ას-470-782-09 13 ნოემბერი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კასატორები (მოპასუხეები) _ სსიპ “გ. ჩ. ს. ქ. ხ. ი. და ძ. დ. ე. კ. ცენტრი”, არასამეწარმეო იურიდიული პირი “ს. კ. მ. ს. ცენტრი” (წარმომადგენლები: მ. დ-ე, ლ. ზ-ე, ა. ვ-ი)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ რ. შ. (წარმომადგენელი ი. ყ-ი)
თანამოპასუხეები _ ნ. ვ-ი; ი. ხ-ე; მ. ჯ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ საავტორო უფლების დარღვევით გამოწვეული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 20 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. შ-ემ (წარმომადგენლები: ა. ბ-ე, ი. ყ-ი) მოპასუხეების _ სსიპ “გ. ჩ. ს. ქ. ხ. ი. და ძ. დ. ე. კ. ცენტრის”, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, ი. ხ-ის, ნ. ვ-ისა და მ. ჯ-ას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საავტორო უფლების დარღვევით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება 1740 ევროს ეკვივალენტ ლარისა (აქედან: მიუღებელი საავტორო ჰონორარი 975 ევროს ეკვივალენტი ლარი; ადვოკატის ხარჯი 500 ევროს ეკვივალენტი ლარი და დღგ _ 265 ევროს ეკვივალენტი ლარი) და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 1500 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით.
სარჩელის საფუძვლები შემდეგში მდგომარეობს:
მოსარჩელე რ. შ. არის გერმანიის მოქალაქე, პროფესიით ფოტოგრაფი და კინემატოგრაფისტი. მას აქვს საფუძვლიანი განათლება და პროფესიული გამოცდილება ფოტოგრაფიაში, კინემატოგრაფიაში, საგამომცემლო საქმეში, მედიასთან თანამშრომლობაში, არის ფილოსოფიის დოქტორი კინემატოგრაფიაში. რ. შ-ეს ღვაწლი აღიარებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
2005 წელს მოპასუხეებმა გამოსცეს ჟურნალი სახელწოდებით “....”, რომელშიც უნებართვოდ განათავსეს მოსარჩელის ფოტოსურათი მცხეთის ჯვრის გამოსახულებით. დასახელებული ფოტოსურათი გამოყენებულია ჟურნალის ბოლო გვერდად, იგი არის გერმანულ ენაზე გამოცემულ წიგნში “....” (“ს. ც. და ე-ი”) განთავსებული ფოტოსურათის იდენტური.
მოსარჩელის მითითებით, მას არ მიუცია მოპასუხისათვის თავისი ფოტოებით სარგებლობის უფლება. მიუხედავად ამისა, ჟურნალის პირველ გვერდზე გამოსახულია სიმბოლო ©, გამომცემლის დასახელება და გამოცემის წელი, რაც “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით წარმოადგენს განსაკუთრებული საავტორო უფლების მქონე პირის დამცავ მექანიზმს. აღნიშნული სიმბოლო თანდართული მონაცემებით გულისხმობს, რომ პირი კანონიერად სარგებლობს განსაკუთრებული საავტორო უფლებებით.
მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხემ მიითვისა სადავო ფოტოსურათის ავტორობა და დაარღვია მისი ავტორობის უფლება, რადგან ჟურნალში არ მიუთითა ფოტოსურათის ავტორის ვინაობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს აქვს არაქონებრივი და ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ რ. შ-ე გერმანიის მოქალაქეა. გერმანია არის ბერნის კონვენციისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ოფიციალური დოკუმენტების ხელმომწერი ქვეყანა. შესაბამისად, მისი მოქალაქეები საქართველოში აღნიშნული საერთაშორისო შეთანხმებისა და “საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ” საქართველოს კანონის დაცვის ქვეშ იმყოფებიან. მოსარჩელემ, კერძოდ, მიუთითა “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების რეპროდუცირება, გავრცელება, გადამუშავება, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს, მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება). 58-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დამრღვევად. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებს უფლება აქვთ, დამრღვევისაგან მოითხოვონ: ა. უფლების აღიარება; ბ. უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს; გ. ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით; დ. ზიანის ანაზღაურების ნაცვლად იმ შემოსავლის ჩამორთმევა, რომელიც დამრღვევმა მიიღო მათი უფლებების დარღვევის შედეგად; ე. ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სასამართლო; ვ. მათი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების მიღება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. ზიანის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დარღვევის არსი, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებისათვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის შემოსავალი, რაც შეეძლო მიეღო ავტორს ან საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სხვა მფლობელს ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის მართლზომიერი გამოყენების შედეგად (“საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები).
მოსარჩელემ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
მოსარჩელის მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, მოპასუხეების მიერ გამოცემული ჟურნალ “ს. ს-ის” ბოლო გვერდი, რ. შ-ეს ფოტოილუსტრაცია წიგნიდან “.....” (“ს. ... და ე.”), რ. შ-ეს განცხადება, რომლითაც იგი ადასტურებს, რომ თავისი განსაკუთრებული საავტორო უფლებები ოპონენტებისათვის არ გადაუცია, საკმარის საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი _ ამ უკანასკნელის მიერ შექმნილი ფოტოსურათი უკანონოდ გამოიყენეს.
ქონებრივი ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მოსარჩელემ მიუთითა ევროპაში დადგენილი ფოტოსურათით სარგებლობის უფლების შეძენის მიზნით გადასახდელი საჰონორარო ნიხრების კრებულზე (B. ...., დანართი ¹8) და განმარტა, რომ საავტორო უფლების დარღვევისას ავტორს შეუძლია შემდგომ ფორმულაზე დაყრდნობით მოითხოვოს სამართლიანი ანაზღაურება მისთვის მიყენებული როგორც ქონებრივი, ისე მორალური ზიანისათვის: საბაზისო თანხა ფოტოსურათის ბოლო გვერდად გამოყენებისათვის, დამატებული საბაზისო თანხის 25% ჟურნალის ერთზე მეტ ენაზე გამოქვეყნებისათვის, დამატებული საბაზისო თანხის 100% ავტორის სახელის მიუთითებლობისათვის, დამატებული 100% იმ სპეციალური სიძნელეებისათვის, რაც ახლდა ამ ფოტოსურათის გადაღებას. მთლიანობაში ეს თანხა შეადგენს 975 ევროს ეკვივალენტ ლარს გადახდის მომენტისათვის (300+75+300+300).
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ადვოკატისათვის გადასახდელი თანხის ანაზღაურება და აღნიშნა, რომ მასა და მის წარმომადგენელ ფირმას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად ანაზღაურება წარმოებდა საათობრივი ანაზღაურების წესით, კლიენტისათვის დახარჯული დროის შესაბამისად, საათში 100 ევროს ოდენობით. სარჩელის აღძვრის დროისათვის ეს თანხა შეადგენდა 500 ევროს, თუმცა პროცესის დასრულებამდე, მომსახურების დროის ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, იგი გაიზრდებოდა. იმავდროულად აღნიშნულ თანხას უნდა დამატებოდა 18% დღგ _ 265 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით.
არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობასთან მიმართებით მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან საავტორო უფლების დარღვევის შედეგად ძლიერი სულიერი ტკივილი განიცადა. მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ქვეყანაში, რომელიც ასე გულწრფელად უყვარდა და რომლის კულტურის სამსახურშიც ათწლეულების განმავლობაში ამდენი უანგარო შრომა გასწია, ასე უხდიდნენ “მადლობას” ღვაწლისათვის. მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ პირდაპირი და უშუალო პროდუქტი მისი მაღალი ფოტოგრაფიული ხელოვნებისა, შედეგი იმ მაღალი პროფესიონალიზმისა, რომელიც მან თავისი 70-წლიანი ცხოვრების მანძილზე შეიძინა, იმ დროითი, ენერგეტიკული და ფინანსური დანახარჯებისა, რომლებიც მას თითქმის ნახევარი საუკუნის სოფელ-სოფელ ხეტიალის, ვინ მოსთვლის რამდენი ოფლის და გაცვეთილი ფეხსაცმლის ფასად დაუჯდა, ახლა ერთი ხელის მოსმით, მისთვის დაუკითხავად, ასე უპატივცემულოდ, ასე დამამცირებლად ვიღაცის გამდიდრებას ხმარდებოდა. არავის არასდროს საქართველოში არ გადაუხდია თუნდაც ერთი თეთრი მისი გერმანიიდან საქართველოში და უკან მგზავრობისთვის, ავტომანქანისა და მძღოლის მომსახურებისთვის, ბინისა და კვებისთვის, ან თბილი ტანისამოსისთვის, რომელიც მას ზამთარ-ზაფხულ, ყველაზე შორეულ წერტილებში სამოგზაუროდ დასჭირვებია. არავის არა აქვს უფლება, ადამიანს წაართვას ის, რაც მას თავისი ხელით, თავისი ოფლით და ნიჭით შეუქმნია, ამიტომაც ასეთ მორალურ ზიანს ადეკვატური შეფასება არ შეიძლება ჰქონდეს, თუმცა აუცილებელია, რომ იგი კონკრეტული თანხით შეფასდეს. ზემოაღნიშნული საჰონორარო ნიხრების კრებულზე დაყრდნობით მოსარჩელემ არაქონებრივი ზიანი 1 500 ევროს ოდენობით შეაფასა (ტომი I, ს.ფ.1-15).
საქალაქო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეები: სსიპ “გ. ჩ. ს. ქ. ხ. ი. და ძ. დ. კ. ე. ცენტრი”, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “კ. მ. ს. ცენტრი”, ი. ხ-ე, ნ. ვ-ი, მ. ჯ-ა (ტომი I, ს.ფ.116-124).
2007 წლის 24 დეკემბერს მოსარჩელემ იმავე სასამართლოში დაზუსტებული სასარჩელო განცხადება წარადგინა, სადაც მოითხოვა მოპასუხეთა მიერ სადავო ფოტოსურათის ჟურნალ “ს. ს-ის” ორ სხვადასხვა ნომერში გამოქვეყნებისათვის ზიანის ანაზღაურება 6 431 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით, საიდანაც ქონებრივი ზიანის სახით ასანაზღაურებელი თანხა შეადგენდა 3 431 ევროს ეკვივალენტ ლარს (აქედან: მიუღებელი საავტორო ჰონორარი 1 950 ევროს ეკვივალენტი ლარი; ადვოკატის ხარჯი 500 ევროს ეკვივალენტი ლარი), ხოლო არაქონებრივი ზიანი _ 3 000 ევროს ეკვივალენტ ლარს, 981 ევროს ეკვივალენტი ლარი კი წარმოადგენდა დღგ-ს _ 5 450 ევროს ეკვივალენტი ლარის 18%-ს (ტომი I, ს.ფ.144-159).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით რ. შ-ეს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
რ. შ-ე გერმანიის მოქალაქეა და მისი საცხოვრებელი ადგილიც გერმანიაშია. მოსარჩელის ერთ-ერთ პროფესიას ფოტოგრაფობა წარმოადგენს;
მოპასუხე სსიპ “გ. ჩ. ს. ქ. ხ. ი. და ძ. დ. კ. ე. ცენტრი” წარმოადგენს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩ-ის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უფლებამონაცვლეს;
რ. შ-ესა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩ-ის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტს შორის რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არსებობდა საქმიანი, ამავე დროს, მეგობრული დამოკიდებულება;
მოპასუხე ფიზიკური პირები _ ი. ხ-ე, ნ. ვ-ი, მ. ჯ-ა მუშაობდნენ გ. ჩ-ის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. ისინი ამჟამადაც წარმოადგენენ ამ ინსტიტუტის უფლებამონაცვლე კვლევის ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებს;
2002 წლიდან მოპასუხეები _ სსიპ “გ. ჩ. ს. ქ. ხ. ი. და ძ. დ. კ. ე. ცენტრი” (2005 წლის 12 დეკემბრამდე _ გ. ჩ. ს. ქ. ხ. ი. ინსტიტუტი) და “ს. კ. მ. ს. ცენტრი” გამოსცემენ პერიოდულ გამოცემას, ჟურნალს “ს. ს.”. ჟურნალის რედაქტორ-გამომცემლები არიან მოპასუხე ფიზიკური პირები;
ჟურნალ “ს. ს.” 2004 წლის ¹6 და 2005 წლის ¹7-8 გამოცემის გარეკანზე, კერძოდ, გარეკანის მე-4 გვერდზე (უკანა ყდაზე) განთავსებულია მცხეთის ჯვრის ტაძრის ფოტოსურათი, რომელიც ჟურნალში არ არის ანოტირებული; არ არის დასახელებული ფოტოზე გამოსახული ძეგლის სახელწოდება, მისი თარიღი, ადგილმდებარეობა; ჟურნალში (ორივე ნომერში) დასახელებულია მის გარეკანზე, კერძოდ, გარეკანის პირველ გვერდზე განთავსებულ ფოტოსურათზე გამოსახული ძეგლის (მცხეთის ჯვრის ტაძრის სამხრეთ ფასადის რელიეფი) სახელწოდება და ადგილმდებარეობა;
ჟურნალ “ს. ს.” გამომცემელთა მიერ ჟურნალის ზემომითითებული ნომრების გარეკანზე (უკანა ყდაზე) განთავსებული მცხეთის ჯვრის ფოტოსურათი აღებულია 1987 წელს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქ. .... გერმანულ ენაზე გამოცემული წიგნიდან: G..ჭ. უნდ K., V. E.A. შ. V., L. 1986 (საქართველო. ციხესიმაგრეები და ეკლესიები);
საავტორო უფლების დაცვის ნიშნის ერთ-ერთი ელემენტი, სიმბოლო _ ლათინური ასო ჩ წრეწირში _ © ანუ “კოპირაითი” გამოყენებულია როგორც გერმანულენოვან წიგნში (G.ჭ. უნდ K.), ისე _ ჟურნალ “ს. ს.”. გერმანულენოვან წიგნში სიმბოლო © დასმულია წიგნის გამომცემლის _ “ე. ა. ზეემანის გამომცემლობის” წინ; ჟურნალ “ს. ს.” სიმბოლო © გამოყენებულია ორჯერ, ჟურნალის ორივე გამომცემლის სახელების _ “გ. ჩ. ს. ქ. ხ. ი. ინსტიტუტისა” და “ს. კ. მ. ს. ცენტრის” დასახელების წინ;
ჟურნალ “ს. ს.” გამომცემლებს გერმანულენოვანი წიგნიდან მცხეთის ჯვრის ფოტოსურათის გამოყენებისას _ ჟურნალის ორი ნომრის გარეკანზე (უკანა ყდაზე) ფოტოსურათის განთავსებისას, არავისგან აუღიათ ნებართვა და არ მიუთითებიათ ფოტოგრაფის ვინაობა.
მოცემულ შემთხვევაში სადავო იყო მოპასუხეთა მიერ რ. შ. საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტი. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეებმა დაარღვიეს მისი საავტორო უფლებები, ვინაიდან მისი ნებართვის გარეშე კომერციული მიზნით გამოიყენეს საავტორო უფლების ობიექტი _ მის მიერ გადაღებული ფოტოსურათი.
