _ 300 ლარიც კი არ გადაიხადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემომტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ცაგერის რაიონის შპს “ .. ..” დირექციის წარმომადგენელ ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.