¹ას-469-857-06 10 აპრილი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – მ. და ნ. პ-ები (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. კ-ა (მოპასუხე)
დავის საგანი:
მ. და ნ. პ-ების სარჩელში _ სენაკის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ლ. პ-ს დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა;
ზ. კ-ს განცხადებაში _ მემკვიდრეობის ვადის აღდგენა, მამის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. პ-ა და ს. კ-ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, ისინი ცხოვრობდნენ ქ.სენაკში ... ქ. ¹ 12-ში, რომელიც წარმოადგენდა ლ.პ-ს საკუთრებას. მეუღლეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შვილი არ შეძენიათ. ლ. პ-ა გარდაიცვალა 2000 წლის 3 მარტს, ხოლო ს. კ-ა გარდაიცვალა 2002 წლის 8 მარტს. ს. კ-ს გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა პირველი ქორწინებიდან ა. კ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. კ-ს განცხადება. დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ განმცხადებელი ა. კ-ს მამას ს. კ-ს მეუღლე ლ. პ-ს გარდაცვალების მომენტიდან 2000 წლის 3 მარტიდან მიღებული აქვს მემკვიდრეობა, იგი ფლობდა და განაგებდა მეუღლის დანაშთ ქონებას 2002 წლის 8 მარტამდე _ ს. კ-ს გარდაცვალებამდე.
აწ გარდაცვლილი ლ. პ-ს დებმა მ. და ნ. პ-ებმა 2005 წლის აგვისტოში სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე ზ. კ-ს მიმართ და მოითხოვეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და აწგარდაცვლილი ლ. პ-ს დანაშთი სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეებად ცნობა. მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითეს ის გარემოება, რომ მათთვის 2005 წლის 16 ივნისს გახდა ცნობილი სენაკის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების შესახებ. რადგან მათ დას შვილი არ ყავდა ისინი, როგორც კანონისმიერი მემკვიდრეები, უნდა მიეწვიათ საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. მათი მოსაზრებით, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 315-ე მუხლის მოთხოვნა, იურიდიული ფაქტი უძრავი ქონების მემკვიდრეობასთან დაკავშირებით დაადგინა უდავო წარმოების წესით.
ზ. კ-მ 2005 წლის აგვისტოში განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მემკვიდრეობის ვადის აღდგენა და მამის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა. მან თავისი განცხადება იმით დაასაბუთა, რომ მისი მამა - აწგარდაცვლილი ს. კ-ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ. პ-სთან, რომელიც გარდაიცვალა 2000 წლის 3 მარტს. მეუღლის გარდაცვალების შემდგომ მისი მამა, როგორც ლ. პ-ს პირველი რიგის მემკვიდრე შეუდგა სამკვიდრო ქონების მართვას და ფაქტიურად მიიღო მემკვიდრეობა. ს. კ-ა გარდაიცვალა 2002 წლის 8 მარტს. მან ანდერძით თავისი საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ.სენაკში, .... ¹12-ში, უანდერძა თავის შვილიშვილს კ. კ-ს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მას აღნიშნული სამკვიდრო ქონებიდან ეკუთვნის სავალდებულო წილი. მას საპატიო მიზეზით გაშვებული აქვს კანონით დადგენილი სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა, კერძოდ, იმ მიზეზით, რომ იყო ავად და ასევე ავად ყავდა შვილი. მან ასევე მიუთითა, რომ მისი მამის სხვა მემკვიდრეები უარს აცხადებენ სამკვიდროზე მის სასარგებლოდ.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სამოქალაქო საქმე ¹2/116 ზ. კ-ს განცხადების გამო გაერთიანდა ¹2/110 სამოქალაქო საქმესთან _ მ. და ნ. პ-ების სარჩელის გამო მოპასუხე ზ. კ-ს მიმართ.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განმცხადებელ ზ. კ-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა; განმცხადებელ ზ. კ-ს მიერ, როგორც აწგარდაცვლილი ს. კ-ს პირველი რიგის მემკვიდრის, სამკვიდროს მიღების ვადის გაშვება ჩაითვალა საპატიოდ და აღდგენილ იქნა მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღების ვადა; მოსარჩელეების მ. კ-ს ასული პ-ს, ნ. კ-ს ასულ პ-ს სასარჩელო მოთხოვნა სენაკის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, საქმის საერთო სასარჩელო წესით განხილვის, აწგარდაცვლილი ლ. პ-ს დანაშთი სამკვიდრო ქონების მიკუთვნების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუშვებლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ნ. პ-ებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის განჩინებით მ. და ნ. პ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ.სენაკში, ... ქ. ¹12-ში იყო ლ.პ-ს საკუთრება. მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს. კ-ა. ლ. პ-ა გარდაიცვალა 2000 წლის 3 მარტს. მხარეები ასევე სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ლ. პ-ს მეუღლის გარდა პირველი რიგის მემკვიდრე არ დარჩენია. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1337-ე მუხლზე მითითებით ჩათვალა, რომ რადგანაც ლ. პ-ს გარდაცვალებისას ცოცხალი იყო მისი პირველი რიგის მემკვიდრე _ მეუღლე ს. კ-ა, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა სამკვიდრო ქონებას, ლ. პ-ს მეორე რიგის მემკვიდრეებს - დებს მ. და ნ. პ-ებს სამკვიდრო ქონებაზე უფლებები არ გააჩნდათ.
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილზე მითითებით ჩათვალა, რომ ზ. კ-ა, რომელიც წარმოადგენდა ს. კ-ს პირველი რიგის მემკვიდრეს, უფლებამოსილი იყო მიეღო წილი მამის დანაშთი ქონებიდან. რადგან ზ. კ-მ საპატიო მიზეზით, ავადმყოფობის გამო, გაუშვა მამის – ს. კ-ს სამკვიდროს მიღების ვადა, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1424-ე და 1426-ე მუხლების საფუძველზე მის მიერ ამ ვადის გაშვება ჩათვალა საპატიოდ.
ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მ. და ნ. პ-ებმა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, მათი გარდაცვლილი დის ლ. პ-ს სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე ქ.სენაკში ... ქ. ¹12-ში, მემკვიდრეებად ცნობა. კასატორების მითითებით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილი. მათი დის მეუღლეს ს. კ-ს არ წარმოუდგენია არც ანდერძი, არც მემკვიდრეობის მოწმობა და არც სხვა დოკუმენტი, რომლითაც თავის საკუთრების უფლებას დაადასტურებდა, არც საჯარო რეესტრში მოუხდენია მისი რეგისტრაცია. ამისათვის კი მას საპატიო მიზეზი არ ჰქონია. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა ასევე სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილი. კასატორების მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ზ. კ-ს მამა ს. კ-ა იმყოფებოდა ლ. პი-სთან რეგისტრირებულ ქორწინებაში, ლ.პ-ს გარდაცვალების შემდეგ მას ლ.პ-ს სამკვიდრო ქონება არ მიუღია, ვინაიდან არ ცხოვრობდა აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში. მან არ მიმართა ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად და შემდგომ საჯარო რეესტრში არ მოახდინა აღნიშნული საბუთის რეგისტრაცია. კასატორების მოსაზრებით, უსაფუძვლოა ზ.პ-ს განმარტება იმის თაობაზე, რომ მან ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო კანონით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელება, მას შეეძლო ეს მოქმედებები განეხორციელებინა წარმომადგენლის მეშვეობით, რადგან სამოქალაქო კოდექსის 1423-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძლება მიიღოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მან სიცოცხლეშივე უარი თქვა სამკვიდრო ქონების მიღებაზე; სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა მათ მოთხოვნაზე სენაკის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, თუმცა მათ ასეთი მოთხოვნა ჰქონდათ. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 1337-ე, 1423-ე, 1424-ე და 1426-ე მუხლები.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო პალატამ განჩინება მიიღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დარღვევით. ნ. პ-ს, როგორც აპელანტს კანონით მინიჭებული ჰქონდა უფლება პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში და დაეფიქსირებინა თავისი აზრი მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, რადგან იგი უშუალოდ შეეხებოდა მის ინტერესებს. სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნები, რაც გამოიხატა იმაში, რომ მას კანონით დადგენილი წესით არ აცნობა საქმის განხილვის დღე. სააპელაციო პალატამ არ დაადგინა მისი გამოუცხადებლობის მიზეზი, შესაბამისად, იგი განჩინებაში საერთოდ არ არის მოხსენიებული, ასევე დადგენილად მიიჩნია სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები და თვითონ არ მოახდინა მათი შეფასება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ” პუქტის თანახმად კი ზემოაღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრისა და განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. და ნ. პ-ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ. და ნ. პ-ებმა მოითხოვეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ისინი, როგორც კანონისმიერი მემკვიდრეები, უნდა მიეწვიათ საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. და მ. პ-ების სარჩელი სენაკის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, საქმის საერთო სასარჩელო წესით განხილვის, აწგარდაცვლილი ლ. პ-ს დანაშთი სამკვიდრო ქონების მიკუთვნების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუშვებლობის გამო. დადგენილია, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. და ნ. პ-ების მიერ. სააპელაციო პალატის 2006 წლის 18 მაისის სხდომაზე მ. პ-ს წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილშიც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა სენაკის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია კასატორთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა მათ მოთხოვნაზე სენაკის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რადგან სააპელაციო პალატის განჩინების სამოტივაციო ნაწილში საერთოდ არ არის მსჯელობა აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად მას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეემოწმებინა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მ. და ნ. პ-ების სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული (ს.ფ. 161-162). სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 მაისის სხდომის შესახებ შეტყობინება გაეგზავნათ მ. და ნ. პ-იებს (ს.ფ. 177), მაგრამ საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის მტკიცებულება, რომ ნ. პ-ს ჩაბარდა აღნიშნული. სააპელაციო პალატის 2006 წლის 3 მაისის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სხდომაზე გამოცხადდა მ. პ-ა, ხოლო ნ. პ-ს შესახებ საერთოდ არაფერია მითითებული, იგი არც აპელანტადაა მოხსენიებული. სააპელაციო პალატაში საქმის განხილვა გაგრძელდა 2006 წლის 18 მაისს 13.00 საათზე (ს.ფ. 179-182). სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე უშუალოდ გაფრთხილებულ იქნენ მ. პ-ა და ზ. კ-ა (ს.ფ. 183). საქმის მასალებით ირკვევა, რომ ნ. პ-ს 2006 წლის 18 მაისის სხდომის თაობაზე შეტყობინება არ გაგზავნია; იმავე სასამართლოს 2006 წლის 18 მაისის სხდომის ოქმში ნ. პ-ა, როგორც აპელანტი, არ არის მოხსენიებული, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზებზეც არ არის მითითებული (ს.ფ. 185-191). სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 18 მაისის განჩინებით კი არ დააკმაყოფილა მ. და ნ. პ-ების სააპელაციო საჩივარი (ს.ფ. 196-200). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან ნ. პ-ს, როგორც აპელანტს, კანონით დადგენილი წესით არ აცნობა სასამართლო სხდომის თაობაზე, რის გამოც მას არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო მოცემული საქმის განხილვაში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმე განიხილა ნ. პ-ს დაუსწრებლად და მას არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო პალატის განჩინება კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს, რაც ამ განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. და ნ. პ-ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.