საქალაქო სასამართლომ “ე. ა. ზ. გ.” მიერ გამოცემულ, ზემოთ დასახელებულ წიგნში 187-ე ნომრად განთავსებული სადავო ფოტოს დათვალიერების საფუძველზე მიიჩნია, რომ ანალოგიური ფოტოს გადაღება, მცხეთის ჯვრის მონასტრის სამხრეთ-დასავლეთის ხედის, კავკასიონის ქედით ფირზე ანალოგიურად აღბეჭდვა, იმავე მხრიდან და მანძილიდან, სიძნელეს არ წარმოადგენდა. უფრო მეტიც, აღნიშნული ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი (პროფესიონალი თუ მოყვარული) ფოტოგრაფისთვის. გერმანულენოვან გამოცემაში არსებული ფოტოდან ცხადი იყო, რომ ის გადაღებულ იქნა თბილისის მოსაზღვრე მცხეთაში მდებარე დაბლობი (და არა მიუვალი ან ძნელად მისასვლელი) ადგილიდან, სადაც მოხვედრა და ფოტოს გადაღება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის სირთულეების გარეშე იყო შესაძლებელი როგორც ამჟამად, ისე _ 22-25 წლის წინათ. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მისი შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებაზე ასევე გარკვეული გავლენა იქონია მოპასუხის მიერ წარმოდგენილმა ფოტოებმა, რომლებიც სარჩელის შეტანის შემდეგ მათ გადაიღეს მცხეთაში, ადგილობრივი საავტომობილო გზიდან 2-3 მეტრის დაშორებით.
საქალაქო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად საქართველოში მოქმედი საავტორო სამართლის ნორმების საფუძველზე დაასკვნა, რომ მოსარჩელის, როგორც ავტორის, უფლებების დასაცავად აუცილებელი იყო: ა. რ. შ. ყოფილიყო საავტორო სამართალურთიერთობის (საავტორო უფლების) სუბიექტი _ ავტორი; ბ. არსებულიყო რ. შ-ეს საავტორო უფლება; გ. გერმანულენოვან წიგნში განთავსებული ფოტოსურათი (¹187) ყოფილიყო “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონით გათვალისწინებული საავტორო უფლების ობიექტი _ მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოები; დ. ადგილი ჰქონოდა მოპასუხეთა მიერ “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონით გათვალისწინებული მოსარჩელის საავტორო უფლებების დარღვევას. დასახელებული საკითხების ურთიერთმიმართების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ უწინარესად გასარკვევად მიიჩნია საკითხი იმის შესახებ, რ. შ-ეს ფოტოსურათი (¹187) იყო თუ არა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოები.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის “ა” ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის “ი” ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ ტერმინში “ავტორი” იგულისხმება ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შეიქმნა ნაწარმოები; ნაწარმოები არის ავტორის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი და შემქმნელობითი საქმიანობის შედეგი (და არა სხვა ტიპის შემოქმედების შედეგი); საავტორო უფლების ობიექტებია მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა; მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებს (სხვა ნაწარმოებებთან ერთად) მიეკუთვნება ფოტოგრაფიული ნაწარმოები ან ფოტოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით შექმნილი ნაწარმოები. “ბერნის კონვენციის” მე-2(1) მუხლი დასაცავ ნაწარმოებებს _ ლიტერატურულ და მხატვრულ ნაწარმოებებს მიაკუთვნებს ფოტოგრაფიულ ნაწარმოებებსაც.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ფოტონაწარმოები ფოტოგრაფიული შემოქმედების შედეგია, რომელიც, ამავე დროს, განსხვავდება ფოტოგრაფიული შემოქმედების სხვა შედეგებისგან. ფოტოგრაფიული შემოქმედების შედეგი გამოისახება ფოტოსურათის სახით, ვინაიდან ფოტოშემოქმედება ხორციელდება ტექნიკური მოწყობილობით _ ფოტოაპარატით, ფოტოსურათი ყოველთვის არ არის შემქმნელობითი ინტელექტუალური შემოქმედების შედეგი: ერთია, როდესაც ფოტოაპარატის მეშვეობით აისახება ბუნებაში დანახული სურათი იმ სახით, რა სახითაც ის არსებობს და სხვაა, როდესაც ფოტოსურათი წარმოადგენს ისეთ ხელოვნების ნაწარმოებს, რომელშიც კომპოზიცია და შერჩეული ობიექტის გადასაღებად მოხელთების გზა ორიგინალურია, ე.ი. როდესაც ნებისმიერი ფოტოგრაფი (მათ შორის მოყვარული) ეწევა შემოქმედებას: ის თვითონ ქმნის გონებაში წარმოსახულ სურათს, იდეას უქვემდებარებს სიუჟეტს, რასაც ბუნებრივი ან მხატვრული ელემენტებისაგან შემდგარი კომპოზიციური ერთობით, შუქ-ჩრდილის და ფერების გამოყენებით აღწევს, რის შემდეგაც ფოტოაპარატის მეშვეობით ობიექტურად გამოხატავს საკუთარი ინტელექტუალური შემოქმედების შედეგს.
ზემოაღნიშნულისაგან განსხვავებით, ფოტოგრაფი ფოტოხელოსანია და არა ფოტოხელოვანი, როდესაც მისი მიზანია დააფიქსიროს, აღბეჭდოს ლიტერატურული ნაწარმოები (მაგალითად, ძველი ხელნაწერი), მხატვრული ნაწარმოები (მაგალითად, ფერწერული ტილო, არქიტექტურული ძეგლი და ა.შ.). ამ დროს ფოტოგრაფს სურს ძეგლის მკაფიოდ, მაღალხარისხოვნად წარმოჩენა, ე.ი. არსებულის ასლის _ ფოტოდოკუმენტის დამზადება. ასეთი ფოტოსურათი (ფოტოდოკუმენტი) მოკლებულია საავტორო-შემოქმედებით ორიგინალობას, რადგან რეალურად არსებული ნაწარმოების ფოტოფიქსაციაა.
განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. შ-ეს მიერ გადაღებული ფოტოსურათი წარმოადგენდა ფოტოდოკუმენტს, რეალურად არსებული მხატვრული ნაწარმოების, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლის _ მცხეთის ჯვრის ტაძრის ფოტოფიქსაციას, რომელიც მოკლებული იყო საავტორო-შემოქმედებით ორიგინალობას. აღნიშნული ფოტოსურათი არ შეიძლებოდა აღიარებულიყო საავტორო უფლებებით დასაცავ ფოტონაწარმოებად: ამ ფოტოსურათის გადაღებისას ადგილი არ ჰქონია მოსარჩელის ინტელექტუალურ-შემოქმედებით წვას. მოსარჩელის მიზნიდან გამომდინარე, მის წინაშე არც იდგა ამის საჭიროება, მეტიც, როგორც წესი, არსებული ობიექტის მხოლოდ ანაბეჭდის _ ასლის მიღების მიზანი გამორიცხავდა ფოტოსურათის საავტორო-შემოქმედებით ორიგინალობას.
მოცემულ შემთხვევაში დგინდებოდა, რომ ფოტოგადაღების მიზანი იყო ქ. .... გამოსაცემ, ქართველი ავტორების წიგნში დასახელებულ ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგლთაგან ერთ-ერთის _ მცხეთის ჯვრის ტაძრის დოკუმენტური სიზუსტით გადაღება გამომცემლობის წინაშე აღებული ვალდებულების შესაბამისად. რ. შ-ემ მიზნის შესაბამისად მოახდინა ამ ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლის ასლის გადაღება, მისი ფოტოფიქსაცია, არსებული ობიექტის ფოტოანაბეჭდის დამზადება.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, სამეცნიერო პუბლიკაციების საილუსტრაციო ფოტოების მიზანია მეცნიერისათვის საინტერესო მასალის ასახვა, რის გამოც ამ ფოტოებს, თავისთავად, მნიშვნელობა არ გააჩნია. მოსარჩელე ვერ მიუთითებდა, რა იყო მისი ფოტოსურათის “სიახლე”, რაში გამოიხატებოდა ამ ფოტოგადაღების მიმართ მისი ინტელექტუალური შემოქმედებითი მიდგომა, მისი საქმიანობის შედეგის _ ფოტოსურათის ინდივიდუალობა, ორიგინალობა.
სადავო საკითხზე მსჯელობისას საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია რ. მეფისაშვილისა და ვ. ც-ის წიგნის და მასში არსებული ფოტოსურათების შესახებ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ დ. ხ-ას მოსაზრებას, რომ რ. შ-ეს ფოტოსურათები არ შეიცავს არაფერს ისეთ განსაკუთრებულ ნიშნებს, რომლებითაც შეიძლებოდა მათი მიჩნევა ფოტოხელოვნების ორიგინალურ ნაწარმოებად.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ პოზიციის გასამყარებლად მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე ბალანი მოლდოვას წინააღმდეგ (B. ვ.M.. ¹19247/03; 29.01.2008). საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ საქმეში სადავო იყო არა ბალანის საავტორო უფლება ფოტოზე (რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფონად), არამედ _ ფოტოს გამოყენებისათვის კომპენსაციის მიღების შემდგომი პერიოდისათვის მისი ფოტოს უკანონო გამოყენებისათვის ფინანსური დანაკარგის ანაზღაურება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული სასამართლოს აქტში უშუალოდ ფოტოსურათზე (რომელზეც აღბეჭდილია მოლდოვას ცნობილი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი) არ არის მსჯელობა, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან ცხადი ხდება მისი ინდივიდუალობა და ორიგინალობა. ბალანის მიზანი არ იყო ძეგლის ასლის ფოტოდოკუმენტის დამზადება, რაც გამორიცხავს ინტელექტუალურ-შემოქმედებით მიდგომას. ამ სურათის “სიახლემ”, გასხვავებულობამ განაპირობა მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტის _ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფონად სწორედ მისი გამოყენება.
ზემოაღნიშნული არგუმენტების საფუძველზე საქალაქო სასამართლომ რ. შ-ეს სადავო ფოტო (¹187) არ მიიჩნია დაცვად ნაწარმოებად. შესაბამისად, რ. შ. არ იქნა მიჩნეული საერთაშორისო თუ ეროვნულ საავტორო სამართალში გათვალისწინებულ ავტორად _ საავტორო უფლების (საავტორო სამართალურთიერთობის) სუბიექტად. მიჩნეულ იქნა, რომ ასევე არ არსებობდა რ. შ-ეს საავტორო უფლება. რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში რ. შ-ეს მიერ არ შექმნილა მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების დაცვადი ნაწარმოები, აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ წარმოშობილა მისი საავტორო უფლებაც. საავტორო უფლების არარსებობის პირობებში, ბუნებრივია, არც მისი ხელყოფა (დარღვევა) იყო შესაძლებელი (ტომი I, ს.ფ. 359-373).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. შ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 388-399).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. შ-ეს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება მოპასუხეების _ სსიპ “გ. ჩ-ის ს. ქ. ხ. ი. და ძ. დ. ე. კ. ცენტრისა” და “ს. კ. მ. ს. ცენტრის” მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: რ. შ-ეს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სსიპ “გ. ჩ. ს. ქ. ხ. ი. და ძ. დ. ე. კ. ცენტრს” და “ს. კ. მ. ს. ცენტრს” დაეკისრათ რ. შ.ეს სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 600 ევროს ეკვივალენტი ლარისა და მორალური ზიანის ანაზღაურება 500 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით; სსიპ “გ. ჩ. ს. ქ. ხ. ი. და ძ. დ. ე. კ. ცენტრს” და “ს. კ. მ. ს. ცენტრს” რ. შ-ეს სასარგებლოდ დაეკისრათ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 44 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
რ. შ-ე გერმანიის მოქალაქეა და მისი საცხოვრებელი ადგილი გერმანიაშია. მოსარჩელის ერთ-ერთ პროფესიას ფოტოგრაფობა წარმოადგენს;
2002 წლიდან მოპასუხეები _ სსიპ “გ. ჩ. ს. ქ. ხ. ი. და ძ. დ. კ. ე. ცენტრი” (2005 წლის 12 დეკემბრამდე _ გ. ჩ. ს. ქ. ხ. ი. ინსტიტუტი) და “ს. კ. მ. ს. ცენტრი” გამოსცემენ პერიოდულ გამოცემას _ ჟურნალს “ს. ს.”;
ჟურნალ “ს. ს.” 2004 წლის ¹6 და 2005 წლის ¹7-8 გამოცემის გარეკანზე (უკანა ყდაზე) განთავსებულია მცხეთის ჯვრის ტაძრის ფოტოსურათი;
ჟურნალ “ს. ს.” გამომცემელთა მიერ ჟურნალის მითითებული ნომრების გარეკანზე (უკანა ყდაზე) განთავსებული მცხეთის ჯვრის ტაძრის ფოტოსურათი აღებულ იქნა 1987 წელს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქ. .... გერმანულ ენაზე გამოცემული წიგნიდან: G..ჭ. უნდ K.., V. E.A. შ. V., L. 1986 (საქართველო. ციხესიმაგრეები და ეკლესიები);
ჟურნალ “ს. ს.” გამომცემლებს გერმანულენოვანი წიგნიდან მცხეთის ჯვრის ფოტოსურათის გამოყენებისას არავისგან აუღიათ ნებართვა და არ მიუთითებიათ ფოტოგრაფის ვინაობა. მოსარჩელე რ. შ-ე აცხადებს, რომ ამ ქმედებით მოპასუხეებმა დაარღვიეს მისი საავტორო უფლება და ითხოვს მისი საავტორო უფლების დარღვევით გამოწვეული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას;
ქ. .... გამოცემულ წიგნში ფოტოები ეკუთვნის მოსარჩელე რ. შ-ეს. წიგნის თავფურცელზე (კონტრსატიტულო გვერდზე) აღნიშვნა _ “ფოტოები რ. შ-ესი” (სხვა თარგმანით _ გამოსახულებანი, ასახულობანი რ. შ-ი), სასამართლოს მიუთითებს წიგნში არსებული ფოტოების რ. შ-ეს მიერ გადაღებაზე. განსხვავებული თარგმანის _ “გამოსახულებანი რ. შ-ესი” _ გაზიარების შემთხვევაშიც, ტერმინი “გამოსახულებები” მოიცავს ფოტოებსაც;
მოპასუხე სსიპ “გ. ჩ. ს. ქ. ხ. ი. და ძ. დ. კ. ე. ცენტრი” წარმოადგენს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩ-ის ს. ქ. ხ. ი. ი. უფლებამონაცვლეს;
წიგნში არსებული ფოტოები რ. შ-ეს მიერ გადაღებულ იქნა სპეციალურად რ. მ-ისა და ვ. ც-ის გერმანულენოვანი წიგნისთვის, მასში დასახელებული და დახასიათებული, სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი ქართული ისტორიული (არქიტექტორული) ძეგლების _ ეკლესია-მონასტრების, ციხესიმაგრეების, მკითხველისათვის თვალსაჩინოების მიზნით, წიგნში არსებული მეცნიერულ-შემეცნებითი მასალის ილუსტრირებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო ფოტოსურათის რ. შ-ეს მიერ გადაღებას დამატებით ადასტურებდა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სსიპ “გ. ჩ. ს. ქ. ხ. ი. და ძ. დ. ე. ცენტრის” წარმომადგენლის განმარტება, რომ, როდესაც რ. შ-ე საქართველოში ჩამოვიდა, თავად გადასცეს მას ჟურნალი, სადაც მისი ფოტოა, რადგან ეგონათ, გაუხარდებოდა, მან კი სარჩელით მიმართა სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის გადასაწყვეტად უნდა დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა რ. შ-ეს მიერ გადაღებული სადავო ფოტოსურათი დაცვად ნაწარმოებს. მხარეები თანახმა არიან, დავა გადაწყდეს ქართული სამართლის საფუძველზე. ამასთან, ლიტერატურულ და მხატვრულ ნაწარმოებთა დაცვის შესახებ ბერნის კონვენციის მონაწილეა როგორც საქართველო, ისე _ გერმანია. ქვეყნები, სადაც გამოიყენება ეს კონვენცია, ქმნიან კავშირს ავტორთა უფლებების დაცვის მიზნით ლიტერატურულ და მხატვრულ ნაწარმოებებზე (მუხ.1). შესაბამისად, ფოტოგრაფიული ნაწარმოები, რომელიც ბერნის კონვენციის 2(1) მუხლის თანახმად დაცვადი ნაწარმოებია, 2(6) მუხლით სარგებლობს დაცვის უფლებით კავშირის ყველა ქვეყანაში. 3(1(ა)) მუხლით, დაცვის უფლება გამოიყენება ავტორთა მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ კავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეებს, როგორც გამოქვეყნებული, ისე _ გამოუქვეყნებელი ნაწარმოების მიმართ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ურთიერთობა _ მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის საავტორო უფლებების დარღვევა, რაც გამოიხატა რ. შ-ეს ნებართვის გარეშე მის მიერ გადაღებული ფოტოს გამოყენებაში, წარმოიშვა 2004-2005 წლებში, როდესაც ჟურნალ “ს. ს-ის” 2004 წლის ¹6 და 2005 წლის ¹7-8 გამოცემის გარეკანზე დაიბეჭდა მცხეთის ჯვრის ტაძრის ფოტოსურათი, რის გამოც სასამართლოს დავის გადასაწყვეტად უნდა გამოეყენებინა დასახელებულ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ რ. შ-ეს მიერ გადაღებული ფოტოსურათი ფოტოდოკუმენტია, რეალურად არსებული ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლის ფოტოფიქსაციაა, რომელიც მოკლებულია საავტორო შემოქმედებით ორიგინალობას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. შ-ეს გადაღებული ფოტო წარმოადგენს დაცვად ნაწარმოებს, რადგან არ აქვს მნიშვნელობა მის დანიშნულებას (სამეცნიერო ნაშრომის ილუსტრირებისათვის მოხდა მისი გადაღება თუ სხვა მიზნით), ავკარგიანობას, ჟანრს, მოცულობას. სადავო ფოტო რ. შ-ეს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგია და გამოხატულია ობიექტური ფორმით: ფოტოსურათი საგანგებოდაა შექმნილი მასზე ასახული ობიექტის _ მცხეთის ჯვრის ტაძრის ასახვისათვის, შერჩეულია ფოტოს გადასაღები ადგილი, ხედი. თუნდაც ერთი და იგივე ობიექტის ფოტოგადაღებისას სხვადასხვა პირის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ხედვის შედეგად იქმნება დამოუკიდებელი და დაცვადი ნაწარმოებები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ფოტოსურათის დაცვად ნაწარმოებად მიჩნევაზე გავლენას ვერ იქონიებდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ იმ ადგილას მოხვედრა, საიდანაც სადავო ფოტოსურათია გადაღებული, სირთულეების გარეშეა შესაძლებელი დღეს და შესაძლებელი იყო წლების წინათაც.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 59-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, საავტორო უფლებების მფლობელებს უფლება აქვთ, დამრღვევისგან მოითხოვონ: ა. უფლების აღიარება; ბ. უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს; გ. ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით; დ. ზიანის ანაზღაურების ნაცვლად იმ შემოსავლის ჩამორთმევა, რომელიც დამრღვევმა მიიღო მათი უფლებების დარღვევის შედეგად; ე. ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სასამართლო; ვ. მათი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების მიღება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის საფუძველზე, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
“საავტორო და მომიჯავე უფლებების შესახებ” კანონის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტით ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის არსი, უფლების მფლობელისათვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელიც შეეძლო მიეღო უფლების მფლობელს ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის მართლზომიერად გამოყენების შედეგად.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეების _ სსიპ “გ. ჩ. ს. ქ. ხ. ი. და ძ. დ. ე. კ. ცენტრისა” და “კ. მ. ს. ცენტრისათვის” მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად დასაკისრებელი თანხის ოდენობა 600 ევროს, ხოლო მორალური ზიანის თანხა _ 500 ევროს ეკვივალენტი ლარით განსაზღვრა, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:
ფოტო გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ წლების წინ, კერძოდ, 1987 წელს. მოსარჩელის მსჯელობა ევროპაში დამკვიდრებული ზიანის ანაზღაურების ნიხრების თაობაზე საფუძვლად ვერ დაედებოდა სარჩელში მოთხოვნილი ოდენობით ზიანის დაკისრებას, რადგან საქართველოში ასეთი ნიხრები დაწესებული არ იყო. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქართველოში, მისი სოციალურ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, სარჩელში მითითებული თანხა არაგონივრულად მიიჩნია.
გარდა ამისა, დადგენილი იყო, რომ პერიოდული გამოცემა _ ჟურნალი “ს. ს.” არაკომერციულ სამეცნიერო გამოცემას წარმოადგენდა, მისი ტირაჟი შეადგენდა მხოლოდ 3 000 ცალს. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, ჟურნალის არაკომერციულობა თავისთავად არ გამორიცხავდა მასში ფოტონაწარმოების გამოყენებისას ავტორისათვის შესაბამისი გასამრჯელოს ანაზღაურებას, მაგრამ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანი იყო მისი მხედველობაში მიღება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მთლიანობაში მოპასუხეებს რ. შ-ეს სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდათ 1 110 ევროს ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.
რაც შეეხებოდა სასარჩელო მოთხოვნას ასანაზღაურებელი თანხის 18%-ის ოდენობით დღგ-ის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ამის საფუძველი. საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლით დღგ წარმოადგენდა არაპირდაპირ გადასახადს, რომელიც დგინდება მიწოდებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას.
საქმეზე დგინდებოდა, რომ მოპასუხე ფიზიკური პირები _ ი. ხ-ე, ნ. ვ-ი და მ. ჯ-ა მუშაობდნენ გ. ჩ. ს. ქ. ხ. ი. ინსტიტუტში. ამასთან, დასახელებული პირები წარმოადგენენ ამ ინსტიტუტის უფლებამონაცვლე სსიპ “გ. ჩ.ს ს. ქ. ხ. ი. და ძ. დ. ე. კ. ცენტრის” მეცნიერ-თანამშრომლებს. ჟურნალის გამომცემელი იყო გ. ჩ. ს. ქ. ხ. ი. ინსტიტუტი და ს. კ. მ. ს. ცენტრი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჟურნალის გამოცემულ ნომრებთან დაკავშირებით წარმოშობილი სადავო საკითხების მოწესრიგებისას მესამე პირებთან ურთიერთობაში სათანადო მხარეს წარმოადგენდნენ მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციები (ან მათი უფლებამონაცვლეები) და არა მათი, ამა თუ იმ უფლებამოსილებით აღჭურვილი რომელიმე თანამშრომელი (მოცემულ შემთხვევაში მოპასუხედ ჩართული რომელიმე ფიზიკური პირი).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ. შ. სარჩელი მოპასუხეების _ ნ. ვ-ის, ი. ხ-ა და მ. ჯ-ას მიმართ, უცვლელად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი II, ს.ფ. 97-113).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ “გ. ჩ. ს. ქ. ხ. ი. და ძ. დ. ე. კ. ცენტრმა” და არასამეწარმეო იურიდიულმა პირმა “ს. კ. მ. ს. ცენტრმა”, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება რ. შ-ეს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლო იძლევა არასწორ სამართლებრივ შეფასებას, როდესაც პროფესორებს _ ვ. ც-ესა და რ. მ-ს მოიხსენიებს მხოლოდ წიგნის ტექსტის ავტორებად, ხოლო წიგნში მოყვანილი ტექსტის ფოტოილუსტრაციების ავტორად წარმოგვიდგენს რ. შ-ეს. კასატორის მოსაზრებით, სამართლებრივად ეს არასწორია, რამდენადაც “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად ისტორიული ძეგლების შესახებ და შესაბამისად, ისტორიული ფაქტების და მოვლენების შესახებ წიგნში ასახულ თხრობაზე ცალკე, განყენებულად საავტორო უფლება არ ვრცელდება. სინამდვილეში სწორედ პროფესორები ვ. ც-ე და რ. მ-ი გახლავთ მთლიანობაში გერმანულენოვანი წიგნის ავტორები და თუ წიგნის გამოყენება მოხდა ან მოხდება ვინმეს მიერ, რ. შ-ეს ამაზე პრეტენზია არ შეიძლება ჰქონდეს. რაც შეეხება წიგნის კონტრ-ტიტულზე არსებულ წარწერას _ “ა. რ. შ.”, ეს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის თანახმად არ ნიშნავს საავტორო უფლებით დაცვადი ნაწარმოების ქმნადობას და, ამდენად, რ. შ-ეს ავტორად აღიარებას.P
კასატორთა განმარტებით, ზეემანის გამომცემლობის სამსახურებრივი დაკვეთით რ. შ-ეს მიერ გადაღებული მცხეთის ჯვრის ტაძრის სადავო ფოტოგამოსახულება თავისი ფაქტობრივი და სამართლებრივი სუბსტანციით არის ისტორიულ-დოკუმენტური ფოტოილუსტრაცია და ხელოვანის (მათ შორის ფოტოხელოვანის) მხატვრული გონით, შემოქმედებით და კონცეფციით შექმნილ მხატვრულ ნაწარმოებთან არაფერი აქვს საერთო. რ. შ-ემ მოახდინა მხოლოდ საუკუნეების მანძილზე არსებული მონასტრის ფოტოფიქსაცია, თანაც პროფესორ ვ. ც-ის მითითებით, რომელსაც ეკუთვნოდა მთელი წიგნის კონცეფცია და ჩანაფიქრი.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სამართლებრივად საავტორო უფლებით დაცვადი ნაწარმოების უმთავრესი თვისება მისი ორიგინალობაა, ანუ იგი უნდა იყოს დამოუკიდებელი მხატვრული შემოქმედების, კონცეფციისა და ინტელექტუალური მოღვაწეობის შედეგი. საავტორო უფლებით დაცვადი ნაწარმოები ფასდება მხატვრული ჩანაფიქრის ხორცშესხმის ხარისხითა და ღირებულებით და არა მაღალხარისხიანი ფოტოაპარატით გადაღებული გამოსახულებით. მაღალხარისხოვან დოკუმენტურ ფოტოს, რასაკვირველია, აქვს ღირებულება, როგორც ნაწარმს, პროდუქციას, მაგრამ არა როგორც საავტორო უფლებით დაცვად მხატვრულ ნაწარმოებს. იგი ფასდება საბაზრო ღირებულებით და არა საავტორო ჰონორარით.
კასატორთა მითითებით, საქართველოს გამომცემლობები, რაც საყოველთაოდ ცნობილია, ამგვარ ფოტოებს იძენენ დაახლოებით 10 ევროდან 50 ევრომდე ღირებულებით თითოს. გამომცემლობის მიერ რ. შ-ვის დოკუმენტური ფოტოსურათების (ფოტოილუსტრაციების) გადაღების დავალება იმით იყო განპირობებული, რომ გერმანულენოვან წიგნში მოცემული სამეცნიერო ინფორმაცია საქართველოს ეკლესიებისა და ციხე-სიმაგრეების შესახებ გერმანულენოვანი მკითხველისათვის არ ყოფილიყო გაუგებარი, მკითხველს წარმოდგენა შექმნოდა, თუ რა ობიექტების (ტაძრებისა და ციხეების) შესახებ იყო წიგნში საუბარი. შესაბამისად, ზეემანის გამომცემლობას რ. შ-ვის არ დაუვალებია ფოტოგრაფიული საშუალებით საავტორო უფლებით დაცვადი, ორიგინალური ნიშნით გამორჩეული მხატვრული გამოსახულების (ნაწარმოების) შექმნა. აქედან გამომდინარე, მისი მსჯელობა ავტორობისა და საავტორო ჰონორარის ანაზღაურების თაობაზე გაუგებარია.
კასატორებისათვის ასევე გაურკვეველია, თუ რატომ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ სადავო ფოტო ორიგინალური ნიშნით გამორჩეულ დაცვად ნაწარმოებად, მაშინ როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნით ანალოგიური ფოტოსურათის გადაღება იმავე ხედიდან და იმავე მანძილიდან თვით მოყვარული ფოტოგრაფისთვისაც არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ ჟურნალი “ს. ს.” არაკომერციული გამოცემაა, რომელიც რიგდება უსასყიდლოდ. ჟურნალი არსებობს შემოწირულობების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მსჯელობა იმის შესახებ, რომ რ. შ-ეს ამ გამოცემით რაიმე ზიანი მიადგა, საფუძველს მოკლებულია.
კასატორები არასწორად მიიჩნევენ სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო ფოტოს მხატვრულ ნაწარმოებად შეფასებას. “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი შეეხება ნაწარმოებებს, რომლებიც შექმნილია ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად. კასატორი დაწესებულებები და მათი თანამშრომლები ათეული წლებია იკვლევენ საქართველოს ხელოვნების ისტორიის საკითხებს. მათ კოლეგიალურად გადასცეს რ. შ-ეს ჟურნალის ის ეგზემპლარი, სადაც სადავო ფოტო იყო დაბეჭდილი. ეს მათ არ დაუმალავთ, რადგან მიაჩნდათ, რომ მათი უხუცესი კოლეგების, პროფესორების _ რ. მ-ისა და ვ. ც-ის წიგნი მათივე ინსტიტუტის (ამჟამად ცენტრის) პროდუქციას წარმოადგენს. კასატორთა აზრით, რ. შ-ეს არ შეუქმნია კანონით დაცვადი ორიგინალური გამოსახულება, აღნიშნული ფოტო გადაღებულია საავტომობილო გზიდან ყოველგვარი შემოქმედების გარეშე, ფოტოგრაფის ჩვეულებრივი შრომის შედეგად. მეცნიერულად შრომა განმარტებულია, როგორც ადამიანის მიზანშეწონილი საქმიანობა, მიზანშეწონილობას სჭირდება გარკვეული დონის ინტელექტი, მაგრამ ყოველგვარი შრომის შედეგად არ იქმნება საავტორო უფლებებით დაცვადი, მით უფრო, მხატვრული ნაწარმოები. ფოტოატელიეში მომუშავე ფოტოგრაფი, რომელიც პირადობის დამადასტურებელ ფოტოსურათს იღებს, არჩევს ფონს, განათებას და თვით პიროვნების ჩაცმულობასაც, მაგრამ მისი ფოტოსურათი არის მხოლოდ დოკუმენტური ფოტო. მასზე არ ვრცელდება საავტორო უფლება, განსხვავებით ფოტოხელოვანის მიერ გარკვეული იდეის საფუძველზე შექმნილი ფოტოპორტრეტისგან, რომელიც, მართალია, იმავე საშუალებითაა შექმნილი, მაგრამ მხატვრული ნაწარმოებია.
კასატორები დასკვნის სახით მიუთითებენ, რომ რ. შ-ეს მიერ გადაღებული სადავო ფოტო ყოველგვარი მხატვრული იდეისა და ხერხების გამოყენების გარეშე გადაღებული ფოტოსურათია. შესაბამისად, მის ავკარგიანობას, ჟანრს, მოცულობას, გამოხატვის ფორმასა და საშუალებას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს და იგი საავტორო უფლებით დაცვად ნაწარმოებად ვერ მიიჩნევა. სადავო ფოტოსურათის განთავსება არაკომერციული სამეცნიერო ჟურნალის _ “ს. ს-ის” უკანა ყდაზე არ არღვევს არავის უფლებებს და ასახავს საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში მიღებული ფოტოილუსტრაციების განთავსების პრაქტიკას ჟურნალის ყდაზე განმარტებითი წარწერის გარეშე (ტომი II, ს.ფ.141-151).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებს:
რ. შ-ე გერმანიის მოქალაქეა და მისი საცხოვრებელი ადგილი გერმანიაშია. მოსარჩელის ერთ-ერთ პროფესიას ფოტოგრაფობა წარმოადგენს;
მოპასუხეები _ სსიპ “გ. ჩ. ს. ქ. ხ. ი. და ძ. დ. კ. ე. ცენტრი” (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩ. ს. ქ. ხ. ი. ინსტიტუტის უფლებამონაცვლე) და არასამეწარმეო იურიდიული პირი “ს. კ. მ. ს. ცენტრი” გამოსცემენ პერიოდულ გამოცემას, ჟურნალს _ “ს. ს.”;
ჟურნალ “ს. ს.” 2004 წლის ¹6 და 2005 წლის ¹7-8 გამოცემის გარეკანზე (უკანა ყდაზე) განთავსებულია მცხეთის ჯვრის ტაძრის ფოტოსურათი;
აღნიშნული ფოტოსურათი აღებულია 1987 წელს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქ. .... გერმანულ ენაზე გამოცემული, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომლების, პროფესორების _ რ. მ-ისა და ვ. ც-ის წიგნიდან: G..ჭ. უნდ K. (საქართველო. ციხესიმაგრეები და ეკლესიები);
აღნიშნულ წიგნში განთავსებული მცხეთის ჯვრის ტაძრის ფოტოსურათი გადაღებულია მოსარჩელე რ. შ-ეს მიერ, რასაც ადასტურებს წიგნის თავფურცელზე აღნიშვნა: “გამოსახულებანი რ. შ-ესი”;
ჟურნალ “ს. ს-ის” გამომცემლებს გერმანულენოვანი წიგნიდან მცხეთის ჯვრის ტაძრის ფოტოსურათის გამოყენებისას არავისგან აუღიათ ნებართვა და არ მიუთითებიათ ფოტოგრაფის ვინაობა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე დაცვას ითხოვს, როგორც წიგნში _ G..ჭ. უნდ K. (საქართველო. ციხესიმაგრეები და ეკლესიები) განთავსებული ნაწარმოების _ მცხეთის ჯვრის ფოტოს ავტორი. იგი მიიჩნევს, რომ მის მიერ გადაღებული ფოტოსურათის უნებართვოდ გამოყენებით მოპასუხეებმა დაარღვიეს მისი საავტორო უფლება და ითხოვს ამ უფლების დარღვევით გამოწვეული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია სადავო ფოტოსურათის რ. შ-ეს მიერ გადაღების გაქარწყლების შესახებ. ქ. .... გამოცემულ წიგნში აღნიშვნა: “გამოსახულებანი რ. შ-ესი”, ადასტურებს, რომ სადავო ფოტო სწორედ რ. შ-ეს მიერაა გადაღებული, რისი საწინააღმდეგო მტკიცებულებაც კასატორების მიერ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რაზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ გამოსაყენებელი კანონმდებლობის შესახებ. რამდენადაც სადავო ურთიერთობა _ რ. შ-ეს ნებართვის გარეშე მის მიერ გადაღებული ფოტოს გამოყენება, რასაც რ. შ-ე თავისი საავტორო უფლებების დარღვევას უკავშირებს, წარმოიშვა 2004-2005 წლებში, როდესაც ჟურნალ “ს. ს.” 2004 წლის ¹6 და 2005 წლის ¹7-8 გამოცემის გარეკანზე დაიბეჭდა მცხეთის ჯვრის ტაძრის ფოტოსურათი, სააპელაციო სასამართლომ დავის გადასაწყვეტად მართებულად გამოიყენა დასახელებულ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, სადაც დაცვად ნაწარმოებად სადავო ფოტოსურათის მიჩნევისათვის ავტორის მიერ ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის გაწევის აუცილებლობაა მხედველობაში მიღებული. მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულყოფილად არ არის დასაბუთებული ამავე ნაწილში, სადაც სააპელაციო სასამართლო ადგენს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ფოტოსურათი განეკუთვნება “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონით განსაზღვრულ, ავტორის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შექმნილ დაცვად ნაწარმოებს.
“საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი საავტორო უფლების ობიექტად მიიჩნევს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებს. ასეთ ნაწარმოებს, თავის მხრივ, აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის “ი” ქვეპუნქტით განეკუთვნება ფოტოგრაფიული ნაწარმოებიც. ამასთან, კანონი ყველა ფოტოსურათს არ განიხილავს საავტორო უფლების ობიექტად და არ უქვემდებარებს სამართლებრივ დაცვას. ამასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომ მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების ნაწარმოები, რომელზეც ვრცელდება საავტორო უფლება, უნდა იყოს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი _ ნაწარმოები. აღნიშნულზე მიუთითებს კანონის მე-3 მუხლის “ა” ქვეპუნქტიც, რომლის თანახმად, კანონის მოქმედების სფერო ვრცელდება მხოლოდ ნაწარმოებებზე და არა ნებისმიერ ქმნილებაზე. იგივეს მიუთითებს კანონის მე-4 მუხლის “ა” ქვეპუნქტში მოცემული ავტორის ცნებაც, რომლის თანახმად, ავტორად მიიჩნევა პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შეიქმნა ნაწარმოები. ამდენად, ქართული კანონმდებლობა შეიცავს მოწესრიგებას, რომლის თანახმად, საავტორო სამართლით დაცვადია არა ნებისმიერი ფოტოგრაფია, არამედ _ მხოლოდ ინტელექტუალურ-შემოქმედებითი შრომის შედეგად შექმნილი ფოტონაწარმოები.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სადავო ფოტოსურათის ფოტონაწარმოებად მიჩნევა დაასაბუთა შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით: არა აქვს მნიშვნელობა ფოტოსურათის დანიშნულებას (სამეცნიერო ნაშრომის ილუსტრირებისათვის მოხდა მისი გადაღება თუ სხვა მიზნით), ავკარგიანობას, ჟანრს, მოცულობას; იგი გამოხატულია ობიექტური ფორმით: ფოტოსურათი საგანგებოდაა შექმნილი მასზე ასახული ობიექტის _ მცხეთის ჯვრის ტაძრის ასახვისთვის, შერჩეულია ფოტოს გადასაღები ადგილი, ხედი; თუნდაც ერთი და იგივე ობიექტის ფოტოგადაღებისას სხვადასხვა პირის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ხედვის შედეგად იქმნება დამოუკიდებელი და დაცვადი ნაწარმოებები, შესაბამისად, ის, რომ იმ ადგილას მოხვედრა, საიდანაც სადავო ფოტოსურათია გადაღებული, სირთულეების გარეშეა შესაძლებელი, ვერ იქონიებს გავლენას მითითებული ფოტოსურათის დაცვად ნაწარმოებად მიჩნევაზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება არ არის საკმარისი დასკვნისათვის, რომ რ. შ-ეს მიერ შექმნილია საავტორო სამართლით დაცვადი ფოტონაწარმოები. სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა და დაასაბუთა, რაში გამოიხატება ამ შემთხვევაში მოცემული კონკრეტული ფოტოსურათის, როგორც ნაწარმოების, შემოქმედებითი ორიგინალობა, რაც ნაწარმოებზე საავტორო უფლების დაცვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს, რაზეც სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, ფაქტობრივად, შესაძლებელია აკმაყოფილებდეს ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლის ამსახველი ნებისმიერი ფოტოსურათი, რომელიც არაა შემოქმედებითი ფოტონაწარმოები: ფოტოსურათის შექმნა საგანგებოდ, ამა თუ იმ კონკრეტული ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლის ასახვისთვის, ხედის შერჩევით, ამა თუ იმ მიზნით.
საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, წარმოადგენს თუ არა სადავო ფოტოსურათი ფოტოგრაფიულ ნაწარმოებს. სადავო არაა, რომ რ. შ-ეს მიერ გადაღებული ფოტოსურათი წარმოადგენს მაღალი ხარისხის და მხატვრული შთაბეჭდილების მატარებელ ფოტოს, მაგრამ ამ შემთხვევაში არის თუ არა სახეზე საავტორო-სამართლებრივი ორიგინალობის შემცველი ნაწარმოები კადრირების, კომპოზიციის, სიუჟეტის, შუქ-ჩრდილთა, ფერთა შეხამების, ინტელექტუალური ჩანაფიქრის, გადმოცემის ფორმის, გამოსახვის სხვა მნიშვნელოვანი ელემენტების და ფოტოგრაფიული შემოქმედების სხვა სპეციფიკური თავისებურებების თვალსაზრისით, რაც საჭიროებს ფოტოხელოვნების სპეციფიკური საკითხების ცოდნას, აღნიშნული საკითხის გასარკვევად და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მოცემული კონკრეტული შემთხვევის თავისებურების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს სჭირდება ფოტოხელოვნებათმცოდნეთა მოსაზრებების მოსმენა ამ საკითხზე. ამისათვის სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს შესაბამისი მეცნიერ-სპეციალისტები ან საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ექსპერტიზა მეცნიერ-სპეციალისტთა მონაწილეობით.
ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების მსჯელობას, რომ, რამდენადაც სადავო ფოტოსურათის გადაღება განპირობებული იყო მიზნობრივად, გერმანულენოვანი წიგნის გამოსაცემად, აღნიშნული გარემოება ასევე წარმოადგენს მისი ფოტონაწარმოებად მიჩნევის გამომრიცხავს. ამა თუ იმ მიზნობრიობით ფოტოსურათის გადაღება არ ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში არ შეიძლება გადაღებულ იქნეს ნამდვილი ფოტოგრაფიული შემოქმედების ნიმუში.
საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია რ. შ-ეს მიერ განცდილი ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში.
“საავტორო და მომიჯავე უფლებების შესახებ” კანონის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის არსი, უფლების მფლობელისათვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელიც შეეძლო მიეღო უფლების მფლობელს ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის მართლზომიერად გამოყენების შედეგად.
მოსარჩელე დაზუსტებულ სარჩელში მატერიალური ზიანის სახით ითხოვდა 1950 ევროს ეკვივალენტ ლარს მიუღებელი საავტორო ჰონორარისთვის, ხოლო არაქონებრივი ზიანის სახით _ 3000 ევროს ეკვივალენტ ლარს (ტ.1, ს.ფ.144-159), რაც სააპელაციო სასამართლომ შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია და მათ ნაცვლად მატერიალური ზიანი განსაზღვრა 600 ევროს, ხოლო არაქონებრივი ზიანი _ 500 ევროს ეკვივალენტი ლარით. მატერიალურ ზიანთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ, მართალია, დაადგინა, რომ ჟურნალი “ს. ს.” არაკომერციული გამოცემაა, რისი გათვალისწინებითაც შეამცირა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა, მაგრამ, რადგანაც მოსარჩელე მის მიერ განცდილ ქონებრივ ზიანს უკავშირებდა საავტორო ჰონორარის მიუღებლობას, სასამართლომ ამასთან დაკავშირებით არ გამოარკვია, თუ რა ოდენობით ჰონორარია დადგენილი ჟურნალ “ს. ს.” ავტორთათვის, კერძოდ, რამდენს შეადგენს ჟურნალის გარეკანზე ფოტოსურათის გამოქვეყნებისათვის შესაბამისი ჰონორარი და შეადგენს თუ არა იგი 600 ევროს (ორჯერ გამოქვეყნების გათვალისწინებით).
რაც შეეხება არაქონებრივ ზიანს, მოსარჩელე აღნიშნულს უკავშირებდა მის მიერ განცდილ სულიერ ტკივილს, რაც ინსტიტუტის მიერ, რომელთანაც მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა, უნებართვოდ ფოტოს გამოქვეყნებამ გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა მოსარჩელის მიერ განცდილი სულიერი ტკივილისა და მოპასუხეთა ბრალის ხარისხი არსებულ დარღვევაში. სასამართლომ არ გაითვალისწინა სადავო ურთიერთობის ის თავისებურება, რომ ფოტოსურათი გამოქვეყნდა ყოფილი ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის პერიოდულ გამოცემაში. სააპელაციო სასამართლომ ამ მიმართებით არ გამოიკვლია მოპასუხეთა მიერ მითითებული გარემოებები, რომ სწორედ ამ ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ არის შექმნილი ქ. .... გამოცემული წიგნი, ინსტიტუტის მასალების გამოყენების საფუძველზე და რომ მთელი ამ დროის მანძილზე აღნიშნული წიგნი, ფაქტობრივად, ინსტიტუტის პროდუქციად აღიქმებოდა, ამიტომაც განთავსდა წიგნიდან აღებული ფოტოსურათი ინსტიტუტის პერიოდულ გამოცემაში, ასევე, რომ ინსტიტუტსა და რ. შ-ეს შორის ათეული წლებია არსებობდა მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება, რაც სცილდებოდა წმინდა საქმიანი ურთიერთობის ფარგლებს და რომ ამ შემთხვევაში ანგარიში უნდა გაეწიოს ზნეობრივ ნორმებსაც, რაც არის საქართველოში.
საქმის ხელახალი განხილვისას, თუკი სააპელაციო სასამართლო დაადგენს რ. შ-ეს საავტორო უფლებების დარღვევას, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ზემოაღნიშნული გარემოებები და მისცეს მათ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის გონივრული და სამართლიანი ოდენობის განსასაზღვრად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ. შ-ეს სარჩელი მოპასუხეების _ ნ. ვ-ის, ი. ხ-ისა და მ. ჯ-ას მიმართ, რამდენადაც აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.